გერმანულმა ავიაკომპანიამ Lufthansa ხელბარგის გადაზიდვის პოლიტიკა შეცვალა, რაც მგზავრებისთვის გარკვეულ შეზღუდვებსა და ფინანსურ ვალდებულებებს აწესებს.
ახალი რეგულაციების თანახმად, ეკონომ კლასით მგზავრობისას ბორტზე მხოლოდ ერთი მცირე ზომის ჩანთის ატანა იქნება ნებადართული, რომელიც სავარძლის ქვეშ უნდა მოთავსდეს. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს სტანდარტული ზომის საგორებელი ჩანთის ატანა სურს სალონში, მას დამატებითი საფასურის გადახდა მოუწევს, რაც აქამდე ბევრ რეისზე უფასო იყო ან უფრო მოქნილი პირობებით რეგულირდებოდა.
ავიაკომპანიის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს თვითმფრინავში ჩასხდომის პროცესის დაჩქარებას და სალონში სივრცის უფრო ეფექტურ გადანაწილებას.
Lufthansa მგზავრებს მოუწოდებს, წინასწარ შეამოწმონ საკუთარი ჩანთების ზომები და წონა, რათა აეროპორტში ჩასხდომისას გაუთვალისწინებელი ჯარიმები აიცილონ თავიდან.
ცვლილებები ეხება Lufthansa ჯგუფში შემავალ სხვა ავიაკომპანიებსაც, მათ შორის Austrian Airlines-სა და Swiss-ს, რაც ევროპულ საავიაციო ბაზარზე მომსახურების სერვისების კიდევ უფრო მეტ სეგმენტაციაზე მიუთითებს.
