დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
ლევან მგალობლიშვილი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც პაციენტს და ოჯახის ახლობლებს შეხვდა.
მისი ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ოჯახს ფინანსურად სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.
„უმძიმესი ტრაგედია მოხდა საბერიოში. ძნელია ამ ვითარებაში გამონახო სიტყვები, რომლითაც შეიძლება ანუგეშო ოჯახი, რომელსაც ეს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს.
დღეს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ბავშვების ბებია მოვინახულე. მისი ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გაცილებით რთულია სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მძიმე დროს, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ ჭოლარიების ოჯახს და შევუმსუბუქოთ ეს ტკივილი. აფხაზეთის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოვყოფთ ფინანსურ დახმარებას, რომელიც ოჯახის სოციალური რეაბილიტაციის და სხვა საჭიროებებისთვის იქნება აუცილებელი“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.