LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისაბონი – რჩევები ლისაბონში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

ლისაბონი ან ლიჟბოა, როგორც მას პორტუგალიელები მოფერებით ეძახიან.

ლისაბონი ევროპის ყველაზე დასავლეთით მდებარე დედაქალაქია. მის იქით მხოლოდ უკიდეგანო ატლანტის ოკეანეა. ლისაბონში არც ისე ბევრია ისტორიული ღირსშესანიშნაობა, რადგან 1755 წელს ქალაქი მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა, რასაც ცუნამი და ხანძრებიც დაერთო, მაგრამ ძალიან მალე მარკიზ დე პომბალას პროექტით ქალაქი ნანგრევებიდან აღდგა. მიუხედავად ამისა, ლისაბონში ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით იმპერიული წარსულის ნაშთებს: დიდებულ ტაძრებს, მოხატულ სასახლეებს, პომპეზურ ძეგლებს.

 

ლისაბონის რაიონები

ბაიშა

ქალაქის ფინანსური და სავაჭრო ცხოვრების გული. ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობები სწორედ აქაა – დონ პედრო IV მოედანი, ეროვნული თეატრი, მე-19 საუკუნის როსიუს სადგური და 45 მეტრი სიმაღლის სანტა-ჟუშტას ლიფტი.
ის ბაირუ-ალტუს და შიადუს რაიონების დამაკავშირებელია.

ეს ორი რაიონი კი ყველაზე გაცხოველებული უბნებია. კაფე-ბარები და პატარა მაღაზიები 24 საათი მუშაობენ. აქვეა 1755 წლის მიწისძვრის მთავარი ძეგლი – გოთიკური ეკლესიის დუ კარმუს ნანგრევები.


რაიონი ალფამა – ქალაქის ერთადერთი ნაწილია, რომელმაც ეს მიწისძვრა გადაიტანა. ყველაზე საინტერესოა ლისაბონის საკათედრო ტაძარი და სან ვისენტე დე ფორას მონასტერი.

რაიონმა ეშტრელამ სახელი მთავარი ღირსშესანიშნაობის – ბაზილიკა ეშტრელას გამო მიიღო. აქ არის დაკრძალული დედოფალი მარია I, სახურავიდან კი მშვენიერი ხედი იშლება.

რაიონ ბალენში თავმოყრილია არქიტექტურული ძეგლების დიდი რაოდენობა. მდინარე ტეჟუს შესართავთან პატარა კუნძულზე დგას კოშკი ბელემი. ჟერონიმუშის მონასტრის წინ შადრევნის მოედანია, იქვეა ცნობილი მეზღვაურის ვასკო და გამას საფლავი.

 

არც თუ ძვირი საცხოვრებლის ნახვა შეიძლება როგორც გარეუბნებში, ასევე ცენტრში. ვისაც ეკონომია სურს, ჯობს ყურადღება ჰოსტელებს მიაქციოს.

 

ტრანსპორტი

ლისაბონში ტრანსპორტი მარტივი და მოსახერხებელია. სხვადასხვა რაიონებს შორის და საგარეუბნოდ დადის – მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი და ფუნიკულიორი. ეს უკანასკნელი უფრო ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. არის საწყლოსნო ტრანსპორტიც – ბორანი მდინარე ტეჟუზე.

ყველაზე დატვირთულია ფუნიკულიორი გლორია, რომლის მარშრუტი ქალაქის ქვედა კვარტლებიდან ზემო კვარტლებამდეა.


მეტროს 4 ხაზი აქვს, მუშაობს 6:30 სთ-დან 1:00 სთ-მდე. პირველ შემთხვევაში ერთი მგზავრობა 1.4 ევრო დაგიჯდებათ, 1 საათის განმავლობაში გადაჯდომა უფასოა ნებისმიერ ტრანსპორტზე. თუ სატრანსპორტი ბარათს შეიძენთ და ფულს ჩარიცხავთ, შეღავათიან ფასად იმგზავრებთ.

ავტობუსი, ტრამვაი და საწეველა-ლიფტები დღე და ღამე დადიან. ტურისტებს ძალიან უყვართ რეტრო-ტრამვაი №28, რომელიც აუღელვებლად დაიარება ძველი ქალაქის პატარა ქუჩებში.


ღამის საათებში თუ ღამის ავტობუსების განრიგი არ იცით, ყველაზე მარტივი ტაქსით გადაადგილება. ქალაქში მგზავრობა 10 ევროს არ აღემატება.

ბევრი ტურისტი ქალაქში ველოსიპედითაც დადის. ქირაობა ბევრ პარკინგზე და ზოგიერთ სასტუმროშიცაა შესაძლებელი. გადასახადი მოკრძალებულია – 2 ევრო ნახევარი დღით და 8 ევრომდე გამოსასვლელ დღეებში (პარასკევი, შაბათი, კვირა).

 

ლისაბონის სანაპიროები

მართალია ლისაბონი ფაქტობრივად ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს, ქალაქის მონახაზში პლაჟები არ არის. მდინარე ტეჟუში ვერ იბანავებთ, ხოლო ოკეანეზე ელექტრომატარებლით ქალაქგარეთ უნდა წახვიდეთ. ზაფხულის თვეებში იქ უამრავი ხალხია.
სანაპირო გადაშლილია ტეჟუს შესართავიდან ქალაქ კაშკაიშამდე. ხალხმა ამ ადგილს ლისაბონის რივიერა უწოდა უამრავი ფეშენებელური კურორტების თავმოყრის გამო.


ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლომდებარე პლაჟებია კაშიაშის და ოეირაშის ოლქებში. საბანაო ადგილამდე მისვლა შეიძლება Cais do Sodre-დან. გზას 15 წუთიდან 1 საათამდე უნდა.

 

5 რამ რაც ლისაბონში უნდა გააკეთოთ

გასინჯოთ პორტვეინის ყველა სახეობა, რასაც შეხვდებით.
მოიაროთ სინტრას ყველა სასახლე და ყველაზე ლამაზი აარჩიოთ.
საუზმეზე დააგემოვნეთ „პაშტელ დე ნატა“, რომელსაც ძველ ბელემში აცხობენ.
დატკბეთ ქალაქით სანტა-ჟუშტას სიმაღლიდან.
შეიაროთ ისტორიულ კაფე ა-ბრაზილეირაში და ყავა მიირთვათ.

 

რა უნდა გასინჯო

ლისაბონში ყოფნისას აუცილებლად დააგემოვნეთ პორტუგალიური ღვინოები. ისინი ძალიან ცნობილები არ არიან, მაგრამ ყურადღების მიქცევა შეიძლება. გასინჯეთ არა მარტო ცნობილი პორტვეინი (პორტუს სამშობლო), არამედ მადეირას, სეტუბალის და სხვა ღვინის რეგიონების პროდუქცია. ასევე საინტერესოა ლიქიორი ჟინჟა, რომლის ყოველ ბოთშლი ალუბალს იპოვით.


გვერდი არ აუაროთ პორტუგალიურ ყველს. მას თითქმის ყველა რეგიონში აწარმოებენ, მაგრამ თითოეულ პროდუქტს თავისი განსაკუთრებულობა აქვს. გასინჯეთ ასევე „პრეზუნტო“ (პორტუგალიური ხამონი).
ტკბილეულიდან შედარებით ცნობილია ტკბილღვეზელა „პაშტელ დე ნატა“. მის დასაგემოვნებლად უმჯობესია ეწვიოთ საკონდიტრო „fabricproprio“-ს. აქ ყველაფერს იქვე ამზადებენ და ღვეზელი ყოველთვის ახალია.

 

ღირსშესანიშნაობები

ქალაქის ისტრიული გული თავისი მრავალრიცხოვანი ღირსშესანიშნაობით – წმინდა გიორგის ციხესიმაგრე, რომელიც მაღალ გორაკზეა და 1147 წლამდე მავრიტანიის ემირის რეზიდენცია იყო, ხოლო მე-16 საუკუნემდე პორტუგალიელი მეფეების სახლი. სწორედ აქედან იწყებოდა პორტუგალიის დედაქალაქი და უძველესი ისტორიული რაიონი ალფამა. ციხესიმაგრე არაერთხელ გადაუკეთებიათ, მაგრამ შიდა მოკაზმულობა შენარჩუნებულია.
ალფამაში თითქმის ყველა სახლის ფასადი მორთულია კერამიკული პანოთი – აზულეჟუშით. ასევეა დამზადებული ქუჩების სახელწოდებებისა და სახლების ნომრების მანიშნებელი ფირფიტები.


მიწისძვრამ ქალაქი ნანგრევებად აქცია, მხოლოდ რამდენიმე ნაგებობა დაინდო. მათ შორის საკათედრო ტაძარი სე (1150 წ), რომელიც დანგრეული მეჩეთის ადგილზე ააგეს. მონასტერ კარმოსგან მხოლოდ კედლები და ცაში აჭრილი გოთიკური თაღები დარჩა. ამჟამად მონასტერში არქეოლოგიური მუზეუმია. საერთოდაც, ლისაბონის მუზეუმები საინტერესოა, მაგრამ ერთ დღეში რა თქმა უნდა ვერ მოივლით.

 

 

 

 

პორტი

ლისაბონის პორტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ატლანტის ოკეანეში, მისი ისტორია ხომ მე-13 საუკუნედან იწყება. აქედან პორტუგალიური კარაველები სახელგანთქმულ ნაოსნობაში მიემგზავრებოდნენ. ვასკო და გამას ექსპედიციამ პირველმა აქედან მიაღწია ინდოეთის სანაპიროებს; აქ შემოდიოდნენ უზარმაზარი სავაჭრო გემები; მეორე მსოფლიო ომის დროს მთელი ევროპის დევნილები აქ იყრიდნენ თავს აშშ-ში გამგზავრების მიზნით (გაიხსენეთ თუნდაც რემარკის „ლისაბონის ღამე“), დღეს კი ეს გახლავთ მსხვილი სავაჭრო და სამგზავრო საკრუიზო პორტი.

 

ქრისტეს ქანდაკება

ბევრი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით პორტუგალიამ თავიდან აიცილა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა. პორტუგალიელებს მიაჩნიათ, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ღმერთმა შეისმინა მათი ერთობლივი ლოცვები. მადლობის ნიშნად მოსახლეობა ქრისტეს ქანდაკების მშენებლობისთვის ფულს უშურველად აგროვებდა.


ბრაზილიური ქანდაკების 28-მეტრიანი ასლი 1959 წელს, 84 მ სიმაღლის პოსტამენტზე აღიმართა. დღეს ქრისტეს ქანდაკებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პორტუგალიის სასულიერო კულტურაში. იმ ადგილზე, სადაც ის არის აღმართული, მდინარის ორ ნაპირს 25 აპრილის ხიდი (მანამდე ანტონიო სალაზარის სახელს ატარებდა) აერთებს.
აქედან ქალაქზე საუკეთესო ხედი იშლება.

 

ლისაბონის სასახლეები

სხვადასხვა საუკუნეების დიდებული სასახლეები – ლისაბონის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა. აჟუდას სასახლე კლასიციზმის სტილშია აგებული და ტურისტებისთვის ღიაა. სან-ბენტუს სასახლე ქალაქის ცენტრშია, რომელიც მიწისძვრის შემდეგ გადაკეთდა. ახლა აქ პორტუგალიის პარლამენტი მართავს სხდომებს. ლისაბონის სიახლოვეს ასევე შეიძლება ნახოთ მდიდრული სასახლეები: პორტუგალიის ყველაზე დიდი სამეფო მაფრას სასახლე და როკოკოს სტილის კელუშის სასახლე.

 

კიდევ რა უნდა ნახოთ

ლისაბონის ოკეანარიუმი


ლისაბონის ოკეანარიუმი ევროპაში საუკეთესოდ მიიჩნევა. აქ 30-ზე მეტი აკვარიუმია, მათ შორის გიგანტური 5 მლნ ლიტრიანი. ოკეანარიუმში 500 სახეობაზე მეტი 8 ათასზე მეტი ცოცხალი ორგანიზმია.

ეტლების ნაციონალური მუზეუმი


ეტლების მუზეუმს ლისაბონში ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ყავს. რეკომენდირებულია ყველასთვის, რადგან შთამბეჭდილებას ყველაზე ახდენს.

სათვალთვალო მოედანი სან პედრუ დე ალკანტარა


როგორ არ უნდა შეგიყვარდეთ ლისაბონი, როდესაც ამ მოედნიდან გადახედავთ. ბევრს ყველაზე ლამაზად სწორედ ეს ხედი მიაჩნია.

 

მაღაზიები ლისაბონში

ლისაბონი კარგი ქალაქია შოპინგისთვის. აქ იპოვით პრაქტიკულად ყველაფერს: პატარა ისტორიულ მაღაზიებს, ორიგინალური სუვენირების მაღაზიებს, ბრენდულ ბუტიკებს, ქსელურ მაღაზიებს და ადგილობრივი დიზაინერების მაღაზიებს.
გარდა ამისა, პორტუგალიაში მოქმედებს ტაქს ფრის ერთ-ერთი ყველა დაბალი ნიშნული, 60 ევროზე ოდნავ მეტი.

 

 

ლისაბონში ყოფნისას თუ ცოტა ფული და დრო დაგრჩათ, აუცილებლად გაისერნეთ ქალაქის ახლომდებარე დაუვიწყარ ადგილებში.

 

სეზიმბრა

პატარა სანაპირო ქალაქი ამაყობს არა მარტო სანაპიროებით და ტურისტული კაფეებით, არამედ ლამაზი ძველი სასახლით, ასევე გათხრებით, სადაც დინოზავრების ძვლებს პოულობდნენ. შეგიძლიათ ნავი იქირაოთ და შიმშერი დაიჭიროთ (სეზიმბრაში მთელი პორტუგალიიდან სწორედ ამიტომ ჩადიან). ქალაქთან ახლოსაა პოპულარული ადგილი ყვინთვისთვის ჩაძირული გემების სანახავად. ეს ყველაფერი ლისაბონიდან 45 წუთის სავალზეა.

სასახლე კელუში

პორტუგალიელ მეფეთა სასახლე (XVIII ს) დედაქალაქის სიახლოვესაა. მას ხშირად უწოდებენ პორტუგალიურ ვერსალს. სხვათა შორის, დღემდე უცხო სახელმწიფოთა მეთაურებს ამ ლამაზ ადგილზე მასპინძლობენ და ერთ-ერთ პავილიონში ანთავსებენ.

ეშტორილი

ეს ქვეყნის მათავარი კურორტია, რომელიც ადგილობრივებსაც უყვართ. ლისაბონიდან ელექტრომატარებლით მიდიან. სწორედ აქ არის ის კაზინო, რომელმაც იან ფლემინგს „კაზინო როიალის“ დაწერა შთააგონა.

ევორა

ქალაქი უძველესი და მდიდარი ისტორიით, იმდენად მდიდარი, რომ ევორა ერთ-ერთი იშვიათია პლანეტაზე ქალაქ-მუზეუმებს შორის და მთლიანად შეტანილია იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში. ქალაქის ღირსშესანიშნაობები მიეკუთვნება სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებს, თანაც ეს ყველაფერი ფეხის სავალზეა.

როკის კონცხი

ისედაც ყველაზე დასავლეთით მდებარე დედაქალაქში, კიდევ უფრო დასავლეთით უნდა წახვიდეთ და როკის კონცხი ინახულოთ (40 კმ ლისაბონიდან), რომელიც ასევე სინტრა-კაშკაიშის პარკის ნაწილია. 140 მეტრიანი კლდის სიმაღლიდან საუკეთესო ხედი იშლება ატლანტის ოკეანეზე. როგორც პორტუგალიელმა პოეტმა ლუის კამოენსემ აღნიშნა: „ეს არის ადგილი, სადაც მიწა მთავრდება და ზღვა იწყება“.

ობიდუში

ერთ-ერთი იშვიათი ევროპული ქალაქი, სადაც შენარჩუნებულია არა მარტო ძველი ციხესიმაგრე, არამედ ქალაქის მისადგომების გამაგრება. ქალაქში 11 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ისე მოხდა, რომ კედელი ქალაქს როგორც ძველ დროში ორ ნაწილად ყოფს. და როგორც ადრე, ხალხი არა ქალაქის კედელს მიღმა, არამედ შიგნით ცხოვრობს… თუმცა ამჟამად შიდა ნაწილი ძირითადად ტურისტული ატრაქციონებია – ძველი ციხეები, ეკლესიები, ბოლოს და ბოლოს თვითონ ციხესიმაგრეც. აქ კარგია ივლისში თუ მოხვდებით, როდესაც შუასაუკუნეების ფესტივალი ტარდება.

სინტრა

სინტრა და მისი მიმდებარე ადგილები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაა. ეს იმიტომ, რომ მთლიანად გადატვირთულია ღირსშესანიშნაობებით. მარტო რამდენი სასახლეა: სინტრას ეროვნული სასახლე, პენას სასახლე, მავრების ნახევრად დანგრეული სასახლე და უამრავი ტაძარი. კიდევ: ქალაქიდან ზღვამდე დადის ტრამვაი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი მარშრუტით. თან ჩვეულებრივი ტრამვაი არ არის, ძველი, ასი წლის წინანდელია.
სინტრა უნდა ნახოთ და მერე მთელი ცხოვრება სატრაბახოდ გექნებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g