LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი, ვინ შეუკვეთა, პასუხი ჯერ კიდევ არ არის გაცემული, პირადი მოტივი არ არსებობდა…“ – ადვოკატი

256
ლევან ჯანგველაძე, ადვოკატი

„ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ იყო შეკვეთილი მკვლელობა. პასუხი კითხვაზე, თუ ვინ შეუკვეთა, ჯერ კიდევ არ არის გაცემული – უძილაურს თავისით არ მიუღია გადაწყვეტილება. არანაირი პირადი მოტივი არ არსებობდა, ურთიერთობაც კი არ ჰქონიათ, არანაირი გადაკვეთა“ , – ამის შესახებ ვაკეში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, უძილაური ვიღაცისგან იღებდა ინფორმაციას ლევან ჯანგველაძის გადაადგილების შესახებ:

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ის, თუ ვინ შეუკვეთა აღნიშნული მკვლელობა. საქმეში საკმაოდ ბევრი მტკიცებულებაა, რაც ადასტურებს იმას, თუ ვინ განახორციელა დანაშაული, დადგენილი არ არის ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც შეუკვეთა მკვლელობა. 14 მარტს, უძილაურმა ვაზისუბანი დატოვა და საბურთალოს ტერიტორიაზე წავიდა ტაქსით. როდესაც საბურთალოს ტერიტორიაზე მივიდნენ, უნივერსიტეტის ქუჩაზე, უცებ სთხოვა ტაქსის მძღოლს სასაფლაოებთან წასვლა, რადგან ქვის საამქროში ჰქონდა საქმე. მას საქმე არ ჰქონდა, ის ვერეს ხეობაში ჩავიდა და სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი აიღო, ასევე დატოვა გარკვეული ნივთები და შემდეგ ფეხით გადავიდა ვაკეში.

მანამ სანამ, ჯანგველაძე გამოჩნდებოდა ჭავჭავაძის ქუჩაზე, 2 საათით ადრე უძილაური უკვე იქ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის გარდაცვლილს და დაზარალებულს არ მიჰყვებოდა, ვიღაცისგან იღებდა ინფორმაციას, თუ როდის უნდა ჩამოფრენილიყო თბილისში, როდის უნდა ყოფილიყო აეროპორტში, როდის უნდა მისულიყო ჭავჭაძეზე. ის იღებდა ინფორმაციებს და მზად იყო ყველა ამ ნაბიჯზე. დაახლოებით 2 საათი შემდეგ ჯანგველაძე გამოჩნდა ჭავჭავაძის ქუჩაზე, მეგობრის პანაშვიდზე მიდიოდა. აღნიშნული ჩამოსვლა იყო გასაიდუმლოებული, უძილაურს არ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია და ვიღაცამ მიაწოდა. ჭავჭავაძეზე, პირველი პირი, ვისაც გამოელაპარაკა უძილაურია, სავარაუდოდ, რაღაცას ეკითხებოდა.

როდესაც გაშორდა მას, უძილაური აკეთებდა საეჭვო მოქმედებას, ცდილობდა იარაღის ამოღებას, უცებ გადაიფიქრა, ჩანს რომ ვიღაცასთან იყო კომუნიკაციაში, “ემესიჯებოდა”. ჯანგველაძე 40 წუთი იმყოფებოდა პანაშვიდზე, გამოსვლისას უკნიდან მიეპარა და განახორციელა 14 გასროლა ჯანგველაძის მისამართით, ამ დროს დაიჭრა მისი მძღოლიც. ამის შემდეგ, ტაქსით წავიდა ვაზისუბანში. ვიღაცაც გამოიძახა ტაქსი კონკრეტულ ადგილზე ვაზისუბანში, ეს გამოძახება გააუქმა და ტაქსისთან გამოჩნდა უძილაური, რომელიც ითხოვდა ქარელში საქმეზე წაყვანას.

მას გადაწყვეტილი ჰქონდა ქარელში წასვლა, თუმცა უცებ, მოულოდნელად ვიღაცასთან კომუნიკაციის შემდეგ ყინწვისში წასვლა გადაწყვიტა. ჩვენ არ ვიცით, ვისთან ჰქონდა იქ ურთიერთობა, ვინ წაიყვანა თბილისში, როგორ აღმოჩნდა იქ, სადაც დააკავეს. არის თუ არა ეს მკვლელობა შეკვეთილი?- ჩვენი პოზიციაა, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა. უძილაურს თავისით არ მიუღია ეს გადაწყვეტილება. არანაირი პირადი მოტივი არ არსებობდა, კონფლიქტი არ ჰქონიათ, ურთიერთობაც კი არ ჰქონიათ, არანაირი გადაკვეთა. შეუძლებელია, მაშინ როდესაც გადაკვეთა არ ჰქონიათ, პირადი მოტივით ჩაედინა ეს დანაშაული“, – აღნიშნა ადვოკატმა მედიაცენტრ „მთავარში“.

magti 5g