LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან წულაძემ და მანანა კოზაკოვამ პლეხანოვი ოქროყანაზე გაცვალეს – როგორია წყვილის სახლი ქალაქგარეთ (ფოტოები)

49335
mananachola

რეჟისორისა და მსახიობის წყვილი თვეზე მეტია, ოქროყანაში ცხოვრობს. სახლში, რომელიც მთლიანად საკუთარი გემოვნებით მოაწყვეს, სადაც შესული ძალიან კომფორტულ გარემოში აღმოჩნდებით და ვერც იფიქრებთ, რომ ლევან წულაძემ და მანანა კოზაკოვამ იქ ახალსახლობა მარტში აღნიშნეს.

რეჟისორი ძველი ნივთების მოყვარულია და მათ განსაკუთრებით უფრთხილდება, თუმცა ახალ სახლში ადგილი ვერ მოუძებნეს 1800-იან წლებში მისი დიდი ბაბუის მიერ ნაყიდ როიალს, რომელიც ბოლოს თეატრისკენ გზას გაუყენეს და ახლა ჭოლას მეორე საცხოვრებელ სივრცეს ამშვენებს, იმ ადგილს, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებს…

სახლი მანანამ ჩემი პიროვნების დათრგუნვის ხარჯზე მოაწყოო, შემოგვჩივლა, თუმცა საუბრისას, სანამ რეპეტიციაზე არ გაგვექცეოდა, გამოირკვა, რომ ბევრი რამ ერთად გადაწყვიტეს…

ჩვენს ინტერვიუს ესწრებოდა სახლის კიდევ ერთი ბინადარი, რომელმაც თავიდან ჩვენი მისვლა გააპროტესტა და გვიყეფდა, თუმცა შემდეგ შეგვეჩვია და ყველა ფოტოში გამოჩენას ცდილობდა…

ვისი წვლილი უფროა სახლის გალამაზებაში?

ლევანი:

მანანასი. ძალიან დიდი რუდუნებით მიუდგა ამ საკითხს, არც ველოდი ამას, ოღონდ ეს იყო ჩემი პიროვნების დათრგუნვის ხარჯზე. ვჩხუბობდით ნებისმიერ ფერზე. მანანა იმარჯვებდა.

თუმცა სპექტაკლებში რაც გამოგიყენებიათ, იგივე ავეჯი იყიდეთ შემდეგ სახლისთვის.

რაღაც ნაწილი კი, მაგრამ ესეც მანანასთან შეთანხმებით.

მანანა:

ხუმრობს, რადგან ეს სახლი ორივემ გავაკეთეთ. ამ პროცესში, ცხადია, კამათობ კიდეც, მაგრამ კამათში იბადება ჭეშმარიტება. უნდა ითქვას, რომ სახლის დაგეგმარება საკუთარ თავზე ლევანმა აიღო.

ლევანი:

ნახაზებში ვერ ერკვევა და აქ გადავრჩით…

მანანა:

სინამდვილეში საოცრად ამაღელვებელი პროცესია. ღამე ფიქრობ, მერე მსგავს ინტერიერს ეძებ ინტერნეტში, შემდეგ მაღაზიაში და ეს უნდა მოერგოს მატერიალურ შესაძლებლობასაც. ის ნივთი, რომელსაც ამ ფიქრის შედეგად ყიდულობ, ასე ვთქვათ, ნატანჯია. ის უბრალოდ, ნივთი კი არ არის, – მაგალითად, ბრა, რომელიც აქ გვიკიდია, იტალიურ მაღაზიაში ვნახე და შემდეგ თავად ავაწყობინე. ამ ყველაფერში თავად რომ ხარ ჩართული, სხვანაირად აღიქვამ, უფრო გიყვარს. როცა აჰყავთ დიზაინერი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ როცა თავად აკეთებ, ძალიან აზარტული საქმეა. მცირე ხანს, როცა ლევანს არ ჰქონდა რეპეტიციები, თავადაც ჩართული იყო სახლის მოწყობაში, რადგან ესეც შექმნას უკავშირდება, როგორც სპექტაკლი.

ამ სახლში სულ ერთი თვეა, გადმოხვედით, თუმცა როცა შიგნით შემოდიხარ, გგონია, რომ აქ დიდი ხანია, ოჯახი ცხოვრობს…

სხვათა შორის, ამას ხშირად გვეუბნებიან, ალბათ იმიტომ, რომ ეს სახლი ჰგავს ჩვენს ძველ, პლეხანოვის სახლს. ის იერი შეუნარჩუნა ლევანმა. ამის გათვალისწინებით ვაკეთებდით რემონტს.

ლევანი:

სამწუხაროდ, ამ ამბავს ერთი ნივთი „შეეწირა“. როიალი, რომელიც ბებიაჩემის მამამ 1890 წელს იყიდა. თეატრს ვაჩუქეთ და ჩემთან ერთად იქ დაბერდება. ამ სახლში ვერ დავატიეთ. მე მაინც ჯიუტად მინდოდა, რომ აქ მდგარიყო, მაგრამ მანანამ ახალ წელს ძვირად ღირებული ელექტრონული პიანინო მაჩუქა და მითხრა, თუკი დაკვრა გინდა, ამაზე დაუკარიო.

მანანა:

ჩვენი საღამოები ძალიან რომანტიკულია, როცა ამ პიანინოს მიუჯდება ხოლმე. ორნი ვართ, თინათინმა დაგვტოვა, გათხოვდა. ნუ, ჩვენი ძაღლი ელიკოც ჩვენთან ერთად არის და ასე ვატარებთ საღამოებს.

თქვენს სახლში თანამედროვე და კლასიკური სტილი ერთმანეთს შეერწყა. თავიდანვე ასე გქონდათ გადაწყვეტილი? მაგალითად. ეს ჭაღი, ხისა და რკინის კონსტრუქცია, რომელიც დიდ ოთახში გიკიდიათ, ვისი იდეით გაკეთდა?

ლევანის იდეით. ეს ჭაღი გვქონდა პლეხანოვზეც, მაგრამ მხოლოდ მავთულებზე ეკიდა და არ იყო საინტერესო. შემდეგ თავად მოიფიქრა ასეთი გადაწყვეტა.

ყველაზე ძვირფასი ამ სახლში თქვენთვის რა ნივთებია?

ლევანი:

მაგალითად, სამი სკამი, რომელიც სამზარეულოში გვიდგას და ძალიან ძველია. ზოგადად, „ძველისტი“ და სენტიმენტალური ადამიანი ვარ. მიყვარს ნივთები და მათ დიდხანს ვერ ვშორდები, მათ შორის, ტანსაცმელსაც. მგონია, რომ როდისმე კიდევ გამომადგება და არ მიყვარს გადაყრა.

მანანა:

მე პირიქით, ადვილად ვემშვიდობები ნივთებს.

ეს ლამაზი ჭადრაკი, რამდენადაც ვიცი, საჩუქარია…

ლევანი:

მე მაჩუქეს საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა, რომლებიც თეატრში მუშაობდნენ. პრემიერაზე მომიტანეს საჩუქრად, საკმაოდ ძვირი ღირდა, ვიცოდი. გავიკვირვე და მითხრეს, ჩვენ ეს გვიღირს, ჩვენმა დამქირავებლებმა იცოდნენ, როგორი კარგი თეატრი და რეჟისორები გვყავს, არ იციან ჩვენი სამშობლოს კულტურის შესახებ და ამაში თქვენ დაგვეხმარეთ ძალიანო. იმ წელს ჩვენმა სპექტაკლმა გაიმარჯვა საბერძნეთში და იქა წარვადგენდით. ჩემთვის ეს საჩუქარი ძალიან ძვირფასია.

თქვენს საძინებელში ვნახეთ საინტერესო ქალური სილუეტი, ულამაზესი ქუდით, ასევე შირმა, რომელიც გუგა კოტეტიშვილმა შექმნა.

მანანა:

შორიდან დავიწყებ მოყოლას. როცა გადაწყდა, რომ საძინებელი მუქი ფერის უნდა ყოფილიყო, ყველა გვეუბნებოდა, ეს არ შეიძლება, საძინებელში ღია ტონები უნდა იყოსო. ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ მუქი ყოფილიყო. ჩამუქებული ფერები დაღლილობისას კარგად მამშვიდებს და მასვენებს. ისედაც ადრე ვიღვიძებთ, ცოტა გვძინავს და არ მინდოდა ტონუსში ყოფნა. ლევანისგან განსხვავებით, ბრჭყვიალა ნივთები მიყვარს და ვთხოვე, დამითმე, რომ ბუდუარი მაინც იყოს ცოტა ბრჭყვიალა-მეთქი. მიპასუხა, შენში ებრაულმა გენმა იყივლა და ყველაფერი გინდა, ბრწყინავდესო (იღიმის). მისგან დამოუკიდებლად, რადგან არ მეთანხმებოდა, გუგა კოტეტიშვილს მივმართე და გააკეთა ასეთი შირმა. რაც შეეხება ქალს, რომელსაც ლევანმა მადამ კოკო დაარქვა, მინდოდა, მისთვის საქორწილო კაბა ჩამეცმია, მაგრამ მონუმენტური გამოვიდა და ლევანმა მითხრა, რომ გავიღვიძებ და ამას დავინახავ, შემეშინდება და მეგონება, რომ სიკვდილი მოვიდა თეთრი კაბითო (იცინის). მერე გამახსენდა, რომ წლების წინ თამრიკო კვესიტაძემ ქუდი გამიკეთა სპექტაკლისთვის და ეს ქუდი აღმოჩნდა მადამ კოკოს თავზე, მას ცოტა აღვირახსნილად ჩავაცვით. გამოვიდა ძალიან კარგი, პროჟექტორიც მივანათეთ და გარდერობსაც გამოყოფს საძინებლისგან.

ბატონო ლევან, აბაზანაზე მითხარით, რომ თქვენი კუთვნილი ოთახია.

ბავშვობიდან ასეა. ჩემს სახლში სულ ბევრი ხალხი იყო და ჩემი საფიქრალი და სამუშაო ოთახი იყო აბაზანა. აბაზანას წყლით ვავსებდი და იქ ვმუშაობდი. ახლა მოვიწყვეთ კარგად. მანანას იდეით, ჭაღი დავკიდეთ. ახლა ტელევიზორსაც დავკიდებთ…

მანანა:

გავაკეთეთ საკმაოდ დიდი აბაზანა, სააბაზანო ოთახი, როგორც ეძახიან. რაც შეეხება ჭაღს, გამახსენდა, რომ ლევანის დედას, თინა დეიდას ძალიან უყვარდა ეს ჭაღი, მისი გაწმენდა მისთვის რიტუალი იყო და ის აბაზანაში დავკიდეთ. რატომაც არა.

რა უპირატესობები აქვს ქალაქგარეთ ცხოვრებას? გიყვართ სიმშვიდე?

ლევანი:

ჯერ არ ვიცი, მიყვარს თუ არა. საერთოდ, ძალიან ურბანული ადამიანი ვარ. მიყვარს, როცა სახლიდან გამოდიხარ, – ბევრი ხალხი, პლეხანოველები გესალმებიან, იქვე ავტობუსი ჩაივლის… თუმცა ქალაქგარეთ ცხოვრებასაც თავისი ხიბლი აქვს. ასაკში შევდივართ და მსიამოვნებს აქ ცხოვრება.

მანანა:

ერთი პლუსი აქვს, რომ სიმშვიდეა, მაგრამ ამ ადგილს დიდხანს ვარჩევდით, რომ ძალიან განაპირას არ ყოფილიყო, მთლად ცივილიზაციას არ მოვწყდით. წინ ავტობუსის გაჩერება გვაქვს. აქ ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა.

ამ სახლში კიდევ ერთი ოთახია, თქვენი თინათინისთვის, თუმცა ის თქვენთან ერთად აღარ ცხოვრობს.

ამ ოთახს რომ ვაწყობდით და ვეკითხებოდით, როგორ გინდაო, ყველაფერზე გვეთანხმებოდა. თურმე არ აპირებდა აქ ცხოვრებას. ვერაფრით ჩავაბით ამ ამბავში. თინათინი გათხოვდა, ოთახი კი მოსწონს, მაგრამ… (იღიმის). ოთახს ეტყობა, რომ იქ არავინ ცხოვრობს. მინდა, რომ ხელი შევავლო, მაქვს რაღაც იდეა. „პრინტერესტი“ გასაოცარი საიტია (იღიმის).

ახალმოსახლეობა და ბატონი ლევანის დაბადების დღე ერთად აღნიშნეთ მარტში.

სპეციალურად ვნახეთ ინტერნეტში ამინდი, შევარჩიეთ დღე, როცა არავის სპექტაკლი არ ჰქონდა, ეზო მოვაწყვეთ პროჟექტორებით, დინამიკებით, 120 კაცი მოვიდა, მაგრამ მაინცდამაინც იმ დღეს ჩამოიქცა ყველაფერი და ყველა სტუმარი შიგნით აღმოჩნდა. ჩემს შვილს და მის მეგობრებს ეკითხებოდნენ, სადმე ახალი კლუბი გაიხსნაო? დიჯეიც გვყავდა, – ჩვენი მეგობრის შვილი (იღიმის).

სახლის თემას კიდევ დავუბრუნდებით, მაგრამ თქვენს გარეგნულ ცვლილებაზე მინდა გკითხოთ. როგორ მოახერხეთ ასე დაკლება?

საერთოდ, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება არის ბრძოლა კილოგრამებთან. სულ ვფიქრობდი ამაზე. ხანგრძლივი გზაა კილოგრამებთან ომი, თუ ეს გამოცდილი არ გაქვს, ვერ გაიგებ. არ გარგებს არაფერს და ნამდვილი ტანჯვაა. მეორე მხრივ, გიყვარს კეთებაც და ჭამაც. ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, უნდა მოშორდე ამას, იარო თეატრში და სხვადასხვა ადგილასო. მაცდური უნდა განდევნოო, მაგრამ ჩვენი გართობა და რელაქსი ეს არის, კლუბში ჩვენ არ დავდივართ, კულინარიული ფანტაზიები არის ჩემი გართობა, ამით ვისვენებ… ფაქტობრივად, უარი ვთქვი გემრიელ კერძებზე. სცენაზეც მიჭირდა დგომა, მათ შორის, ჯანმრთელობის კუთხითაც. უარი ვთქვი ყველაფერზე, არსად დავდიოდი და ჩავიკეტე ერთი წლით. დიეტები ისედაც ვიცოდი, მაგრამ ზოგადად, ამოვიკერე პირი და ყოველდღე დავდიოდი ფეხით. სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად დავიკელი.

ლევანს მოსწონს ეს ცვლილება?

ლევანი ძალიან ტაქტიანად იქცეოდა და არასდროს უთქვამს ჩემთვის, გასუქდიო. ხვდებოდა, რომ ეს თავად ძალიან მაწუხებდა. სარკესთან რომ გავივლიდი, ვკითხულობდი, ვინ არის ეს მსუქანი ქალი-მეთქი…

დღესაც, თუკი რამე ზედმეტს შევჭამ, ვიმატებ, მაგრამ სულ ვაკონტროლებ წონას. ჩემი შეცდომა იყო 14 წლიდან უაზრო დიეტების დაცვა, ეს პრინციპში, შიმშილობა იყო და ამას არავის ვურჩევ. ნივთიერებათა ცვლა დავირღვიე და მივაღწიე სამნიშნიან წონას… ახლა კი მუდმივად უნდა ვიყო კონტროლში, ჩემთვის ჩვეულებრივი კვება დასრულებულია. ნუ განიკითხავთ ნურასდროს მსუქნებს, მათი ცხოვრება, დამიჯერეთ, არ არის იოლი.

თქვენს ცხოვრებაში ახლა რა ეტაპია?

მე და ლევანი სულ რაღაცას ვაშენებთ, რაც ცოლად გავყევი, მას შემდეგ. იმედი მაქვს, ახლა რემონტებს მოვრჩი. ახლა ცოტა მოწყენილი კი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ თინათინი გათხოვდა, მაგრამ მენატრება, ადამიანური მომენტია. ვცდილობ, ამაზე ვიმუშაო და ეგო დავთრგუნო (იღიმის). ლევანსაც ამას ვეუბნები, რომ ეს უნდა გადავლახოთ. ბუნებრივია, ეს მისი ცხოვრებაა, ჩვენ კი რითაც შეგვიძლია, უნდა დავეხმაროთ.

რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვინც სახლში რემონტს იწყებს?

პირველ რიგში, საკუთარი ცხოვრების წესი გაითვალისწინონ და მას მოარგონ სახლი. უნდა მიხვდეთ, თქვენ რა გსურთ. მე ხომ ვიცი ჩემი ცხოვრების წესი და რა მინდა და რა არ მინდა? სულ რომ არ აიყვანოთ სპეციალისტი, ინტერნეტში უამრავ რჩევას ამოიკითხავთ. გააკეთეთ სახლი თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე და არა ისე, როგორც სხვა გირჩევთ.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო  მურღულია

magti 5g