ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” აჩი ფურცელაძე სტუმრობდა რამდენიმე სიმღერის პრემიერით: ,,ქალი ქარია”; ,,არ დავბრუნდები” და ,,სიზმრების მოლოდინში”.
აჩიმ გაიხსენა მოსკოვში ცხოვრების 12 წლიანი პერიოდი, მისი თქმით ბევრმა ადამიანმა, ახალმა თაობამ არ იცის თუ ვინ არის აჩი ფურცელაძე. რიგით პირველი სიმღერაა ,,ქალი ქარია”, რომლის პრეზენტაცია, ლაივის მეშვეობით, ცოცხალი შესრულებით შედგა, ავტორი ტექსტისა და მუსიკის თავად აჩია. სიმღერაზე იმუშავა დათო მაზანაშვილმა.
რიგით მეორე სიმღერა ,,არ დავბრუნდები” გაქავერებულია. მართალია ქავერები არ უყვარს, თუმცა როგორც თავად ამბობს, მინუსი ფონოგრამა დაკარგა. ამიტომ მოუწია ხელახლა ჩაეწერა. ფონოგრამაზე იმუშავა დათო უგრეხელიძემ, ხოლო ბექ ვოკალზე არჩილ ცანკაშვილმა.
რაც შეეხება ბოლო სიმღერას ”სიზმრების მოლოდინში” როგორც აჩი ამბობს ზღვას და ხავერდოვან სეზონს უხდება, საკურორტო რომანს. ტექსტისა და მუსიკის ავტორი თავადაა. ეს არის ძველი სიმღერა, რომლის პირველი ვერსია იყო რუსულენოვანი. გააკეთეს ახალი ქართული ვერსია არჩილ ოშხერელთან და დათო უგრეხელიძესთან ერთად. არანჟირება და ბექ-ვოკალი არჩილს ეკუთვნის.
როგორ ხარ აჩი?
საღამო მშვიდობისა, მივესალმები ერთგულ მსმენელს. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ახალ სტუდიაში. მადლობას გიხდით ჩემი მოწვევისთვის. შენთან სტუმრობისას ყოველთვის კარგად ვგრძნობ თავს.
გარკვეული პერიოდი საქართველოდან წახვედი, რამდენად აისახა ეს მოგზაურობა შენს შემოქმედებით ცხოვრებაზე?
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ერთი თაობა უჩემოდ გაიზარდა. საქართველოდან 12 წლიანმა წასვლამ ამომაგდო იმ მჭიდიდან, რომელსაც ჰქვია ჩვენი რეალობა. გამოვიდა ისე, რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის ვინ არის აჩი ფურცელაძე. თუმცა მადლობა იმ თაობას ვისაც ისევ ვახსოვარ და ვუყვარვარ.
სიმღერის ”ტრიალებს” ვერსია ვიცით, რომ შენი შექმნილია.. როგორ დაიბადა იდეა?
ძალიან მიყვარს სხვადასხვა სიმღერის შეერთება, პოპური. ჰარმონიულად ძალიან გავს ერთმანეთს ამერიკული და გოგი ცაბაძის ეს სიმღერას, იგივე აკორდული მიმდინარეობაა კუპლეტებში. ვიმუშავე არჩილ ცანკაშვილთან ერთად. გავმიქსეთ, ქართული ვერსია მან შეასრულა, ხოლო ინგლისური მე.
მოგვიყევი სიმღერაზე ”ქალი ქარი”, რომელიც დღეს დაპრემიერდება შენი ცოცხალი შესრულებით..
გიმღერებთ სიმღერას ”ქალი ქარი”, რომლის პრეზენტაცია შედგება თქვენი ლაივის მეშვეობით. შემდეგ კი ალბათ გაიჟღერებს თქვენს ეთერში. ავტორი ტექსტისა და მუსიკის გახლავართ მე. დამეხმარა დათო მაზანაშვილი, უმაგრესი მუსიკოსი და ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ სიმღერისთვის.
როდის გაჩნდა შექმნის იდეა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სიმღერისა, რომელიც თბილისზეა და ქალაქურია..
სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში სიამაყე ნიშნავს სიბრიყვეს. დაე ვიყო ბრიყვი, რადგან ვამაყობ, რომ ეს სიმღერა არის ჩემი. ჰარმონია, ტექსტი ძალიან მომწონს. ერთხელ კარგი საძმო ვისხედით სუფრაზე, რამდენიმე ლიტრი სასმელი მივირთვი. ბახუსიანი ჩამოვედი და დავწერე ტექსტი, თავისი ფიროსმანით, ვარდობის თვითა და ქალაქური მუხტით. დავით უგრეხელიძეს დიდი მადლობა არაჩვეულებრივი ფონოგრამისთვის. ასევე კიდევ ვამზადებ ერთ სასწაულ სიმღერას, რომელსაც მალე დავასრულებ.
ეს ორი წელი ყველასთვის რთული აღმოჩნდა, თუმცა შენ მაინც ახერხებ იყო ყოველთვის ენერგიული..
ამ პერიოდში ძალიან ბევრი სიმღერა დაიწერა და ნელ-ნელა გამოვა მზის შუქზე. რაც შეეხება ფრენებს, კორპორატიულ საღამოებსა და კონცერტებს, მოვიარე რუსეთის ტერიტორია და რამდენიმე ქალაქი. რა თქმა უნდა იქაცაა კოვიდ რეგულაციები. მოგეხსენებათ მოსკოვში 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ რა მდგომარეობა და მაჩვენებელიც ჩვენთან შეინიშნება, იქ ასე არ არის. წავედი ვიმუშავე, გამოვიმუშავე და ჩამოვედი. საქართველოში რა მდგომარეობაცაა ვხედავთ და ყველა ველოდებით მზის სხივს.
დავაპრემიეროთ რიგით მეორე სიმღერა ”არ დავბრუნდები”..
ქავერების მომხრე არ ვარ, ძალიან არ მომწონს. გაფუჭდა საზოგადოება მსენელისა, ძველზე ვტრიალებთ. ახალი სიმღერა უნდა შევთავაზოთ მსენელს. მე მომიწია ამ სიმღერის გაქავერება, რადგან მინუსი ფონოგრამა არ მქონდა, დავკარგე. ამიტომ გავაკეთე ხელახლა. დათოს დიდი მადლობა უგრეხას ფონოგრამისთვის და ცანკას (არჩილ ცანკაშვილს) ბექ ვოკალისთვის.
მოგვიყევი სიმღერის ”მე შენთან მსურს” შექმნის ისტორია..
ეს სიმღერა ძალიან მაგარი ჯგუფის რეპერტუარიდანაა The temptations- lady soul, 2000 წლის დასაწყისში გავაკეთე ჩემებური ვერსია, ქართულ ტექსტზე. ისტორია იგივე აქვს, ამის ფონოგრამაც დაიკარგა. ერთ-ერთ ტელევიზიაში მიმიწვიეს შოუზე, სადაც უნდა შემესრულებინა ეს სიმღერა. საბედნიეროდ გამოჩნდა დათო ფორჩხიძე, რომელიც მუსიკალურ განხრას კურირებდა. მან გააკეთა ფონოგრამა, ის ჩემთვის ოქროს ასოებითაა შეტანილი თანამედროვე ქართულ მუსიკაში.
და ბოლოს სიმღერის ”სიზმრების მოლოდინში” პრემიერა..
ეს არის ძველი სიმღერა, რომლის პირველი ვერსია იყო რუსულენოვანი. დაგვეკარგა არანჟირება და ჩაბარდა მოსკოვის ერთ-ერთ სტუდიას. ამიტომ გავაკეთე ახალი ქართული ვერსია არჩილ ოშხერელთან და დათო უგრეხელიძესთან ერთად. ტექსტი, მუსიკა არის ჩემი, არანჟირება და ბექ-ვოკალი ეკუთვნის არჩილს. სიმღერა ”სიზმრების მოლოდინში” ზღვას და ხავერდოვან სეზონს უხდება, საკურორტო რომანს. გემშვიდობებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა ლაშა შენ. ”არ დაიდარდოთ”.
აჩი ფურცელაძე – არ დავბრუნდები (Remake)
აჩი ფურცელაძე – სიზმრების მოლოდინში
გადაცემის აუდიოჩანაწერი
აჩი ფურცელაძე – მე შენთან მსურს. Live
აჩი ფურცელაძე – ქალი ქარი. Live
აჩი ფურცელაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები