„ვინმემ კი არ დააკავა, ფაქტობრივად, თავი დააჭერინა, შეგნებულად წავიდა ამ ქმედებაზე – შეიძლება ისიც უნდა, რომ თავიდან აირიდოს შემდეგი კვირების არეულობა და პენიტენციური დაწესებულების ოთახში იყოს გამოკეტილი, რომ შემდეგ პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი ვარაუდით, შესაძლოა, ბანერის დაზიანება მისი მხრიდან პასუხისმგებლობიდან გაქცევა იყოს.
„[ელენე ხოშტარია] ვინმემ კი არ დააკავა, ფაქტობრივად, თავი დააჭერინა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ მისი მხრიდან ეს გამიზნული დარღვევა იყო. შეგნებულად წავიდა ამ ქმედებაზე. შეიძლება ისიც უნდა, რომ თავიდან აირიდოს შემდეგი კვირების არეულობა და პენიტენციური დაწესებულების ოთახში იყოს გამოკეტილი, რომ შემდეგ პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს. შეიძლება ეს მისი მხრიდან პასუხისმგებლობიდან გაქცევაც იყოს, არ ვიცი. ასეა თუ ისეა, თავად ჩაიდინა ქმედება და თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა”,- განაცხადა მახაშვილმა.
„დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – შსს ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
უწყების ცნობით, საქმე ეხება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერები დაზიანების ფაქტს.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ ელენე ხოშტარია გირაოს შეფარდების შემთხვევაში მას არ გადაიხდის, იქნება თუ არა „კომფორტის ზონა” ციხე მისთვის, მახაშვილმა უპასუხა, რომ კი, რადგან ველზე მყოფი პოლიტიკოსებისთვის დაანონსებული აქცია დიდი პასუხისმგებლობაა.
„რა თქმა უნდა, რადგან ველზე რომელი პოლიტიკოსებიც იმყოფებიან, მათთვის ეს პასუხისმგებლობაა. რადიკალური ძალები მათ შეჰყურებენ, ეძებენ ლიდერს, რომელიც ამ პროცესს წარუძღვება. შესაძლოა, ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყოს ეს პროცესი. თუმცა შევხედოთ რას იზამს – გადაიხდის თუ არა[გირაოს]. მისი წინარე შეფასებებიდან გამომდინარე, ჩემი მოლოდინია, რომ არ გადაიხდის, შეიძლება ვცდები კიდეც. თუკი ვინმეს არ უნდა გამოცადოს სახელმწიფოს პასუხი, ნუ ჩაიდენს დანაშაულს. საუკეთესო გამოსავალი არა სახელმწიფოს, არამედ მათ ხელშია – არ ჩაიდინონ დანაშაული და სახელმწიფოც არ იქნება იძულებული, რომ საპასუხო რეაქცია განახორციელოს”, – განმარტა ლევან მახაშვილმა.
ამასთან, მახაშვილმა უპასუხა ელენე ხოშტარიასა და ნიდერლანდების ელჩის შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას და აღნიშნა, რომ მელინე არაკელიანმა იცოდა, რომ ელენე ხოშტარიამ დანაშაული ჩაიდინა და საზოგადოებას უნდა განუმარტოს რა იყო ამ შეხვედრის მიზანი – „წახალისება, გვერდში დგომა, მხარდაჭერის დაპირება თუ სხვა“.
„ქალბატონ ელჩს ეს შეხვედრა არ დაუდასტურებია, მაგრამ საინტერესოა, გააკეთოს განცხადება. რა თქმა უნდა, მას აქვს შესაძლებლობა, შეხვდეს ვისაც უნდა, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია დრო – წინა დღეს ელენე ხოშტარიამ პირდაპირ ჩაიდინა დანაშაული, როცა საარჩევნო ბანერები დააზიანა და დააზიანა საარჩევნო პროცესი. ამის შემდგომ ქალბატონი ელჩი, არაკელიანი, ხვდება ამ ადამიანს და ღმერთმა უწყისს რაზე საუბრობენ. მან კარგად იცოდა, რომ ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა დანაშაული და საინტერესოა, საზოგადოებას განუმარტოს რა იყო ამ სავარაუდო შეხვედრის მიზანი – წახალისება, გვერდში დგომა, მხარდაჭერის დაპირება თუ რა.
ასევე, გასაგებია, რომ ჰოლანდიაში მთავრობა არ არის, მაგრამ საინტერესოა რა რეაგირება ექნებოდა ჰოლანდიის ხელისუფლებას თუ იქ საქართველოს ელჩი პირდაპირ იქნებოდა ჰოლანდიაში რადიკალური დღის წესრიგის წამხალისებელი. თვითონ ელჩმა გააკეთოს განცხადება, რა რეაგირება ექნებოდა ჰოლანდიის უსაფრთხოების სამსახურებს, როცა უცხო ქვეყნის ელჩი მსგავს პროცესებშია შემჩნეული. სანამ ბრტყელ განცხადებებს გააკეთებენ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. საზოგადოებას აუხსნან, იგივე რომ მათ ქვეყანაში მოხდეს, რა რეაგირება ექნებათ სახელმწიფო ინსტიტუტებს”, – აღნიშნა მახაშვილმა.