კომპანია Lexus-მა აშშ-ს მაცხოვრებლებში კვლევა ჩაატარა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ჩრდილო ამერიკულ ბაზარზე ჰიბრიდები პოპულარობით არ სარგებლობენ და ამისი მიზეზი ასეთი ტიპის ტრანსპორტის მიმართ საზოგადოების უნდობლობაა.
სწორედ ამასთან დაკავშირებით, Lexus იწყებს კამპანიას Fast as h, რომლის მსვლელობის დროსაც გეგმავს ჰიბრიდებთან დაკავშირებული მთავარი მითები დაამსხვრიოს.
იაპონურმა Lexus-მა გაარკვია, რომ ამერიკელები ჰიბრიდებს გაუმართლებლად ძვირად, ნაკლებად მძლავრებად და ულამაზოებად მიიჩნევენ. კომპანია სარეკლამო კამპანიისთვის ამერიკულ გამოცემებს, ტელე არხებს, რადიო სადგურებსა და სოციალურ ქსელებს გამოიყენებს, რითიც ელექტროფიცირებული ავტომობილების პოპულარობის მაჩვენებელს გაზრდის.
გარდა ამისა, ავტომწარმოებელი აპირებს ნიუ–იორკში, თაიმს სკვერზე ერთ-ერთი ციფრული ეკრანიც იქირავოს. Lexus-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტის, კუპერ ერიქსონის თქმით, ჰიბრიდული მოდელები მიმზიდველია არა მხოლოდ ეკონომიური ძრავის გამო, არამედ სიმძლვარითა და მდიდრული გარეგნობითაც გამოირჩევიან.
ტოპ მენეჯერი იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთი ავტომობილები მათ ბენზინის ანალოგებზე ძვირი არ ღირს.
შეგახსენებთ, 2016 წელს გლობალურ საავტომობილო ბაზარზე 4 000 000 ჰიბრიდი გაიყიდა და აქედან 1 000 000 იაპონიის ბაზარზე რეალიზდა.