მზია ამაღლობელის ადვოკატებს არ მიუღიათ გამოკვლევების შესახებ ინფორმაცია, – ამის შესახებ მის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ დროს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები დაიწყოს.
„შიმშილობის მეთვრამეტე დღე ეს არის უკვე ისეთი პერიოდი, როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის რეგულარული მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს და ის ანალიზები, რაც ჩატარდა გუშინ ან გუშინ წინ, დღეს და ხვალ არარელევანტურია.
ეს არის მდგომარეობა, როდესაც დღეში რამდენჯერმეც საჭიროა სხვადასხვა პარამეტრების კონტროლი და სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამისი ჩარევა, ინტერვენცია. შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის წვდომაზე დაყოვნება ძალიან საგანგაშოა.
ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გადაეცემოდეს ადვოკატებს, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, რამდენად ადეკვატურად და ეფექტურად იმართება მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. უკვე ნებისმიერ დროს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები დაიწყოს.
არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ის კონტაქტურია, ფეხზეც დგას, ეს არ განსაზღვრავს მოშიმშილეს ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს. სიმძიმეს განსაზღვრავს გამოკვლევების შედეგები. საინტერესოა უტარდება თუ არა კომპლექსური გამოკვლევები. ასევე უნდა გვქონდეს ინფორმაცია, რამდენად შეძლებს ასეთი რთული პაციენტის მართვას პენიტენციური სამსახური, ხომ არ არის საჭირო მრავალპროფილური ჩარევა მისი ჯანმრთელობის კონტროლზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს.
ცნობისათვის, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.