ლია ლიქოკელის მცირე ჩანახატები ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში. ამჯერად პოეტის კიდევ ერთ „ფეისბუქ“-სტატუსს გთავაზობთ, რომელიც სოცქსელში აიტაცეს. ორშაბათი, მოგეხსენებათ, მძიმე დღეა, როგორც კვირის პირველი სამუშაო დღე. სწორედ ორშაბათს ეძღვნება ლია ლიქოკელის მორიგი ჩანახატიც:
„რა თქმა უნდა, ჩემთანაც თენდება ორშაბათი, და ყოველ ორშაბათს მე ვდგები ყველაზე უფრო თვალებჩაშავებული, ყველაზე უფრო დაქუცმაცებული და რა თქმა უნდა, უკიდეგანოდ გასიებული. ჯანდაბა, ისევ გათენდა, – ვამბობ მე, და ვდგავარ მერე ტანსაცმლის გროვასთან და დავტირი, რომ არაფერი არ მეტევა, გამოვაძრობ ყველაზე დიდი ზომის შარვალს და ჰუდს, ამოვიფრატუნებ ყველაზე მაწანწალა ფეხსაცმელებს და ამ მორიგ შავბნელ ორშაბათში ცუდი სიზმრებით გაძეძგილი ბალიშივით მივჩანჩალებ ქუჩაში.
როგორ ხარო, მკითხავს ვინმე. საშინელი დღეა, არაფერი მიხარია, ვამბობ მე.
არადა ყველაფერს ორი მხარე აქვს. წარმოიდგინეთ: გაიღვიძა დილას ორშაბათმა, უთენია გაიღვიძა, დაბინდული ფანჯრიდან ქვეყანას გახედა და ამოიოხრა: ამის დედაც, ისევ გავთენდი.
დადგა ორშაბათი სარკესთან, უფრო ძალიან ამოიოხრა, ამოარჩია ტანსაცმლის გროვიდან ყველაზე განიერი და მაჯლაჯუნა ორშაბათული შარვალი და ჰუდი, ყველაზე ქუსლმოცვეთილი ფეხსაცმელი, ამოიცვ-ჩამოიცვა და სახლის კარი ჯავრიანად გაიჯახუნა.
ჩამოუარა ორშაბათმა ადამიანებს, გააღვიძა, ქუჩაში გამოყარა, სამსახურებში გადენა, გაახსენა, რომ ცხოვრება აესეთია, რუხი და თმაგასაწეწი, სულ უშნო ვალდებულებებით სავსე, დაჯდა მერე და თებერვლის ქარში ჩაატირა:
არავის არ ვუყვარვარ. ნახე, როგორ მიყურებენ. ორშაბათი ვარ, რა უნდა მიხაროდეს.
არადა რა მისი ბრალია: თავისუფლად შეიძლებოდა, სამშაბათი რქმეოდა, ან სულაც ხუთშაბათი ყოფილიყო – ჩემი საყვარელი დღე: ერთად გავიღვიძებდით უთენია, ის ჩემს სარკეში გაიცინებდა, მე – ხუთშაბათის სარკეში, გამოვიდოდით მშვიდები და ლამაზები, ჭრელი კატებივით კუდაპრეხილები ვივლიდით ქუჩაში და ერთად გვეყვარებოდა ცხოვრება“.