მაცაცო თოხაძე ჟურნალ „სარკეს“ თავისი პირადი ბედნიერების შესახებ უყვება:
„პრიორიტეტები შემეცვალა, „მთავარი სიყვარული“ ბევრ რამეზე გადანაწილდა. მუსიკის გარდა არის ხატვა, რომელშიც თავით გადავეშვი და ამის გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია, არის მებაღეობა – ვარდების ბაღი გავაშენე ჩემს ეზოში და კიდევ ბევრი წელი დამჭირდება ალბათ, რომ სასურველ შედეგამდე მივიდე.
მუსიკის მუზამ დამტოვა, სამწუხაროდ. იმედია, დაბრუნდება. ის კი უზომოდ მიხარია, ამდენი წლის შემდეგაც ჩემი რამდენიმე სიმღერა რომ არ კარგავს პოპულარობას და ხალხის სიყვარულს…
ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი არ ვარ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. როდესაც მესამე შვილი გავაჩინე, ის შვიდი წლისაა ახლა, სამსახურს თავი დავანებე და მთლიანად მას მივუძღვენი ჩემი დრო და ენერგია. ესეც ერთგვარი ფუფუნებაა, როცა ადამიანს შეგიძლია, არ იმუშაო. ახლა მთელი არსებით დიასახლისი ვარ და იმდენი საქმეა, წამოწოლის ფუფუნებაც არ მაქვს. მადლობა ღმერთს, ჩემი მეუღლე იღებს საკუთარ თავზე ყველა ჩვენს საჭირო ხარჯს…
მე იმ ქალთა კატეგორიას მივეკუთვნები ახლა, რომლებზეც მთლიანად მეუღლეები ზრუნავენ. მადლობა მას ამისთვის…“