LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლილიკო არც კრიტიკულია და არც კარგად მაფასებს“ – ანი ბახტაძე

24
ანი-ბახტაძე

13 იანვარს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ანი ბახტაძე სტუმრობდა, რომელმაც პროექტზე „მიმღერე“ ისაუბრა და მსმენელს ახალი სიმღერა „სხვა სიყვარული“ წარუდგინა.

ანი, დედამ, ლილიკო ნემსაძემ პირადად შენთვის შექმნა სიმღერა „ სხვა სიყვარული“. როგორ შეიქმნა ეს ნამუშევარი, თავად უთხარი, როგორი შინაარსის და სტილის სიმღერა გინდოდა?

არა, არ მითქვამს, როგორი სიმღერა მინდოდა, უბრალოდ, რაღაც ახალი მსურდა და ასე ვთქვათ, ბოლომდე ლილიკოს მივენდე. ეს სიმღერა ლილიკოს სხვა სიმღერებს ჰგავს. სიმღერის ტექსტი ირინა სანიკიძეს და ნათია ზაზაშვილს ეკუთვნის, ფონოგრამა ბორიკო შხიანს. კლიპიც გადავიღე.

ვინ იმუშავა აღნიშნული სიმღერის კლიპზე?

კლიპის რეჟისორი ლევან ალიმბარაშვილია. ვიდეორგოლი „შუაგულში“ გადავიღეთ. სიმღერა სტუდიაში „ბრავო“ ჩაიწერა. თბილი სიმღერაა, სიყვარულზეა და კლიპის შინაარსიც ასეთია.

ვისაუბროთ პროექტზე „მიმღერე“.

უფრო ლილიკოზე იყო აქცენტი, ყველა, ვინც კი გვხვდებოდა, კითხულობდა, ლილიკო როგორ დაითანხმეთ პროექტში მონაწილეობაზეო. ლილიკო მეუბნებოდა, შენ რომ გამოჩნდე, შენ რადგან გინდოდა, იმიტომ წამოვედიო, მე ვეუბნებოდი, მე საერთოდ არ უნდა გამოვჩნდე, შენთვის წამოვედი-მეთქი და ესე ერთმანეთს ვაბრალებდით (იცინის). ისეთი თბილი გარემო იყო, რაც ეკრანზე ჩანს, რეალურად იმაზე ასმაგად სითბოა.

რამდენად ღელავდი პროექტში მონაწილეობისას?

ვღელავდი, მაგრამ არა ძალიან, რადგან არასაკონკურსო ფორმატი იყო. ისეთი შეგრძნება იყო,  სუფრაზე რომ დაჯდები და მეგობრებთან ერთად იმღერებ. იმდენად თბილი გარემო იყო, რომ ხანდახან მავიწყდებოდა, ეს ყველაფერი ეთერში რომ უნდა გასულიყო.

რომელ გამოსვლას გამოარჩევდი?

„ჩუმად ნათქვამი“ რომ შევასრულე, ძალიან დიდ ოცნებად მქონდა, რომ ეს სიმღერა მემღერა.

რამდენად კრიტიკული არის ხოლმე შენს მიმართ ლილიკო?

ნეტა კრიტიკული იყოს, არც კრიტიკულია და არც კარგად მაფასებს (იცინის).

აპირებ, რომ უფრო მეტად გააქტიურდე? დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროექტის შემდეგ, უფრო ბევრი მსმენელი და გულშემატკივარი გყავს.

კი და ამას მოკლებული ვიყავი, რადგან ასე არ ვაქტიურობდი, ეს ჩემი პირადი არჩევანი იყო. არ მქონდა ბევრი ახალი სიმღერა, არ გამოვდიოდი ტელევიზიით, არ გამომქონდა ჩემი სიმღერები.

 

ანი ბახტაძე – სხვა სიყვარული

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები