საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის აღზრდის სტილია მისაღები და ეფექტური, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს როგორც ამ საკითხზე მომუშავე სპეციალისტებში, ასევე მოზრდილ ადამიანებში, რომელთაც ყოველდღიური შეხება უწევთ ბავშვებთან და რიგი პრობლემების წინაშე დგებიან ხოლმე მათთან ურთიერთობაში. აღზრდის ლმობიერი თუ მკაცრი ფორმაა მისაღები – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი თეო ნუცუბიძე.
აღზრდის რა ფორმები არსებობს?
ხშირ შემთხვევაში, უფროსები, მშობლები, მასწავლებლები ბავშვთან მიმართებაში ირჩევენ მიდგომის უკიდურეს ვარიანტებს, არიან ან ძალიან ლმობიერები ან პირიქით, გადამეტებულად მკაცრები და მათი მიდგომების ეფექტიანობის უტყუარობაში იმდენად დარწმუნებულები, რომ ყურადღების მიღმა რჩებათ ბალანსის დაცვა და ოპტიმალური მიდგომით მეტად დაინტერესების საჭიროება.
და მაინც, თუ კითხვას დავსვამთ შემდეგნაირად: აღზრდის ლმობიერი თუ აღზრდის მკაცრი სტილი? – ცალსახა პასუხი იქნება „არც ერთი“. ამ პასუხის უკეთ გასაგებად, პირველ რიგში, განვმარტოთ ის, თუ რას ვგულისხმობთ თითოეულ მათგანში.
თუკი ლმობიერი აღზრდის სტილში ვგულისხმობთ ამ სტილისთვის დამახასიათებელ ისეთ გამოვლინებებს, რომ ბავშვებს უფროსები არ უწესებენ შეზღუდვას, მათზე არ ხორციელდება არანაირი კონტროლი, არ აქვთ ქცევის წესების წინასწარ შემუშავებული ჩარჩო, მათ საკუთარ ქცევებზე არ აკისრებენ ასაკის შესაბამის პასუხისმგებლობას, ანუ ბავშვი ნებისმიერ დროს აკეთებს იმას, რაც სურს და სიამოვნებს და ბავშვის ქცევის ამ გამოვლინებების მიმართ მშობელი კმაყოფილია ან/ და მიმღები, ეს არ არის აღზრდის ის სტილი, რომელიც ეფექტური იქნება შედეგის თვალსაზრისით. აღზრდის ასეთი სტილი ბავშვებს, დიდი ალბათობით, ხელს შეუშლის პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებაში, საკუთარი ემოციისა და ქცევის რეგულაციის სწავლაში, დამოუკიდებლად მოქმედებ
ის უნარის განვითარებასა და ჯანსაღი განვითარებისა და ადაპტაციისთვის საჭირო სხვა უნარების შეძენა-განვითარებაში.
რაც შეეხება აღზრდის გადაჭარბებულად მკაცრ სტილს, ამ შემთხვევაში უფროსები ბავშვის მიმართ, ძირითადად, იყენებენ დირექტიულ მიდგომას. როგორც წესი, უფროსები დგანან „ჩასაფრებულის“ პოზიციაში ბავშვის ნებისმიერი ქცევითი გამოვლინების მიმართ, ცდილობენ გააკრიტიკონ, გაკიცხონ, წუნი მოუძებნონ გაკეთებულში, იმ მიზნით, რომ (როგორც თავად თვლიან) შემდეგში უკეთ შეასრულონ ესა თუ ის ამოცანა/ დავალება, ამ დროს კი ავიწყდებათ, რომ ბავშვის მიმართ მხოლოდ ნეგატიურ დამოკიდებულებას გასცემენ. მკაცრი აღზრდის დროს, ბავშვები მუდამ იმის მცდელობაში არიან, რამე არ შეეშალოთ, რადგან მათ უფროსებმა დაასწავლეს, რომ შეცდომის დაშვება არ შეიძლება. ბავშვები, როცა რამეს დააშავებენ, ან რამე ისე კარგად არ გამოსდით, როგორც მშობლებს მოეწონებოდათ, ცდილობენ დაუმალონ მშობლებს ან „აკრძალული“ ქცევები სხვა სივრცეში გამოავლინონ, სხვა ადამიანებთან მიმართებაში, რის განსახორციელებლადაც ხშირად მიმართავენ არა კონსტრუქციულს, არამედ დესტრუქციულ, საზიანო გზებს. ამასთან, მკაცრი სტილის გამოყენების მომხრე მშობლები, არ უფრთხილდებიან სასჯელის უფრო რთულ ფორმებსაც და ხშირად ბავშვის ფიზიკურად დასჯასაც მიმართავენ ხოლმე. ასეთ ბავშვებს არ აქვთ საკუთარი აზრის ღიად გამოთქმის, საკუთარი სურვილების გამოხატვის საშუალება, მათ არ უტოვებენ დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას, რადგან მოცემულ ურთიერთობაში დომინანტად უფროსი (დედა, მამა, მასწავლებელი…) ითვლება, რის საპირწონედაც ბავშვის უფლებები კნინდება.
მკაცრი, აგრესიული აღზრდის სტილის გამოყენება, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდირებული და უფროსებს მართებთ, გაიაზრონ ის სირთულეები, რომლის წინაშედაც ბავშვებს აყენებენ მათთან მიმართებაში მსგავის მიდგომის გამოყენების დროს. გადაჭარბებული სიმკაცრით აღზრდილ ბავშვებს ნაკლებად აქვთ განვითარებული ინიციატივის გამოჩენის, თვითპრეზენტაციის, დამოუკიდებლად მოქმედების უნარი, რადგან მათგან მშობლები/ უფროსები ითხოვენ უსიტყვო მორჩილებას, რაც განვითარების შემდგომ გზაზე ხელისშემშლელად აისახება ურთიერთობებში წარმატებაზე; ასევე, ამ აღზრდის სტილის გამოცდილების მქონე ბავშვებში ხშირად ვხვდებით დაბალ თვითშეფასებას, რადგან მათ მუდმივად „აჩუმებდნენ“ მიზეზის ახსნის გარეშე; შესაძლოა, ბავშვები ასევე გახდნენ აგრესიულები როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ, რადგან აგრესიის, ფიზიკური დასჯის ქვეშ აღზრდილ ბავშვებს, სამწუხაროდ, ჭარბად ეძლევად აგრესიული ქცევისა და აგრესიული გზით რიგი საკითხების გადაჭრის მაგალითები.
აღზრდის როგორი სტილია მისაღები?
აღზრდის ოპტიმალური სტილი, რომელიც როგორც პროცესში, ისე სასურველ შედეგზე გასვლის თვალსაზრისით, ყველაზე ეფექტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ავტორიტეტული აღზრდაა, როცა უფროსი ადამიანი ბავშვისთვის არის ავტორიტეტი და ბავშვის ესა თუ ის ქცევა ხორციელდება არა მის მიმართ შიშის, არამედ პატივისცემის გრძნობის საფუძველზე. აღზრდის ამ სტილის დროს, ბავშვის ქცევების მიმართ ხორციელდება კონტროლი, წინასწარ შემუშავებული წესების ჩარჩოს ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ წესების ჩარჩო შემუშავებული იყოს არა ერთპიროვნულად მშობლის მიერ და შემდეგ თავსმოხვეული და წაყენებული ბავშვისათვის მოთხოვნების სახით, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჩართულობა წესების შემუშავების პროცესში. გარდა კონტროლისა, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და არა გადაჭარბებული, აღზრდის მისაღები სტილი მოიაზრებს ბავშვის მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას, მისი ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვასა და მასთან ემოციურ ჩართულობას. ასეთი მიდგომით, შევძლებთ ბავშვი დავიცვათ იმ შედეგებისგან, რაც მოსალოდნელი იყო ზემოთ განხილულ ერთი მხრივ ლმობიერი მიდგომის, მეორე მხრივ კი მკაცრი, აგრესიული აღზრდის სტილის გამოყენების დროს, სანაცვლოდ კი აღვზრდით შვილს, რომელსაც შეეძლება როგორც საკუთარი, ისე სხვისი აზრის პატივისცემა, იქნება პასუხისმგებლიანი, დამოუკიდებელი, ემოციურად გაწონასწორებული, ადეკვატური ქცევაში, კომუნიკაბელური და სოციალური, რაც, რა თქმა უნდა, ცალსახად საჭიროა ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად.
7 რჩევა თეო ნუცუბიძიგან:
გადაცემის აუდიოჩანაწერი