პანკისში დღეს აქცია გაიმართება. ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ.
შეკრება 14:00 საათზე, სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში იგეგმება, სადაც ხელისუფლების მიმართ გარკვეულ მოთხოვნებს გააჟღერებენ, თუმცა, ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აქციები თბილისშიც გაგრძელდეს.
პარალელურად, თბილისში, სუს-ის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აქციას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“14:00 საათზე, მოდულის შენობასთან გაიმართება აქცია “ნუ მომკლავ”, “აღასრულე სამართალი”. სოლიდარობა მალხაზ მაჩალიკაშვილს,“ – წერს სარალიძე.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. ორი კვირის შემდეგ მაჩალიკაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.