LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკო პლაჟზე წამოსაწოლად ნამდვილად არ ჩასულა – ელჩის დაბარება არ არის პასუხი, შემხვედრი პასუხი იქნებოდა ელჩის გაძევება, უნდა დაანახო ყველას, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც არ მოითმენ: გიორგი რუხაძე

50
გიორგი რუხაძე

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, გიორგი რუხაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს აფასებს. მისი განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ბელარუსის „უწყებაში ელჩის დაბარება არ არის საკმარისი და შემხვედრი პასუხი ელჩის გაძევება იქნებოდა“.

რუხაძის განცხადებით, საქართველომ უნდა დაანახვოს ბელარუსს და ყველას, რომ ეს არის საკითხი, რასაც არ მოითმენს.

„მე მგონია, რომ ხვალ გამოიწვევენ ჩვენს ელჩს ბელარუსიდან, მაგრამ მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, უფრო მნიშვნელოვანია ელჩის გაძევება. ეს ხუმრობა არ არის, აღიარება არაა, მაგრამ სახელმწიფოს პირველი პირი რომ ჩადის ასე დემონსტრაციულად, ამას სჭირდება პასუხი, ელჩი რომ დაიბარე, ეს არ არის პასუხი, ამას უნდა შემხვედრი პასუხი, ჩემი აზრით ეს იქნებოდა ელჩის გაძევება, ხოლო თუ აღიარებაზე წავა საქმე, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაა, შემდეგი სადგური დიპლომატიურ ხაზზე.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი, შეიძლება შენ გადახედო ბელარუსთან სავაჭრო ურთიერთობებს, სატრანსპორტო ურთიერთობებს, შეიძლება საერთოდ „პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადო ლუკაშენკო, ბევრი რამეა რისი გაკეთებაც შეიძლება. შენ უნდა დაანახვო ბელარუსსაც და ყველას, რომ ეს არის ის საკითხი, რომელსაც არ მოითმენ, დათმობა არ იქნება“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძის განცხადებით, ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა შეიძლება დასავლეთისთვის იყოს გზავნილი, რომ მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ პრობლემების შექმნა.

„ლუკაშენკო დიდი ხანია რის ბელარუსის პრეზიდენტი და ეს არის პირველი შემთხვევა. ამის უკან რომ რაღაც მიზეზი არ იყოს, გამორიცხულია, უბრალოდ პლაჟზე წამოსაწოლად ნამდვილად არ ჩასულა.

მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო არის გზავნილი დასავლეთისთვის, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ პრობლემები შექმნას მათ შორის საქართველოსთვის და სხვებისთვის. ეს არის ერთგვარი მცდელობა, დაანახვოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ყველაფერი ისე არ მიდის როგორც დაგეგმილი იყო, რუსეთს შეუძლია მრავალვექტორიანი თამაში. არ ვიცი ეს საქართველოსთვის რა გზავნილია, მე რომ მკითხოს ადამიანმა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რაც რუსებს უნდა, ეს რომ კიდევ საქართველოსთვის გზავნილი იყოს, რაღაც გააკეთეთ, თორემ აღიარება მზად არის… ამის საბაბს საქართველოს ხელისუფლება არ იძლევა“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g