რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე თავის მოვლის ახალი ხაზი გამოჩნდა. M110 ჯერჯერობით მხოლოდ სახის შრატითა და კრემითაა წარმოდგენილი, იმ ორი უმნიშვნელოვანესი პროდუქტით, რომლებიც სახის კანის გამოცოცხლებასა და გაჯანსაღებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. სილამაზის აღნიშნული ლუქს ფორმულის შემქმნელი ცნობილი ტელეწამყვანი მაია ასათიანია:
– რაც 35 წელს გადავაბიჯე, მინდოდა, თავის მოვლის საკუთარი ხაზი მქონოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროფესია მართლა მთელ სულსა და გულს მოითხოვს და არცერთ წამს არ გიტოვებს სხვა თემაზე ფიქრისთვის, თავის მოვლის ხაზის შექმნას კი კონცენტრირება და შესაბამისი საწარმოს პოვნა სჭირდებოდა, ვერ ვახერხებდი მთლიანად გადავრთულიყავი ამ საქმეზე.
მას შემდეგ, რაც უსამსახუროდ დავრჩი, მივხვდი, რომ ეს სწორედ ის დრო იყო, როცა ჩემი ოცნებისთვის ფრთა უნდა შემესხა. M110 არ არის ერთი და ორი დღის ნამუშევარი, სწორედ ხანგრძლივი მუშაობისა და ტესტირების შედეგად მივიღეთ მართლაც უნივერსალური სახის კრემი.
სახის კრემის შექმნის სტიმული საკუთარ თავზე ზრუნვა იყო. მართალია, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად ამას უარყოფით კონტექსტში განიხილავენ, მაყვედრიან ხოლმე, თავს რომ ვუვლი, მაგრამ მე პირიქით, ვცდილობ, ჩემი ყოველი დღე სიცოცხლით იყოს სავსე. გარდა ამისა, ყველაზე ხშირად ვის ვნახულობთ სარკეში, თუ არა საკუთარ თავს და სარკეში საკუთარი თავის დანახვა უნდა გვიხაროდეს.
არ დაიჯერებთ, მაგრამ მთელი ამ წლების მანძილზე, საქართველოში რაც კი თავის მოვლის საშუალებები შემოსულა, ყველა გამომიყენებია. ზოგი ძალიან მომეწონა, ზოგი საერთოდ არ მომეწონა. მაგრამ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ლუქს ბრენდების ანტიასაკობრივი ხაზი ძალიან ძვირია. ფასი 300-400 ლარიდან იწყება, არის საშუალებები 1000 და 1200 ლარიც რომ ღირს. შეუძლებელია, რიგითმა ქართველმა ქალმა საშუალო ხელფასით, მაგალითად, ექიმმა ან პედაგოგმა, ეს პროდუქცია შეიძინოს. შესაძლოა, ერთჯერადად კიდეც იყიდოს, მაგრამ თავის მოვლის რუტინაში ვერ ჩასვამს. ამიტომაც მინდოდა, შეგვექმნა ადეკვატური ღირებულების მქონე თავის მოვლის ლუქს ფორმულა. ვამაყობ, რომ M110-ის სახის კრემი ბევრისთვის ხელმისაწვდომია. თუ საშინელი ინფლაცია არ დაიწყო და იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება, ის ყოველთვის შავი პარასკევის ფასი – 69 ლარი ეღირება.
ჩემი მთავარი ამოცანა იყო ისიც, რომ სახის მოვლის ჩემი ხაზი საქართველოში ყოფილიყო დამზადებული. ბევრმა არ იცის, მაგრამ საქართველოში არსებობს საწარმო, რომელიც სერტიფიცირებულია, IOS სტანდარტი აქვს, რაც კოსმეტოლოგიაში უმაღლესი შეფასებაა, ჩათვალეთ, რომ კოსმეტოლოგიის ოსკარია. სწორედ ამ საწარმოსთან ერთად შევიმუშავე M110-ის სახის კრემისთვის ფორმულა. ამასთან, ძალიან მინდოდა, რომ ჩემს თავის მოვლის საშუალებებს ლამაზი შეფუთვა ჰქონოდათ, ისეთი, სარკესთან რომ დაინახავ და სიხარულით წასმა მოგინდება. ბევრი ვიმუშავეთ სურნელზეც, ისიც კარგი განწყობის შემქმნელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მთავარი მაინც შიგთავსია, რომელიც ნამდვილად ლუქს ხარისხისაა.
ცხადია, ბაზარზე გამოჩენამდე M110-ის პროდუქციამ არაერთი ტესტირება გაიარა, გამოიცადა ფოკუს ჯგუფშიც. პროცესი ხანგრძლივი იყო, თუმცა ყველა გამოცდა ჩავაბარეთ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ საბოლოო ვერსიამდე, დაახლოებით, ოცნაირი ფორმულა მაინც შევიმუშავეთ და თითოეული ჯერ საკუთარ თავზე გამოვცადე.
რაც შეეხება სახის კრემის თვისებებს, სულ მიჩნდებოდა პროტესტის განცდა, როცა კრემის ინსტრუქციაში ვკითხულობდი, წაისვით და სამი კვირის შემდეგ შეატყობთ შედეგსო. სამი კვირა ჩვენ, ასაკში შესულ გოგოებს არ გვაქვს, რომ კრემს ველოდოთ, როდის გაგვისწორებს წვრილ ნაოჭებს. მოგეხსენებათ, კანი 30 წლის ზემოთ მოშვებულია, რბილია, ვერ გამოიმუშავებს კოლაგენს, თვალებთან წვრილი ნაოჭები ჩნდება. რაც უნდა ბოტოქსი და ფილერი ვიკეთოთ, თავის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში თუ შესაბამისი კრემი არ გვაქვს, ბოტოქსისა და ფილერის ორ კვირაში და თვეში ერთხელ კეთება მოგვიწევს, ანუ ყოველდღიური მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ვამბობ ხოლმე, რომ ყველაზე კარგი მაკიაჟი მოვლილი კანია. არ დაიჯეროთ, რომ მამაკაცებს მაკიაჟის სქელი ფენის ქვეშ დამალული ქალბატონები მოსწონთ. რაც უფრო ბუნებრივად გამოიყურება ჩვენი კანი, ბევრად უფრო მიმზიდველები ვართ საკუთარი თავისთვისაც და მამაკაცებისთვისაც. თუმცა მე იმ იდეას ვემხრობი, რომ ქალი, უპირველესად, საკუთარი თავისთვის იპრანჭება და ლამაზდება. M110-ის სახის კრემი განკუთვნილია 30+ ქალბატონებისთვის, აქვს ძლიერი ლიფტინგის ეფექტი, წარმოადგენს კოლაგენისა და ჰიალურონის სინთეზს. ის ასწორებს ნაოჭებს და ატენიანებს კანს. რაც მთავარია, არის სახის საოცარი მკვებავი.
M110-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ. M110 Beauty – ამ სახელწოდებით გვიპოვით ინსტაგრამსა და ფეისბუკზე. მოგვწერეთ, შეგვიკვეთეთ და მიიღეთ ჩვენი პროდუქცია შინ. შეგიძლიათ მომწეროთ ჩემს პირად ინსტაგრამ გვერდზეც, რომელზეც ძალიან აქტიური ვარ.
მიხარია, რომ ჩვენი სახის კრემი უკვე ბესტსელერია, უამრავ გამოხმაურებას ვიღებ. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ახალი ფორმატის გადაცემით გავედი ეთერში, ზუსტად ისეთივე ადრენალინია. საერთოდაც სულ მგონია, რომ შენი საქმე ცოცხალი ადამიანივით თუ არ გიყვარს, ეს საქმე წარმატებული არ გამოვა.
სამომავლოდ სრული თავის მოვლის ხაზი გვექნება. 3 კვირაში დაგვემატება მუქი წრეების საწინააღმდეგო თვალის კრემი, ასევე, სახის ისეთი დასაბანი, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არის. კერძოდ, სახის დასაბანი საშუალება შეიცავს კრემს, შესაბამისად, სახეს რომ ჩამოიბანთ, საპნის სიმშრალე არ დაგრჩებათ, გექნებათ რბილი, ფაფუკი და ცოტა პრიალა სახის კანი. სამომავლოდ გვექნება მზისგან დამცავიც, ყელის და დეკოლტეს კრემიც. ერთი სიტყვით, წინ ბევრი სიახლე გველოდება. ხანდახან მქონდა განცდა, რომ ჩემს პროფესიაში თითქოს ყველაფერს მივაღწიე და გული მწყდებოდა ხოლმე, წინ ვეღარაფერს რომ ვხედავდი, ახლა კი ძალიან საინტერესო პროცესში ვარ და ძალიან მომწონს ჩემი ახალი ცხოვრება. თუმცა მედიაში აუცილებლად დავბრუნდები, ამის გარეშე არ შემიძლია. იმედია, საქართველო გახდება ევროპის ნაწილი და ჩემი ბლოკიც მოიხსნება…