საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთს სომხეთში გატარებული ტრანზიტის სანაცვლოდ, ფულად ანაზღაურებაზე არ დათანხმდეს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალადაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნატურით გადახდა საქართველოსთვის ხელსაყრელია, ვინაიდან ფულადი ანაზღაურების შემთხვევაში, საქართველოს ამ ფულით ისევ გაზის ყიდვა მოუწევს, რაც საბოლოო ჯამში ამავე მოცულობის გაზის შესაძენად საკმარისი არ იქნება.
ამასთან, ლევან კალანდაძის განმარტებით, საქართველოს ”გაზპრომისა” და ”სოკარის” გარდა სხვა ალეტრნატივა არ აქვს, ხოლო აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების მასშტაბის გაზრდა ”სოკარის” მხრიდან რიგი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებას და დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას უკავშირდება.
კალანდაძის განცხადებით, ეს სამუშაოები შემჭიდროებულ ვადებშიც რომ განხორციელდეს, დარჩენილი დღიურად 1,5 მლნ კუბური მეტის შევსება საქართველოს ისევ ”გაზპრომიდან” მოუწევს.
”არ მიდის არანაირი საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანული გაზი ჩანაცვლდეს რუსულით. საზოგადოების გარკვეულ წრეებში არსებული შიში უსაფუძვლო და გადაჭარბებულია. საკითხი არის ტექნიკური ხასიათის, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება მხოლოდ დღიურად 2,4 მლნ კუბური მეტის დეფიციტის შევსება” – აღნიშნა ლევან კალანდაძემ.