საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის, გარკვეული ადამიანები “თავს ესხმიან” საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას. ელჩი განმარტავს, რომ აღნიშნული ლაბორატორია, როგორც დიაგნოსტიკის ცენტრი, ვირუსის მართვისა და შეკავების შესაძლებლობაა. ამის შესახებ დეგნანმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ყოფნისას ისაუბრა. ელჩის კომენტარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგებლობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა.