LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევანმა ძალიან ბევრი, მაგარი ნამუშევარი დაგვიტოვა და ეს სიმღერები თანდათან გამოვა… კარგია, რომ ხალხამდე მივა და უფრო კარგად გაიცნობენ მას – ზაზა ჭინჭარაული

21
ზაზა-ჭინჭარაული,-ზურა-მოსიავა

27 ოქტომბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ზაზა ჭინჭარაული და ზურა მოსიავა სტუმრობდნენ, რომლებმაც მომღერალი ლევან კბილაშვილი გაიხსენეს და მსმენელს ლევანისა და „პანჯეოს“ ალბომი წარუდგინეს. გადაცემაში ასევე ლევანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერის, „მონატრების ჩანამღერი“ პრემიერა შედგა.

დღეს ლევან კბილაშვილის და „პანჯეოს“ ალბომის პრეზენტაცია გვაქვს. რას გვეტყვით ამ ალბომზე და მასში შემავალ ნამუშევრებზე?

ზაზა:  ჯგუფი „პანჯეო“ ლევანმა შექმნა, საუკეთესო მუსიკოსები მოიწვია და საკმაოდ კარგი ბენდი გამოვიდა. თვითონ ლევანმა ვერ მოასწრო, ვერ დაესწრო ალბომის გამოსვლას, მაგრამ ბენდმა, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო და ალბომი სადღაც 1 წლის თავზე, ლევანის დაბადების დღისთვის გამოვიდა.

გაყიდვაშია თუ არა ეს ალბომი?

ზაზა: გაყიდვაში არ არის, მაგრამ არის ინტერნეტ სივრცეში, ნებისმიერ პლატფორმაზე.

როგორ გაიხსენებდით ლევანს, როგორი იყო ურთიერთობაში?

ზურა: ბედნიერი, მხიარული და ძალიან საინტერესო. ლევანი რასაც ამღერებდა, მთელი არსებით მიჰქონდა ადამიანებამდე, რაც ძალიან ლამაზი და კარგი იყო და დიდი მადლობა მას ამისთვის.

ზაზა: ლევანმა ძალიან ბევრი, მაგარი ნამუშევარი დაგვიტოვა და ეს სიმღერები ზოგი ალბომის სახით და ზოგი ისე, თანდათან გამოვა. კარგია, რომ ხალხამდე მივა და უფრო კარგად გაიცნობენ ლევანს ამ ალბომის საშუალებით.

ლევანი გარკვეული პერიოდი საქართველოში არ იმყოფებოდა, რამდენად რთული იყო ეს მისთვის?

ზაზა: ძალიან ნერვიულობდა, ბევრი სირთულეც გადაიტანა, თუმცა იმ სირთულეებში დაისახა მიზანი და ბევრი იშრომა.  ბოლო ჩამოსვლაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, უკვე დაბრუნებასაც აპირებდა… ძალიან განიცდიდა…

მან საკმაოდ კარგი პროდუქტი შექმნა… თითქმის მთელი ალბომი ქართულად ააჟღერა და ეს ცოტას არ ნიშნავს. ტურნეებში ყველას აჩვენებდა, თუ როგორი იყო ქართული სიმღერა და ნამღერი.

მინდა ლევანის შემოქმედებით საღამოზეც ვისაუბროთ.

ზაზა: ეს წინა დეკემბერს იყო. ეს იყო გახსენება მისი ძველი სიმღერების, ეს იყო მისი ნამღერების სინთეზი დღევანდელ ნამღერებთან, ჩვენს ბავშვობასთან, იმ მუსიკოსებთან, რომლებთანაც მას ჰქონდა შეხება. პლუს ამას, საღამოზე იყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ლევანის ნახატების გამოფენა. მან ბოლო წლებში დაიწყო ხატვა და ძალიან კარგი ნამუშევრები აქვს.

დღეს ასევე გვაქვს სიმღერის პრემიერა, რომლის ავტორიც არის ზურა და რომელიც ლევანის ხსოვნას ეძღვნება…

ზურა: ამ სიმღერას „მონატრების ჩანამღერი“ ჰქვია. სიმღერის ტექსტი ოთარ ჭილაძის გახლავთ. სიმღერის შექმნისას, უბრალოდ ლევანზე ვფიქრობდი. ზაზა დამეხმარა, თავის სტუდიაში ჩამაწერინა და მადლობა მას ამისთვის. რაც მთავარია, გულის ნამღერი გამოვიდა.

 

ლევან კბილაშვილი & Pangeo – ჩიტო გვრიტო

 

ლევან კბილაშვილი & Pangeo – აჭარული

 

ლევან კბილაშვილი & Pangeo – ტაია

 

ლევან კბილაშვილი & Pangeo – ციცინათელა/ ჭრელო პეპელა

 

ზურა მოსიავა – მონატრების ჩანამღერი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ზაზა ჭინჭარაული & ზურა მოსიავა. ლევან კბილაშვილის ალბომის პრეზენტაცია გადაცემაში “რადიო დუეტი”

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები