LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისაბონი მსოფლიოს ყველაზე ფერად ქალაქად დასახელდა

134
ლისაბონი

​ირლანდიური ტურისტული სადაზღვევო კომპანიის „JustCover“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლისაბონმა მსოფლიოს ყველაზე ფერადი ქალაქის სტატუსი დაისაკუთრა. პორტუგალიის დედაქალაქის ფოტოების ანალიზისას 2.6 მილიონზე მეტი ფერი გამოვლინდა.

​ირლანდიელი სპეციალისტების ანალიზი ხასხასა ფერებით ცნობილი 78 ტურისტული მიმართულების ვიზუალურ მასალას ეყრდნობოდა. კვლევის დროს გამოიყენეს მხოლოდ დღის შუქზე, ფილტრების გარეშე გადაღებული ფოტომასალა და გამოსახულებებზე არსებული ფერების რაოდენობა სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით დაითვალეს.

ლისაბონი გამორჩეულია პასტელური ტონების შენობებითა და ორნამენტიანი კერამიკული ფილებით (azulejos), რომლებიც Alfama-ს მსგავს ისტორიულ უბნებს ამშვენებს. ქალაქის იერსახის განუყოფელი ნაწილია ყვითელი ტრამვაიც, რომელიც ვიწრო ქუჩებში მოძრაობს.

​რეიტინგში მეორე ადგილს მალაიზიის დედაქალაქი კუალა-ლუმპური იკავებს, სადაც მკვეთრი კონტრასტი იქმნება თანამედროვე ცათამბჯენებსა და ტრადიციულ ნაგებობებს შორის. აღსანიშნავია, რომ ბატუს გამოქვაბულებთან არსებული ცისარტყელასფერი კიბეებიც კუალა-ლუმპურთან ასოცირდება, მიუხედავად იმისა, რომ კიბეები უშუალოდ ქალაქში არ მდებარეობს და დედაქალაქს მცირე მანძილითაა დაშორებული.

​მესამე ადგილზე პორტუგალიის კიდევ ერთი ქალაქი – პორტუ მოხვდა. ლისაბონის მსგავსად, ტერაკოტისფერი სახურავები და მდინარე დუროს გასწვრივ მდებარე ფერადი სახლები მას დაუვიწყარს ხდის. მოკირწყლული ქუჩები და ღვინის ისტორიული მარნები ვიზიტორებს ნათელ წარმოდგენას უქმნიან პორტუგალიური ყოფისა და ქალაქის კოლორიტის შესახებ.

​მეოთხე პოზიციას კოლუმბიის საპორტო ქალაქი კარტახენა იკავებს, რომელიც მკვეთრი ფერებითაა ცნობილი. მისი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ყვითელი საათის კოშკი, რომელიც ძველი ქალაქის მთავარ შესასვლელთან მდებარეობს. ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი შენობები და ყვავილებით მორთული აივნები ქალაქს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

​ბრაზილიის ქალაქი რიო-დე-ჟანეირო მეხუთე ადგილზეა. მისი ლანდშაფტებისა და არქიტექტურის ამსახველ ფოტოებზე 2.3 მილიონზე მეტი უნიკალური ფერი გამოვლინდა. სელარონის კიბე (Escadaria Selarón), რომელიც ყვითელი, ლურჯი და მწვანე ფილებითაა დაფარული, ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g