იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მას არ მოსწონს მოსამართლე ლევან მურუსიძის მუდმივ მოსამართლედ გამწესება. ამასთან , წულუკიანი ანიშნავს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ის არ ერევა იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებაში.
“რაც შეეხება ბატონი ლევან მურუსიძის გუშინ გამუდმივებას, მან სრულიად სწორად ბრძანა, რომ არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და მითუმეტეს არც ახლა მომწონს მისი გამუდმივება, თუ ვინმე სუბიექტურ აზრს მეკითხება” — აღნიშნა წულუკიანმა.
მოსამართლე ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გაამწესა. მის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება. მათ შორისაა, სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის, გიორგი მიქიაშვილისა და ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმეები. სტრასბურგის სასამართლომ ყველა ამ საქმეში სახელმწიფო გაამტყუნა და ქართული სასამართლო გააკრიტიკა.