ცოტა ხნის წინ, საზოგადოებამ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოებიდან სასიხარულო ამბავი შეიტყო – 16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ყბის განვითარების სერიოზული პრობლემები ჰქონდა და საკვების მიღება უჭირდა, სტამბოლში, თურქმა ექიმმა, ალთან ვაროლმა ოპერაცია უსასყიდლოდ გაუკეთა – მარიამს ორი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მას ყბა გაუხსნეს და პროთეზები გაუკეთეს.
ვიდეო: საოცარი ამბავი – თურქმა ექიმმა კიდევ ერთ ქართველს უსასყიდლოდ გაუკეთა ოპერაცია
მარიამი ფართო საზოგადოებამ თავდაპირველად ფოტოგრაფ დავით ოქროპილაშვილის [დანტესის] მიერ გავრცელებული ვიდეოებიდან გაიცნო. სწორედ დავით ოქროპილაშვილის დახმარებით და მის მიერ მოქალაქეების მობილიზების მეშვეობით გაემგზავრა მარიამი ოპერაციის გასაკეთებლად თურქეთში.
საზოგადოებამ ამ ამბის კიდევ ერთი გმირი გაიცნო – მედეა იობაშვილი, პროფესორ ალთან ვაროლის კოორდინატორი-თარჯიმანი, რომელსაც მარიამის ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სწორედ მან შეიტყო მარიამის შესახებ, დაუკავშირდა საქართველოში დავით ოქროპილაშვილს და ამასთან, მან სთხოვა ექიმ ალთან ვაროლს ოპერაციის გაკეთება.
„სიყვარულს რომ სახელი ერქვას, მედეა ერქმეოდა“ – მარიამ კოხრეიძეს კლინიკაში მედეა ექთანი ესტუმრა
საკუთარი საქმიანობის შესახებ მედეა იობაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ აბედნიერებს იმ ბავშვების დახმარება, რომლებიც უცხო მიწაზე მძიმე დაავადებას ებრძვიან.
„ერთი რამ, რაც ძალიან მაწუხებს, არის ის, რომ მთელმა საქართველომ გამიცნო როგორც ექიმი. მე კი კოორდინატორი-თარჯიმანი ვარ მრავალი წარმატებული ექიმისთვის. დიახ, ეს ძალიან რთულია, მაგრამ როცა ჩემს ქართველებს ასე აფასებენ და მათთვის ბევრ შეღავათს აკეთებენ, რაც არ უნდა დამღლელი იყოს, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ.
ძალიან ბევრ ბავშვს გაუვლია ჩემს ხელში და მათ ყოველთვის ვახსოვარ როგორც ექიმი. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ყველა პროცედურის დროს მათ გვერდით ვარ – საოპერაციოში, გამოსაღვიძებელ ოთახში და რეანიმაციაშიც კი. მუდამ ვცდილობ, რომ მათ ნაკლები სტრესი და ტრავმა მიიღონ, არ შეშინდნენ და იცოდნენ, რომ ნემსს ვერავინ გაუკეთებს, სანამ არ დააძინებენ. მაბედნიერებს ის, რომ თუნდაც მცირედით ვუმსუბუქებ მათ მდგომარეობას ამ უცხო მიწაზე, მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში.
მე მიყვარს ჩემი საქმე და ის, რასაც ვაკეთებ. როდესაც მეკითხებიან ექიმზე, ყოველთვის ვურჩევ ისე, როგორც ჩემი ოჯახის წევრისთვის შევარჩევდი. ხშირად ვეუბნები ექიმებს: „ვიცი, რომ პაციენტები არ გჭირდებათ, მაგრამ ხალხს თქვენ სჭირდებით“.
12 წლის წინ ყველაზე ძვირფასი ადამიანი წამართვა არასწორმა დიაგნოზმა და მკურნალობამ. მაშინ ასეთი შანსები არ მქონდა…ჩემო დედიკო, ვიცი, რომ შენი სული ხარობს იმით, რაც შენთვის ვერ შევძელი, მაგრამ დღეს ჩემს ქართველებს ვუკეთებ“, – წერს მედეა იობაშვილი სოციალურ ქსელში.