LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

m2 სასტუმროების ბიზნესში შევიდა – „რამადა ენკორ თბილისი” გაიხსნა

449

m2 სასტუმროების ბიზნესში შევიდა – საქართველოში საერთაშორისო ბრენდ „რამადას” პირველი სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი” გაიხსნა.

„რამადა” მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო ჯგუფის ”ვინდჰემის” წევრია და ის 2017 წელს ევროპის ყველაზე მზარდ ბრენდად დასახელდა.

სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი” კომპანიას „m2 უძრავი ქონება” ეკუთვნის და ის ალექსანდრე ყაზბეგის #15-ში მდებარეობს. სასტუმრო 152 ნომრიანია, თანამედროვე და კომფორტული ოთახებით, გამაჯანსაღებელი ცენტრით, რესტორნით, ლაუნჯი-ბარით და ბიზნეს-შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცით. მნიშვენლოვანია, რომ სასტუმრო წარმოდგენილი იქნება საშუალო საფასო სეგმენტში, რომელზეც თბილისში ყველაზე მაღალი მოთხოვნა და დაბალი მიწოდებაა.

”მოხარული ვარ, რომ m2 „რამადა ენკორ თბილისის” გახსნით შევიდა სასტუმროების ბიზნესში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმ გეგმის განხორციელებისთვის, რომელიც მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სასტუმროს 1000 ნომრის შექმნას ისახავს მიზნად. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად რჩება და ჩვენი კომპანია მზადაა, მოგზაურების მზარდი მოთხოვნები დააკმაყოფილოს”, – განაცხადა „m² უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტომა, ირაკლი ბურდილაძემ.  მისივე ინფორმაციით, „რამადა ენკორ თბილისი” სტუმრებს მარტიდან უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისის” მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) დააფინანსა. IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული, ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს.

კომპანია „m2 უძრავი ქონება” თბილისში კიდევ ორი სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს – მელიქიშვილისა და გერგეთის ქუჩებზე. ასევე დაგეგმილია ”რამადას” ბრენდის სასტუმროს მშენებლობა ქალაქ ქუთაისშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g