LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბანის საზღვართან დახურული სამხედრო ზონები დაწესდა – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

118
ისრაელი

ისრაელის სამხედრო ძალებმა ლიბანის საზღვართან მდებარე სამი ქალაქი დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადეს.

„სიტუაციის შეფასების შემდეგ, ჩრდილოეთ ისრაელში მეტულის, მისგავ ამისა და კფარ გილადის ტერიტორიები დახურულ სამხედრო ზონად გამოცხადდა. ამ ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სამოქალაქო პირებს არ აქვთ უფლება, შევიდნენ ამ ზონაში, რაც მედიის ცნობით, ზრდის მოლოდინს ლიბანში სამხედრო ოპერაციების დაწყებასთან დაკავშირებით.

„სიენენის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს ტერიტორია ისრაელის სამხედრო ძალების დისლოკაციის ადგილი გახდება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ ავრცელებს.

„როგორც ისრაელის, ასევე ლიბანის სუვერენიტეტი გარანტირებული უნდა იყოს. ნებისმიერი შემდგომი სამხედრო ინტერვენცია სიტუაციას მკვეთრად გააუარესებს და იგი თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისა და საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნის მიზნით მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობა განიხილეს.

„გაერო-ს სამშვიდობო ძალების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები