LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა ჭოხონელიძე: „მარინა ბერიძის გარდა, ყვავილები ჯერ სხვა ქალისთვის არ მიჩუქებია…“

ლუკა ჭოხონელიძეს ქართული სიმღერის მოყვარულები უკვე კარგად იცნობენ. ეს ნაწილობრივ მისი ოჯახის და დედის, ცნობილი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, ნატო გელაშვილის დამსახურებაა, ნაწილობრივ კი პოპულარული მეგაშოუ „მხოლოდ ქართულის“, რომლის მესამე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე გახლავთ და ჟიურისგან დადებით შეფასებებს ხშირად იმსახურებს.

ლუკას ტემბრი და შესანიშნავი სმენა აძლევს იმის საშუალებას, რომ ძალიან კარგად მოირგოს ქალაქური სიმღერაც და რომანსებიც, თავადაც ასე მიიჩნევს და კონკურსში რაც შეიძლება მეტ ხანს სურს დარჩენა საკუთარი შესაძლებლობების გამოსახატად, ასევე ბევრი რამის სწავლაც სურს და ალბათ, საბოლოოდ, საკუთარ პროფესულ გზას სიმღერას დაუკავშირებს…

გოგონებთან გაპრანჭვა დიდად არ უყვარს და მათ გულს არც ყვავილების და არც საჩუქრების ჩუქებით არ იგებს. ერთადერთი ქალი, ვისაც ამ დრომდე ასი ვარდი უსახსოვრა, მარინა ბერიძე გახლდათ, რომელსაც დიდ პატივს სცემს, ხოლო გოგონებისთვის საჩუქრად სიმღერებს იმეტებს.

ლუკას ,,ორანჟერიაში” შევხვდით და ინტერვიუსთან ერთად ,,ფორტუნას” ფოტოსესიასც შედგა.

ლუკა ჭოხონელიძე:

სხვათა შორის, ჩემთვის ან ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ოდესმე რომ გეკითხათ, კონკურსზე გავიდოდი თუ არა, ყველა იტყოდა არას, საკონკურსო ტიპაჟი არ არისო… საკმაოდ საინტერესო ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში. ბევრ სხვადასხვა წახნაგს ხედავ, რაღაც მოგწონს, რაღაც – არა. „მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობის გადაწყვეტილება საკმაოდ რთულად, იმავდროულად, სპონტანურად მივიღე. სულ იყო შემოთავაზებები, ოჯახიდან, სამეგობროდან, რომ ბედი მაცადა, თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ მსგავსი სამოტივაციო შეძახილები არ ყოფილა დედაჩემისგან… კასტინგების ბოლო დღეს მივედით მე და ჩემი ძმა. სანამ ხელში ბილეთი არ დავიჭირე, მანამდე დედაჩემისთვის არ მითქვამს. არ მინდოდა, მანამდე ენერვიულა. გადასვლის შემდეგ ვახარეთ, მაგრამ მერეც ინერვიულა და ახლა, ყოველ ორშაბათს ღელავს, მაგრამ გაუძლებს (იღიმის). ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ამ პროექტმა ბევრი რამ მომცა, კიდევ ბევრსაც ველოდები და ერთად ვნახავთ, რა იქნება…

დედა ყველაზე მეტად რაზე ღელავს?

როგორც დედას, უნდა, რომ კარგად გამოვიდე და კარგი გამოსვლები მქონდეს ზოგადად, მაგრამ სურს, კონკურსმა და ნერვიულობამ არ „გადამყლაპოს“. მან იცის ჩემი შესაძლებლობები და როცა ხედავს, რომ რომელიმე ტურზე, და ასეთი შემთხვევა ყოფილა, ჩემი თავი ბოლომდე ვერ გამოვავლინე, გული სწყდება. თუმცა, ვფიქრობ, ყოფილა ისეთი ტურებიც, სადაც მაქსიმუმი თუ არა, ჩემი შესაძლებლობების დიდი ნაწილი გამომივლენია და დედაც კმაყოფილი დარჩენილა.

რამეში გიშლის ხელს ის, რომ ნატო გელაშვილის შვილი ხარ?

სიმართლე გითხრა, კომენტარებს ვიდეოების ქვეშ არ ვეცნობი. ბევრმა ადამიანმა მირჩია, რომ ასე ჯობს. რასაკვირველია, იქ დადებითი კომენტარებიც არის, მაგრამ იქნება ბევრი უარყოფითი დამოკიდებულება იმის გამო, რომ მე ვარ ნატო გელაშვილის შვილი და შეიძლება, ვიღაც მიკერძოებული იყოს ჩემ მიმართ… როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, ამასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუკი სასწორზე დავდებთ, დადებითი მუდამ გადაწონის უარყოფითს. მცირედი უარყოფითი რაღაცებიც იჩენს თავს და რაღაც კუთხით ბარიერია, მაგრამ ეს ბარიერიც დამსახურებულია. თუკი ის მოგწონს, რომ ვიღაცის შვილი ხარ და ეს ბევრ რამეში გადგება, ისიც უნდა გადალახო, რომ ბარიერებიც იქნება. ეს ყველაფერი ერთმანეთს აბალანსებს.

შენს ძმას არ უნდა კონკურსში ბედის ცდა?

ჩემი ძმა კარგად მღერის, მაგრამ ასე ერთი წლის წინ არც მე მიფიქრია, რომ გავიდოდი სადმე. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ალბათ არ მიიღებს მონაწილეობას კონკურსებში, თუმცა არაფერია გამორიცხული და შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ 30 წლის გიორგი ჭოხონელიძე ვიხილოთ რომელიმე კონკურსში (იღიმის). გულახდილად რომ ვთქვა, ამაში მაინც ეჭვი მეპარება…

ყველაზე რთულად რომელი ტური გადალახე?

რთულს ვერ დავარქმევდი, უფრო არაკომფორტულს „გამოუვალი მდგომარეობის“ ტურს. ვინც მე მიცნობს, იმით, რაც უკვე გაკეთებული მაქვს, მცირე რაოდენობის ხალხზე მაქვს საუბარი ჯერჯერობით, ტიპაჟი ვინც იცის ჩემი, ყველას ჰქონდა დისკომფორტი ამ ტურზე ჩემი მოსმენისას. ეს იყო ჩემი მცდელობა, სხვა მიმდინარეობაში მეპოვა თავი, თუმცა ვაღიარებ, რომ ეს არ არის ჩემი სტილი და გამოჩნდა კიდეც ლაივკონცერტიდან. რამდენად გამომივიდა, ეს მსმენელმა უნდა შეაფასოს.

შენი სტილი ნაპოვნი გაქვს?

ზუსტად ვიცი, რა მიყვარს და რა გამომდის ყველაზე კარგად. ძალიან მიყვარს ქალაქური სიმღერის მიმდინარეობა. ვიტყოდი იმასაც, რომ ქალაქში უკვე საკმაოდ მწირია ეს მუსიკა და მით უმეტეს, ჩემი ასაკის ადამიანებს შორის ცოტა ვიცი, ვინც ამ მიმდინარეობას უსმენს ან თავად ასრულებს. თუკი შეიძლება, ჩემს თავს ამ ეტაპზე მომღერალი დავარქვა, ამ მიმდინარეობის შემსრულებელი უფრო ვარ. სხვა სტილზეც უარს არ ვიტყვი და გამოწვევებზე, მაგრამ ჩემი აზრით, საკუთარი თავი ნაპოვნი მყავს, ქალაქური სიმღერა იქნება ეს თუ რომანსი, ან დუეტში ძველი კომპოზიციის შესრულება.

შენი გამოსვლებიდან ასი ვარდით შენი გამოსვლა გახსოვს, რომელიც სცენიდან მარინა ბერიძეს უსახსოვრე. როგორ დაგეგმე ეს?

საკონკურსო ფორმატია და რა თქმა უნდა, თვითნებურად ვერ გავაკეთებდი. ერთობლივად გავახარეთ ქალბატონი მარინა ბერიძე, ვფიქრობ, დამსახურებულად, რადგან ის დიდ შრომას დებს ქართული მუსიკის განვითარებაში.  ამ კონკურსის პროდიუსერი გახლავთ. თეთრი ვარდები მისთვის ნამდვილად დამსახურებული იყო.

საყვარელი გოგონასთვის მიგირთმევია ასი ვარდი?

სხვათა შორის, არა. ასეთი ჩვევა მაქვს, გოგონებს არც ყვავილებს და არც საჩუქრებს არ ვჩუქნი. როცა ადამიანს რაღაცას ჩუქნი, უნდა თუ არა, ავალდებულებ, რომ გაგიღიმოს, მადლობა გითხრას და ამით უხერხულ სიტუაციაში აგდებ. ყოველთვის მირჩევნია, რომ ურთიერთობა იყოს ბუნებრივი. შესაძლოა, ადამიანს მცირედი საჩუქარი აჩუქო, სიმბოლურად, რასაც რაღაც დატვირთვა ექნება და შენს სახელთან ასოცირდება. ჩემგან მარინა ბერიძისთვის ვარდების ჩუქება საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯი იყო და ამ პროექტში ამ მხრივაც „მოვინათლე“.

სიმღერასაც არ ჩუქნი გოგონებს?

ძალიან ბევრი მიჩუქებია. ერთ მომენტში ათიც მიმღერია, სიმღერა არ მენანება. ას ვარდს დამსახურება სჭირდება. აქამდე ასეთი არავინ ყოფილა. რომელიმე გოგონას ასი ვარდი თუ ვაჩუქე, ე.ი. ბოლომდე უნდა გავყვე… თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ დედაჩემია ის ქალი, რომელიც ასს კი არა, ათიათას ვარდსაც კი იმსახურებს…

გოგონების გულთამპყრობელი ხარ ამ პროექტის კონკურსანტებს შორის.

მართლა?!. არ ვიცოდი (იღიმის). ამისთვის არაფერს ვაკეთებ. პირიქით, ალბათ, მაქსიმალურს ვაკეთებ, რომ ასე არავინ ჩათვალოს. სასიამოვნოა ჩემი ასაკის ადამიანისთვის, რომ გულთამპყრობელი ვიყო, მაგრამ როცა მუსიკალურ პროექტში გამოდიხარ, მუსიკალურად უნდა დაიპყრო მსმენელის გული. თუ მუსიკით ვარ, სასიამოვნოა, თუ სხვა რამით, ესეც სასიამოვნოა, მაგრამ ნაკლებად.

როგორ გოგონას აქვს შანსი, შენი გული მოიგოს?

ყველანაირს. მთავარია, იყოს საინტერესო ტიპაჟი და წვრილი ტანი აქვს თუ არა, ამას მნიშვნელობას არ მივანიჭებ. გარეგნობას რაღაც დატვირთვა აქვს და ყოველთვის ექცევა ყურადღება, მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვით, რომ ქუჩაში დავდივარ და გოგონებს ვეძებ… შორი პერსპექტივის თუ არა, სულ მცირე, მეგობრობის შანსი ყველას აქვს ჩემთან. გელოდებით გულით და ორივე ხელით (იღიმის).

ქართული სიმღერის სიყვარული სავალდებულო ხომ არ არის?

ყველა მისვამს ამ შეკითხვას, ნამდვილად არ არის სავალდებულო. მე თავად მრავალ ჟანრს ვუსმენ, მაგრამ განსაკუთრებით, ქართულ რეპერტუარს. 24 საათი ამას ვმღერი და ვუსმენ და შეუძლებელია გაუძლო, ან უნდა შეგიყვარდეს, ან სადმე გაიქცევი (იცინის). შეიძლება, ძალიან არ უყვარდეს, მაგრამ გვერდზე ოთახში არ უნდა გარბოდეს, როცა ქართულ სიმღერას გაიგებს.

ჟიურის წევრების შეფასებებიდან რაიმე გულდასაწყვეტი ხომ არ გახსენდება?

არა. ბევრი მწერს, ჟიურის შეფასებებზე არ ნერვიულობ, ზოგადად არ ღელავო. თავდაჯერება იმას არ ნიშნავს, რომ არ ვნერვიულობ. შიდა სამზარეულოს მაყურებელი ვერ ხედავს და ვერც უნდა ხედავდეს, ესაა ამ პროექტის ხიბლი. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ობიექტური ჟიურია, პროფესიონალები არიან და აფასებენ ისე, როგორც უნდა აფასებდნენ. პროექტს თავისი ჩარჩოები აქვს და მაყურებელი ყველაფერს ხედავს. ნამღერს მაყურებელიც აფასებს. აზრები ორად იყოფა, რომ შესაძლოა, ვიღაც მიკერძოებული იყოს, რადგან არ მოსწონთ, როცა რომელიმე კონკურსანტს კრიტიკულად უდგებიან, მაგრამ ეს პროექტია, შოუს ნაწილია და მის გარეთ, კონკურსანტებს ახლო ურთიერთობა გვაქვს ჟიურის წევრებთან, უმაგრესი ადამიანები არიან და სამწუხაროა, რომ მაყურებელმა არ იცის, მაყურებლამდე ეს არ მიდის.

ნატო თუ გირჩევს, რა როგორ იმღერო ან შესრულების შემდეგ მისგან შენიშვნებს თუ ისმენ?

საერთოდ არ ერევა და ეს ჩემი სურვილიც იყო. თავადაც ასეთია ბუნებით. ურჩევნია, ნახოს, რას გავაკეთებ დამოუკიდებლად. ამას უფრო მეტი ფასი ექნება. ცდილობს, თავად წარმოვაჩინო საკუთარი თავი. შენიშვნები მისგან არ მახსენდება. ნატო გელაშვილს ორად ვყოფ, დედაჩემი ნატო და ქალბატონი ნატო გელაშვილი. ეს მეორე ისეთივეა ჩემთვის, როგორც სხვისთვის. მისი მსმენელი და თაყვანისმცემელი ვარ. დედისგან მიმიღია რჩევა, მიდი, დე, წარმატებებიო. ქალბატონი ნატო მირჩევს, მთავარია, სცენაზე გულწრფელი იყოო. მეც ვეთანხმები, რომ გულწრფელობა მთავარია. დღეს ეს გვაკლია ყველაზე მეტად სცენაზე. ეს არის ყველაზე დასაფასებელი ადამიანში არა მხოლოდ სცენაზე, არამედ სცენის მიღმაც.

პროფესიით იურისტი ხარ…

ჩემი იურისტობა არ გაიშვა (იცინის).

ამ პროფესიას გაჰყვები თუ სიმღერას?

ამ პროექტში სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოვედი. ვერ გეტყვით, რომ ბოლომდე გავეცი პასუხი, შუაში ვარ და ვმერყეობ. დიდი სურვილი მაქვს, რომ მუსიკას გავყვე და მაქსიმალურად ვიყო ამ სფეროში. რამდენად მომცემს ამის შესაძლებლობას ცხოვრებისეული სიტუაცია და სხვა გარემო ფაქტორები, ვერ ვიტყვი. სწავლას დავასრულებ… პროექტის განმავლობაში მუსიკის იქით არაფერი ხდება, უნივერსიტეტში აკადემიური ავიღე, სამსახურიდან წამოვედი, სტატუსი მაქვს შეჩერებული და „მხოლოდ ქართულზე“ ვარ ორიენტირებული. ვნახოთ, რა იქნება… (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: კაფე „ორანჟერეა“ 

ნინო მურღულია