„დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის საქმეზე მეშვიდე ეჭვმიტანილი დააკავა,“ – ამის შესახებ „სკოტლანდ-იარდში“ განაცხადეს.
„მეშვიდე ეჭვმიტანილი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში დავაკავეთ – ის 20 წლის მამაკაცია. დაკავებული იზოლატორშია გადაყვანილი. ახლა პოლიცია და ექსპერტები მის სახლს ჩხრეკენ,“ – განუცხადა „რია ნოვოსტის“ „სკოტლანდ-იარდის“ წარმომადგენელმა.
ბოლო მონაცემებით, ერთ-ერთ დაკავებულს, 18 წლის ახმედ ჰასანს ტერაქტთან კავშირში ბრალი წაეყენა, კიდევ სამი პირი პოლიციაში იმყოფება, სამი კი ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.
15 სექტემბერს ლონდონის მეტროს სადგურ „პარსონს გრინზე“ აფეთქება მოხდა. დაშავდა 30 ადამიანი.