ივნისში, ლონდონის ,,უესტ-ენდი” სპექტაკლს – „სინატრა: მიუზიკლი“ (Sinatra: The Musical) უმასპინძლებს. დადგმა ლეგენდარული მომღერლის – ფრენკ სინატრას ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.
გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი ჩვენებები ,,ოლდვიჩის თეატრში”, 3 ივნისიდან დაიწყება, ოფიციალური პრემიერა კი, 24 ივნისს შედგება.

თეატრალურ სანახაობაში საკულტო არტისტის 20-ზე მეტი ჰიტი აჟღერდება, მათ შორის ისეთი დაუვიწყარი სიმღერები, როგორებიცაა: That’s Life, One for My Baby, The Best Is Yet to Come და Come Fly with Me.
„მამა ყოველთვის ამბობდა: თუ სიმღერას ვერ ვგრძნობ, ვერც ვიმღერებო. სწორედ ამიტომ, ის მხოლოდ სიმღერებს კი არ ასრულებდა, არამედ საკუთარი ცხოვრების ემოციურ დღიურს ქმნიდა,“ – აღნიშნა მომღერლის შვილმა, ტინა სინატრამ, რომელიც დადგმის ერთ-ერთი წარმდგენია.
მისივე თქმით, ეს კლასიკური ჰიტები მიუზიკლის გულს წარმოადგენს და მაყურებელს სინატრას უფრო ინტიმურ პორტრეტს დაანახებს.
„ეს დადგმა, ისევე როგორც მამაჩემი, სავსეა მუსიკით, ვნებითა და იუმორით. ვამაყობ, რომ ბოლოს და ბოლოს მისი და ჩვენი ოჯახის ისტორიას საზოგადოებას ვუზიარებთ“ – დასძინა მან.
მსახიობთა ვინაობა ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება.
ცნობისთვის, სპექტაკლი პირველად 2023 წელს, ,,ბირმინგემის რეპერტუარულ თეატრში” გაიმართა.
სინოფსისის მიხედვით, სიუჟეტი 1942 წლის ახალი წლის ღამეს იწყება. 27 წლის გამხდარი, იტალიური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი ნიუ-იორკის Paramount Theatre-ის სცენაზე გამოსასვლელად ემზადება – ეს ის საღამოა, რომელმაც მუსიკის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. კარიერული აღმავლობის პარალელურად, სინატრას უწევს ბალანსის პოვნა მეუღლის, ნენსის სიყვარულსა და პოპულარობით გამოწვეულ ცდუნებებს შორის. თუმცა, როდესაც კინოღვთაება ავა გარდნერთან მისი ვნებიანი რომანი იწყება, მომღერლის ფირფიტების გაყიდვები ეცემა, პრესა კი მის წინააღმდეგ ილაშქრებს, რაც მის კარიერას უფსკრულისკენ მიაქანებს. ოჯახისადმი ერთგულებით, უბადლო არტისტიზმითა და დაუღალავი შრომით, სინატრა ახერხებს შოუბიზნესის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი დაბრუნება მოაწყოს.