“ქართული ოცნების” წევრი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება სახალხო დამცველის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ნინო ლომჯარიას მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სერიოზულ ფიგურად არ მიაჩნია.
როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველმა დაადასტურა უმრავლესობის ეჭვები, რომ ომბუდსმენი პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არის ჩართული.
გურამ მაჭარაშვილის თქმითვე, როგორც ჩანს, სახალხო დამცველს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები აქვს:
“პრაქტიკულად, სახალხო დამცველმა დაადასტურა ჩვენი ეჭვები და განცხადებები, რომ ნინო ლომჯარია პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში, რადგან სახალხო დამცველის ფუნქციები არ არის, განცხადებები აკეთოს და არკვიოს, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ფუნქციები და ლეგიტიმაცია რა არის და რა არა.
არჩევნები ჩატარდა და თუ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ლეგიტიმაცია არ აქვს, 48 % არ იქნებოდა აღებული. სახალხო დამცველს ვურჩევ, წაიკითხოს, რას ნიშნავს მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა და მისი ლეგიტიმაცია.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სახალხო დამცველს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები აქვს. სულ მცირე, ეს შეიძლება იყოს, რომ “ქართული ოცნების” ობიექტური შეფასებები არ მოსწონს მის საქმიანობაზე, საიდანაც სხვათა შორის, თავად არის არჩეული და ახლა აპირებს, საწინააღმდეგო განცხადებები აკეთოს და ამისთვის გამოიყენოს აპარატი, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს ემსახუროს და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს.
საზოგადოება ხედავს, რომ, სამწუხაროდ, ლომჯარია არა ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტერესებით, არამედ “ნაციონალური მოძრაობის”, რადიკალური ოპოზიციის ლიდერების უფლებების დაცვით არის დაკავებული. ბოლო დღეების განმავლობაში საუბრობს რადიკალური ოპოზიციის თითოეული ლიდერის უფლებებზე და იმაზე, ვის წამოსტკივდება თავი და ვინ რომელ კურორტზე უნდა იყოს გადაყვანილი. უკვე პოლიტიკური პარტიების ლიდერების პირადი სამედიცინო სფეროს მომსახურებასაც ეწევა.” – თქვა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და მის ექსპერტებს – ექიმებს მათი პროფესიული მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო.
“არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად. პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად.” – თქვა ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არც ერთ ქვეყანასთან დასავლეთში.