ლევან გაბაძეს მიერ გადაღებული ფილმს, რომელიც სახიფათო ინტერნეტთამაშის “ლურჯი ვეშაპის” შესახებ მოგვითხრობს, მალე სკოლებში აჩვენებენ. ამი შესახებ, რეჟისორმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 15-წუთიანმა მხატვრულმა ფილმმა ეროვნული კინოცენტრის მოწონება დაიმსახურა და სწორედ მათ გადაწყვიტეს მისი სკოლებში ჩვენება.
გაბაძე ასევე აცხადებს, რომ ფილმი საერთაშორისო ფესტივალებზეც მიიღებს მონაწილეობას.
“ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. აჩვენებს ამ საზარელ თამაშში მონაწილე ყველა მხარეს. ვიდრე ფილმის გადაღებას დავიწყებდით, ჩვენ მოვიძიეთ ძალიან ბევრი ინფორმაცია, როგორც ქართული, ისე უცხოური რეალობიდან. ვესაუბრეთ ფსიქოლოგებს და სხვა სპეციალისტებს და ერთად შევკარით ეს გამოცდილებები. იმედი გვაქვს, რომ ფილმი დიდ როლს ითამაშებს პრობლემის პრევენციაში და სასარგებლო იქნება როგორც მოზარდებისთვის, ისე მისი მშობლებისთვის. პრევენციის მიზნით არის ფილმი გაკეთებული და იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება. ამჟამად მიმდინარეობს ფილმის თარგმნა და ინგლისურ სუბტიტრებზე მუშაობა, რადგან ვგეგმავთ საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობის მიღებას”, – აცხადებს რეჟისორი.