რადიო „ფორტუნას“ და გადაცმა „არტ-FM“-ს მომღერლები ლიზა ბაგრატიონი, გიორგი ლომთათიძე, ნოდარ მეტრეველი და დათო გომართელი სტუმრობდნენ, რომელთაც ცნობილი კომპოზიციების ახალი ვერსიები შესთავაზეს მსმენელს.
ლიზა ბაგრატიონი – ყველას აქვს სიმღერა, რომელიც მართალია, სხვას ეკუთვნის, მაგრამ მისი მოსმენისას ყოველთვის უჩნდება სურვილი თვითონაც იმღეროს. სწორედ ასეთია რომა რცხილაძის „ვარსკვლავები“, რომელიც ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ამიტომ როცა ზურა შევარდნაძემ Gardenia Shevardnadze-ის ბაღში მუსიკალური საღამოების გამართვის ინიციატივით მოგვმართა, ძალიან გაგვიხარდა და სწორედ ამ სიმღერით დავასრულეთ პირველი საღამო, რომელშიც სიმფონიური ორკესტრის სოლისტებთან ერთად უამრავმა ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. ძალიან გამიხარდა, რომ ბაღში შეკრებილმა პუბლიკამ კარგად იცოდა სიმღერა და ჩვენთან ერთად შეასრულა. მეტიც, მთელი 10 წუთი ვმღეროდით ერთად, კონცერტის დასრულების შემდეგ კი, გიორგიმ სიმღერის ჩაწერა შემოგვთავაზა, რასაც დაუფიქრებლად დავთანხმდით.
გიორგი ლომთათიძე – არანჟირებაზე ჩვენმა მეგობარმა ზურა მახნიაშვილმა იზრუნა, რომელთანაც მუდმივად ვთანამშრომლობთ. ძალიან გვახარებს, რომ მალე მსმენელიც მოისმენს რომა რცხილაძის ცნობილი სიმღერის ჩვენეულ ვერსიას. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ რომას, რომელმაც მისი სიმღერის ახალი ვერსიის გაკეთების უფლება მოგვცა.
აქვე, მადლობას გადავუხდი ლიზას, რომელმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა “შვიდკაცას” წარმატებაში. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, მეტიც, ლიზა ჩემი შვილის ნათლიაა, რომელიც მალე 19 წლის გახდება. მეგობრობის გარდა, შემოქმედებითი თანამშრომლობაც გვაკავშირებს. “ფესვების” პირველი სიმღერა, რომელიც ლილიკო ნემსაძემ შექმნა, სწორედ ლიზასთან ერთად შესრულდა. წლების წინ შექმნილი სიმღერა დღესაც საოცარი პოპულარობით სარგებლობს, რაც ძალიან გვახარებს. ლიზა ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და ყველა ჩვენს კონცერტში მონაწილეობს.
ნოდარ მეტრეველი – ლილიკო ნემსაძი სიმღერა, რომელიც ლიზამ და დათომ შეასრულეს გუნდთან ერთად, მართლაც გამორჩეულია და ყველას ძალიან გვიყვარს. პოპულარობა მოიპოვა ნათია ზეინკლიშვილის სიმღერამაც „გამოდი გარეთ“.
ლიზა ბაგრატიონი – საოცარი დაცულობის გრძნობა მაქვს, როცა ბიჭებთან ერთად ვარ სცენაზე. მეტიც, რამდენჯერმე კინაღამ სცენაზეც დავეცი და სწორედ მათ გადამარჩინეს. თუმცა, ბათუმში, კონცერტზე ისე ცუდად დავეცი, რომ ვერც ბიჭებმა მოასწრეს ჩემი დაჭერა. მეორე დღეს ნოდარმა დამირეკა და მითხრა, „როგორ ძალიან უყვარხარ პუბლიკას, რომ შენი დაცემის სცენა არც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არც სასაცილოდ არ გაიხადა არავინო“. 25 წელია „შვიდკაცასთან“ ერთად ვარ სცენაზე. სხვათა შორის, ანსამბლის საიუბილეო კონცერტზე ბიძინა კვერნაძის ძალიან საინტერესო პოპური გავაკეთეთ, რომელშიც ჩვენთვის საყვარელი სიმღერები გავაერთიანეთ. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ბოლო დროს ცოტა ჯანმრთელობა მაწუხებს და ხშირად ვახველებ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის „შვიდკაცა“ ყოველთვის ბედნიერებასთან, სიხარულთან ასოცირდება და საოცარ ძალას მაძლევს. როგორც არ უნდა იყოს, სწორედ ქართული კულტურა და სიმღერა გვაძლებინებს ყოველდღიურ პრობლემებს და უსიამოვნებებს.
მიხარია, რომ ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ერთობლივი სიმღერას ჩავწერ „შვიდკაცასა“ და ნატო მეტონიძესთან ერთად, 8 მარტს კი, ქუთაისში გავმართავ კონცერტს.
გიორგი ლომთათიძე – ძველი სიმღერაა „ლურჯი იებიც“, რომელსაც წლების წინ შესანიშნავად ასრულებდა მერაბ სეფაშვილი. ჩვენ კომპოზიციის ახალი ვერსია გავაკეთეთ და ვფიქრობ, არანაკლებ საინტერესო გამოვიდა. დიდ მადლობას გადავუხდი ბატონ მერაბს, რომელმაც სიმღერის შესრულების უფლება მოგვცა.
დათო გომართელი – კარგ ექსპერიმენტად იქცა პოპულარული იტალიური სიმღერების პოპურიც, მით უფრო, რომ ნაკრებში 1990 წელს იტალიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნიც შევიდა. რა თქმა უნდა ძალიან რთულია იტალიური ესტრადის მრავალფეროვანი რეპერტუარიდან სიმღერების შერჩევა, მაგრამ ჩვენ იმ ჰიტებს მოვუყარეთ თავი, რომლებიც ჩვენც ძალიან გვიყვარს და ქართველ მსმენელსაც.