LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა „ფორტუნას“, სულმოუთქმელად ველოდები ერიკ კლეპტონის კონცერტზე გამგზავრებას“

34
kelaptrishvili-krawashvili

„რადიო დუეტს“ პროექტის „მხოლოდ ქართული” გამარჯვებული გიორგი კელაპტრიშვილი და ამავე პროექტის მონაწილე ვაკო კრაწაშვილი სტუმრობდნენ, ბიჭებმა კონკურსის შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, გადაცემის ფარგლებში „არ დაიდარდოს”  მსმენელს საშუალება ჰქონდა რამდენიმე ქართული სიმღერის ლაივ შესრულება მოესმინა.  

ვაკო, როგორ მოხვდით ამ პროექტში?

ჩემთვის წელს მეორე ცდა იყო, წინა წელსაც ვცადე მაგრამ არ გამიმართლა და ვერ მოვხვდი ათეულში. წელს მეგობრების და ოჯახის წევრების ძალიან დიდი თხოვნით მივედი კონკურსზე,  ბოლო დღეს გადავწყვიტე და გავედი, საბოლოოდ მოლოდინები გამართლდა. პირველ რიგში „მხოლოდ ქართულმა“ გამოცდილება და თავდაჯერებულობა შემმატა.

რამდენად ახლოს იყო ამ პროექტამდე ქართული სიმღერა თქვენთან?

ეს ის პროექტია, რომელშიც ყველაზე მეტად მინდოდა მონაწილეობა და სულ მქონდა იმედი რომ დადგებოდა დრო და მხოლოდ ქართული სიმღერის კონკურსი იქნებოდა. ბავშვობიდან ქართულ სიმღერაზე გავიზარდე, რობერტ ბარძიმაშვილთან დავიწყე სიმღერა და ყოველთვის ქართულ სიმღერას ვანიჭებდი უპირაპტესობას. ეს კონკურსი არის საუკეთესო საშუალება ქართული სიმღერის პოპულარიზაციის.

გიორგი კელაპტრიშვილი:

მეც ანალოგიურად, ქართულ სიმღერაზე გავიზარდე,  თავიდან ძირითადად ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი პაპასთან ერთად. უწინაც, ახლაც და მომავალშიც ქართულ სიმღერას ვანიჭებდი, ვანიჭებ და მივანიჭებ უპირატესობას. ხანდახან, მრავალფეროვნებისთვის უცხოური სიმღერებიც იქნება, მაგრამ მთავარი მაინც ქართული სიმღერაა.

გიორგი კელაპტრიშვილი და ვაკო კრაწაშვილი – ტრიალებს. Live

რომელ ტურს გამოარჩევდით, როდის იყო ყველაზე კომფორტული თქენთვის სიმღერა?

ყველა ტური ძალიან საინტერესო იყო, ექსპერიმენტებიც ძალიან მომწონს, ასე კონკრეტულად ვერ გამოვარჩევ, ერთი–ორი ტური იყო ჩემთვის არასასიამოვნო, რადგან რაღაც მიზეზების გამო ვერ ვიმღერე ისე როგორც საჭირო იყო. ისეთი პედაგოგები გვყავდა და ისეთ ხალხთან გვიწევდა მუშაობა, რომ შეუძლებელი იყო უინტერესო გამოსულიყო. ყველაზე დიდი კრიტიკოსი მე ვარ საკუთარი თავისთვის, ასევე უამრავი კომპეტენტური ადამიანია, ვის აზრსაც ვითვალისწინებ. ძალიან საპასუხისმგებლო იყო ჟიურის წევრების წინაშე წარდგომა, კულისებიდან სცენამდე გასავლელი გზა ძალიან სანერვიულო და ამავე დროს საინტერესო იყო. მიხარია, რომ მოვახერხე მემღერა და ჟიურის და მაყურებლისთვის თავი მომეწონებინა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ჩემს გულშემატკივრებს გადავუხადო, მე ვმღეროდი და ისინი რეკავდენენ, ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვაკო:

მთელი ჩემი გეგმები უკავშირდება  მუსიკას, ბავშვობიდან ამ სფეროში ვარ და ეს ჩემთვის სიახლე არ არის, პროფესიითაც ამ მხრივ ვარ, მუსიკა ყველაზე მთავარია ჩემს ცხოვრებაში. აუცილებლად გავაგრძელებ და უკვე დაწყებული მაქვს მუშაობა, პროექტის დატოვების შემდეგ ერთი ადამიანი დამიკავშირდა, ეთო აზარაშვილი, თავის სიმღერა შემომთავაზა და უკვე დავიწყეთ მუშაობა, ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში იწერება.

გიორგი:

შევეცდები რომ არ დავიკარგო და აუცილებლად გავაგრძელებ სიმღერას. ეს პროექტი ძალიან დიდი ტრამპლინი იყო ჩემთვის. ბევრი ძალიან სასიამოვნო სიახლეა, შემოთავაზებები. აქედან იწყება დიდი შემოქმედებითი გზა ჩემს ცხოვრებაში. ისედაც მინდოდა მუსიკას და სიმღერას გავყოლოდი, რადგან აქ ვგრძნობ თავს ყველაზე ბედნიერად. ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ვგეგმავ, მათ შორის კონცერტებს საქართველოს მასშტაბით, რის შესახებაც ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. უდიდესი მადლობა მინდა ”რადიო ჰოლდნგ ფორტუნას” გადავუხადო ძალიან საინტერსო  საჩუქრისთვის, სულმოუთქმელად ველოდები ბერლინში, ერიკ კლეპტონის კონცერტზე გამგზავრებას.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით…

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ვაკო კრაწაშვილი – მარტის აშარქარები. Live

 

გიორგი კელაპტრიშვილი და ვაკო კრაწაშვილი. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

 

გიორგი კელაპტრიშვილი – თოვს. Live

 

ფოტოები

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები