„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ოპოზიციის წარმომადგენლების ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შესახებ აცხადებს, რომ რაიმე სახის გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, თუმცა ელჩებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ.
„ელჩებთან შეხვედრაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. უბრალოდ, ბოლო დღეების ვითარება კიდევ ერთხელ ავუხსენით ელჩებს. ისინი ძალიან შეშფოთებული არიან და მადლობა მინდა, ვუთხრა, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს ამ სიტუაციიდან. ჩვენ დავუდასტურეთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კვლავ მზად ვართ მოლაპარაკეკებისთვის. დიდი მოწონებით შეხვდნენ ჩვენს მზაობას და ამიტომ ჯერი ისევ „ქართულ ოცნებაზეა“. შეხვედრები გაგრძელდება ელჩებთან. „ქართულ ოცნებას“ როდესაც გაესაუბრებიან, სავარაუდოდ კვლავ შედგება ჩვენი შეხვედრა“. – განაცხადა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, ელჩებთან აუდიენცია გუშინ შედგა. რაც შეეხება ოპოზიციის სამომავლო გეგმებს, ისინი მთავარი პირობის შეცვლაზე უარს აცხადებს და პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვისთვის ემზადება. მასშტაბური საპროტესტო აქცია-მსვლელობა ოპოზიციამ პარასკევს, 15:00 საათზე უკვე დააანონსა.