LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, საზოგადოებაში ეჭვი და უნდობლობა გამოიწვიოს – ბაგა ბაღების მართვის სააგენტო

ბაგა ბაღები

თბილისის საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტო დედაქალაქის საკრებულოს წევრის, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის მიერ თბილისის საბავშვო ბაგა ბაღებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებსა და ქმედებებს ეხმაურება.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნეს, ხაბეიშვილის განცხადება კანონის ფარგლებს სცდება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომელიც ამავდროულად, საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრია და შესაბამისად, აქვს სრული მანდატი და უფლებამოსილება ოფიციალურად, მისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების კონტროლი, სრულიად დესტრუქციული ქმედებებით იჭრება საბავშვო ბაგა ბაღების სამუშაო პროცესში, იწვევს პანიკას პერსონალში და აფერხებს დაწესებულების მშვიდ, ნორმალურ გარემოში მართვას.

24 იანვარს, ლევან ხაბეიშვილი N144 ბაგა ბაღის შენობაში შეიჭრა და სამზარეულო ბლოკისა და პროდუქტის საწყობების დათვალიერება მოინდომა, რისი უფლებაც ბაგა ბაღის ადმინისტრაციამ არ მისცა და აიძულა, შენობა დაეტოვებინა.

ნათელია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, ბაგა ბაღების თემატიკით საზოგადოებაში, რომლის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ბაგა ბაღების აღსაზრდელების მშობლები არიან, ეჭვი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვებასთან დაკავშირებით უნდობლობა გამოიწვიოს.

კიდევ ერთხელ გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში, როგორც კვების, ისე ჰიგიენის, ჯანმრთელობის კონტროლისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები პერმანენტულ მონიტორინგს ექვემდებარება და ამ პროცესში, სააგენტოს ყოველდღიური კონტროლის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროა ჩართული.

ამასთან, კომპანიას, რომელიც ბაღების კვებით უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი, აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ლაბორატორიული კვლევების დასკვნები, შესაბამისი სერტიფიკატები და ყველა ის დოკუმენტი წარმოადგინოს, რითაც საკვების ვარგისიანობა და უსაფრთხოება დასტურდება.

მოვუწოდებთ ლევან ხაბეიშვილს, ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული მანდატით და თბილისის საბავშვო ბაგა ბაღების კანონზომიერი მუშაობის კონტროლი მისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს,“ – აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

magti 5g