LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაჟორიტარობის 13 წელი და 13 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფოსგან“ – TI „ოცნების“ დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის გავლენებზე კვლევას აქვეყნებს

217
ანზორ ბოლქვაძე

„პარლამენტის წევრის „ქართული ოცნებიდან“, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძის ნათესავებისა და ახლო წრის შემოსავალმა ტენდერებიდან 2011-2021 წლებში 13 647 191 ლარს მიაღწია!“ – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ ავრცელებს.

13 წელი და 13 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვებიდან – ორგანიზაციამ მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახის წევრების, მისი ნათესავებისა და ახლო წრის კომპანიების მიერ მისი მაჟორიტარობის დროს სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებულ შემოსავალი შეაჯამა.

„ანზორ ბოლქვაძის პოლიტიკურ გააქტიურებასთან ერთად, 2008 წლიდან მისი ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ახლობლებმა თანდათან დაიწყეს კომპანიების დაფუძნება, რომელთა შემოსავალი მეტწილად სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე იზრდებოდა. ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციის – გზების დეპარტამენტისა და ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებისგან.

აღსანიშნავია, რომ საგზაო დეპარტამენტის სატენდერო კომისიაში მონაწილეობს ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე და ორგანიზაციის მიერ შესწავლილ არცერთ ოქმში ის არ აფიქსირებს ინტერესთა კონფლიქტს, როცა ხელშეკრულება მისი ნათესავის ან ოჯახის ახლობლის კომპანიასთან უნდა გაფორმდეს. თვალშისაცემია, ასევე, ამავე კომპანიების უკონკურენტო ტენდერების სიმრავლე სწორედ გზების დეპარტამენტთან,“-  წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, აჭარის მუნიციპალიტეტების (ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძისა და მისი ახლობლების ეკონომიკური საქმიანობა/ინტერესები ქვეყანაში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებს ნათლად აჩვენებს.

ორგანიზაციის განცხადებით, სხვადასხვა მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარ საარჩევნო ოლქში სარგებლობს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით, რომლის წყალობითაც ისინი საჯარო სამსახურებში ახლობლებს ასაქმებენ და უპირატეს მდგომარეობაში მათთან დაკავშირებულ კომპანიებს აყენებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევას თან ახლავს მასალა, რომელშიც ბოლქვაძისა და მისი გარემოცვის კუთვნილი კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლებია ასახული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს მოუწოდებს:

დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა იმ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანია „გიგა 2015”-ის და “კონტრაქტმშენი 2016”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვებით დასრულდა;

საჯარო სამსახურის ბიუროს, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ანზორ ბოლქვაძისა და „დინამო ბათუმის“ დირექტორის, არჩილ ბოლქვაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g