98 წლის ასაკში გამოჩენილი მეცნიერი, თანამედროვე მათემატიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, მათემატიკის ახალი დარგის – მართვის ოპტიმალური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რევაზ გამყრელიძე გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს.
მეცნიერებათა ეროვნული აკადემია რევაზ გამყრელიძის მოღვაწეობის შესახებ ვრცელ ინფორმაციას ავრცელებს და მეცნიერის გარდაცვალების გამო მწუხარებას ავრცელებს.
„წავიდა ჩვენგან ქართულ მეცნიერების დიდი წარმომადგენელი, მაგრამ გავა წლები და დავიწყებას არ მიეცემა აკადემიკოს რევაზ გამყრელიძის – თვალსაჩინო მეცნიერის, მრავალმხრივ შემკობილი პიროვნების სახელი. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა თვალსაჩინო მაგალითია იმ დიდი წვლილისა, რაც მან მეცნიერების განვითარების საქმეში შეიტანა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდ მწუხარებას გამოთქვამს აკადემიკოს რევაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს. რევაზ გამყრელიძის ნათელი სახე სამუდამოდ დარჩება მისი კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების ხსოვნაში“, – წერია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
რევაზ გამყრელიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება მსახიობ ლიანა ასათიანის შვილი, ნინო თორაძეც.
„დაგვტოვა გამყრელიძეების საოცარი გენის კიდევ ერთმა ბრწყინვალე წარმომადგენელმა, გენიალურმა რევაზ გამყრელიძემ.
მისი წვლილი მეცნიერებასა და თანამედროვე მათემატიკის განვითარებაში იმდენად მასშტაბურია, რომ ჩამოთვლა თითქმის შეუძლებელია, ისევე როგორც მისი გენიალური ძმის, თამაზ გამყრელიძის წვლილის ენათმეცნიერებაში.
რეზოს ფენომენალური გონება არა მხოლოდ მათემატიკაში, არამედ მუსიკასა და ხელოვნებაშიც.
ისეთივე სიღრმით ერკვეოდა ყველაფერში, როგორც ზუსტ მეცნიერებებში.
ლიანას მამიდაშვილები, რეზო და თამაზი, მას როგორც ძმები ისე უყვარდა, და სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი ჩემთვის და ლექსოსთვის უახლოესი, უაღრესად ძვირფასი ბიძები მათი სითბო, სიყვარული და გონიერება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
გემშვიდობები, ჩემო საყვარელო რეზიკო… შენნაირი მაგიკანები ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. და როგორ სჭირდება…“ – წერს ნინო თორაძე სოციალურ ქსელში.
დაგვტოვა გამყრელიძეების საოცარი გენის კიდევ ერთმა ბრწყინვალე წარმომადგენელმა, გენიალურმა რევაზ გამყრელიძემ. მისი წვლილი…
Posted by Nino Toradze on ხუთშაბათი, 08 მაისი, 2025