გაცილებით იშვიათია ლიმფური სადინარების ანთება – ლიმფანგიტი, რომელზეც კანზე გაჩენილი წითელი ზოლები მიგვანიშნებს, მაგრამ პროცესს ძალიან სწრაფი გავრცელება ახასიათებს, ამიტომ მას დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ლიმფანგიტს უმეტესად სტრეპტოკოკი იწვევს, ზოგჯერ – სტაფილოკოკიც. ანთება განსაკუთრებით ადვილად ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიმფანგიტის განვითარების ალბათობას ზრდის დიაბეტი, იმუნოდეფიციტი, სტეროიდების ქრონიკული გამოყენება, ქიმიოთერაპიული მკურნალობა და სხვა. ლიმფანგიტის გამომწვევი სხეულში შესაძლოა შეიჭრას ჭრილობიდან, კატის, ძაღლის, მწერის ნაკბენიდან, ნიადაგიდან. თუმცა ლიმფანგიტი ყოველთვის ინფექციის ბრალი არ არის. მისი გამოწვევა ასევე შეუძლია ძუძუს, ფილტვის, კუჭის, პანკრეასის, სწორი ნაწლავის, პროსტატის კიბოს.
ლიმფანგიტის დროს კანზე ჩნდება წითელი ზოლი, რომელიც ინფიცირებული ადგილიდან ახლოს მდებარე ლიმფურ კვანძებამდე მიდის, ხშირად – იღლიამდე ან საზარდულამდე. სიწითლე შესაძლოა ძლივს შესამჩნევიც იყოს და მკვეთრიც. შეხებისას მგრძნობიარეა. ზოგჯერ მასზე ბუშტუკებიც ჩნდება. გარდა ამისა, ლიმფანგიტს ახასიათებს: ჭრილობა, რომელიც არ ხორცდება; სისუსტე, უღონობა; შემცივნება; ლიმფური კვანძების შესივება; ცხელება; უმადობა; თავის ტკივილი; კუნთების ტკივილი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ინფექცია შესაძლოა სისხლში გავრცელდეს და სეფსისი გამოიწვიოს.
მკურნალობის მიზანი ინფექციის გავრცელების შეჩერებაა. ამისთვის ანტიბიოტიკებს უნიშნავენ, სწრაფი შედეგის მისაღწევად – დიდი დოზით ან ინტრავენურად. სოკოვან ინფექციას სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობენ, ვირუსულს – ვირუსის საწინააღმდეგოთი. ლიმფანგიტი ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია. ამ შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებლებს და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს გამოწერენ. თუ აბსცესი ჩამოყალიბდა, ქირურგიულად ახდენენ მის დრენირებას. ზოგჯერ დაზიანებულ ქსოვილებს ან ლიმფურ კვანძსაც ამოკვეთენ. ასეთი ჩარევის შემდეგ პაციენტს შესაძლოა ფიზიოპროცედურები დასჭირდეს. ლიმფანგიტისგან განკურნებას დღეები, ზოგჯერ კვირები და თვეებიც კი სჭირდება. აღდგენის ტემპი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სერიოზული იყო ინფექცია და რამდენად ჯანმრთელი იყო ადამიანი ინფიცირებამდე. სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, ჩვილებს და მოხუცებს გამოჯანმრთელებისთვის უფრო მეტი დრო სჭირდებათ. ზოგჯერ ლიმფანგიტი აზიანებს კანს, კუნთს ან სხვა ქსოვილს, რაც უფრო აგვიანებს განკურნებას.