მოცეკვავე„, ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ლიზი მორი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს.
როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
ადამიანი, განსაკუთრებით კი გოგონა, ყოველთვის რაღაცაზე ოცნებობს. მე ძალიან მიყვარდა ვერიკო ანჯაფარიძე და სოფიკო ჭიაურელი და ბავშვობიდან ვბაძავდი მათ, მინდოდა, მათნაირი ვყოფილიყავი. მსოფლიო ვარსკვლავებშიც მყავს კერპები და ყოველთვის მინდოდა, მათნაირი ვყოფილიყავი გარეგნულად თუ სამსახიობო მონაცემებით. ავისრულე ჩემი ოცნება. თუ ადამიანი მიზანს დაისახავს და მისკენ მიილტვის, მას აუცილებლად მიაღწევს. მე დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, გავხდი მსახიობი და წლების განმავლობაში ვმოღვაწეობდი რუსთავის დრამატულ თეატრში. ცეკვა-თამაში ქართულ გენს სისხლში გვაქვს გამჯდარი, ბავშვობიდან ვცეკვავდი სამეჯლისო ცეკვებს და ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი არსებობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ბედმა მარგუნა და ჩემს მეწყვილეზე დავქორწინდი. ჩვენი ცხოვრება ცეკვით დაიწყო და გრძელდება.
შეიძლება, ითქვას, რომ ისეთი ცხოვრება მაქვს, როგორზეც ვოცნებობდი.
გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
რომ გავთხოვდი, ისრაელში გადავედი საცხოვრებლად და იქ დაიწყო ჩემთვის ცოტა მძიმე ცხოვრება. დასაწყისში არ ვიცოდი ენა, მჭირდებოდა შემოსავალი, ამიტომ გვიწევდა კონცერტების გამართვა ისეთ ადგილებში, სადაც არ გვსიამოვნებდა. ვერ ვიტყვი, რომ მძულდა, მაგრამ მეთაკილებოდა, თუნდაც, რესტორნებში ცეკვა, ასევე, კორპორატიულ საღამოებზე. თავიდან ძალიან დიდ გაუცხოებას ვგრძნობდი, მაგრამ მერე და მერე მივეჩვიე.