“ლიეტუვა გახლავთ საქართველოს და ქართველი ხალხის ჭეშმარიტი მეგობარი და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ნამდვილი მხარდამჭერი,” – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისის განმარტებით, დელეგაცია საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ ქვეყანას ნებისმიერი გზით და ნებისმიერი საჭიროების თვალსაზრისით დაეხმაროს.
როგორც ლიეტუვის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო განიხილეს, ასევე ხაზგასმით აღნინიშნა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რეგიონის მშვიდობიან განვითარებას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას.
მინისტრებმა ასევე განიხილეს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა როგორც საქართველოში, ისე ლიეტუვაში. ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე. ლიეტუვის მხარემ ამ მიმართულებით დახმარების მზაობა დაადასტურა.
ლიეტუვის მხარე ევროკავშირის მედიაციით მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხმებას მიესალმა:
“ჩვენ არ გაგვაჩერებს შიდა პოლიტიკური პრობლემები ჩვენს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში, რათა საქართველო უფრო დაცული გახდეს და რეგიონი იყოს უსაფრთხო. ჩვენ გავაგრძელებთ განხილვას იმ ტრანსატლანტიკური მიმართულების, რომლის ნაწილადაც საქართველო თავს აღიქვამს.” – განაცხადა ლანდსბერგისმა.
ვიზიტის ფარგლებში, გაბრიელიუს ლანდსბერგი შეხვდა საქარველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას. მინისტრი დღესვე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.
29 აპრილს, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.