5 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მსახიობი ლელა მებურიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ ლონდონურ ცხოვრებაზე ისაუბრა.
– ლელა, რატომ გადაწყვიტეთ ლონდონში გამგზავრება?
– ჩემს მეუღლეს შესთავაზეს ლონდონში მუშაობა, თუმცა თვითონაც ყოველთვის ძალიან მინდოდა. მართალია, მიწვევა მანამდეც მქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვიზიტის გადადება მომიწია.
– რამდენად რთულია ბრიტანეთში საკუთარი ადგილის დამკვიდრება?
– დამკვიდრება ყველგან რთულია, ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ახლობლების მხარდაჭერა. მართალია, ახალჩამოსული არავის ვიცნობდი, მაგრამ ძალიან სწრაფად შევიძინე მეგობრები სხვადასხვა სფეროდან.
– რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად ლონდონში ახალ ჩასულს?
– რა თქმა უნდა, ახლობლებთან დაშორება. მართალია, ინტერნეტი ყოველდღიური ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ მაინც ძალიან რთულია საყვარელ ადამიანებთან დისტანციურად ურთიერთობა. გამიჭირდა საყვარელი საქმის დატოვებაც, მით უფრო, რომ ძალიან აქტიურად ვმუშაობდი, სისტემატურად ვმონაწილეობდი სპექტაკლებში და სამომავლოდაც უამრავი გეგმა მქონდა. ლონდონში კი, ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიხდა, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან პირველ რიგში მენტალურად მომიწია განსხვავებულ გარემოს მორგება. უამრავი წერილი გავგზავნე აგენტებთან, რადგან მათ გარეშე აქ არაფერი ხდება. ძალიან გამიხარდა, რომ პირველსავე დღეს მივიღე თანამშრომლობის შეთავაზება, რადგან ჩვეულებრივ აგენტები ნაკლებად პასუხობენ მსგავს წერილებს. მართალია, არჩევანის გაკეთება გამიჭირდა, მაგრამ მომიწია და ერთ-ერთ სააგენტოზე შევაჩერე არჩევანი, მათთან გავაფორმე ხელშეკრულება და ახლა, სწორედ მათზეა დამოკიდებული ჩემი ბედი.