პირველად ხდება, როდესაც მსახიობების, ინტელექტუალური ელიტის ამ ნაწილის, ყველაზე სუსტი რგოლის იმიტომ, რომ ყველაზე მოწყვლადი იყო ეს ხალხი, მსახიობების ხმა ისმის ყველაზე ხმამაღლა დღეს – ეს არის ძალიან საამაყო ჩემთვის! – ამის შესახებ რეჟისორმა ლევან წულაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი იმართება.
„თუ ცოტას წინ გაიხედავს ადამიანი და სისტემაც 2 კვირით ან მეტით იქით, მაშინ, მგონი, ეს მათთვის წამგებიანია. შეუძლებელია ყველაზე შესანიშნავი ადამიანების დაპატიმრება უმიზეზოდ, ყოველ შემთხვევაში, გაუგებარი მიზნით, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი დასაპატიმრებელი ქუჩაშია, არ ვიცი, როგორ გითხრათ…
პირველად ხდება, როდესაც [მსახიობებმა] ინტელექტუალური ელიტის ამ ნაწილის, ყველაზე სუსტი რგოლის იმიტომ, რომ ყველაზე მოწყვლადი იყო ეს ხალხი, მსახიობების ხმა ისმის ყველაზე ხმამაღლა დღეს. ეს არის ძალიან საამაყო ჩემთვის. იმედი მაქვს, ამის შემდეგ კიდევ აღმოჩნდებიან სხვა, საამაყო ადამიანები, ეს ხომ არ დამთავრდება?! თუ მსახიობმა ამოიღო ხმა, მაშინ მალე სხვებიც ამოიღებენ ხმას.
ანდრო ჭიჭინაძის დაკავება აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ანდრო ჩემი სტუდენტი იყო, მისი შვილი ჩემი შვილიშვილის მეგობარია, სამი წლის არიან, მაგრამ მეგობრობენ. ასე რომ, წარმოუდგენელი ამბავია, ახლაც არ მჯერა, რომ მისთვის ვდგავარ აქ. ძალიან კომიკურ პოზაში ვართ, მაგრამ იმედია, რომ ფინალში არ იქნება კომედია, კარგი რამე იქნება ბოლოს“, – განაცხადა ლევან წულაძემ.