აშშ-ს საელჩო საქართველოში არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, საელჩო „უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში“ .
“მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება თქმა, რომ აშშ-ს საელჩო საქართველოში არა თუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს – უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ დიფ სთეითის ქართველ აგენტებს!
მეტიც, საელჩო თავის განცხადებებში, მიუხედავად უმრავლესობის ლიდერის მწვავე კრიტიკისა, არც კი გაემიჯნა ასეთ მოქმედებებს!”, – წერს ლევან მაჭავარიანი “ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებებს სრულიად მცდარი უწოდა.