LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში გადაუჭრელი რჩება: “კორუფციის აღქმის ინდექსის” კვლევა

73
FORTUNA.GE- (2)

კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, 2020 წლის რეიტინგში, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 56 ქულით 45-ე ადგილს იკავებს.

კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ დღეს გამოქვეყნდა.

კვლევის შედეგებს კი ვრცელ მომოხილვას უძღვნის ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და იმ ძირითად პრობლემებსა და მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც “კორუფციის აღქმის ინდექსში” საქართველოს საშუალო შედეგი აქვს და წლების განმავლობაში, მდგომარეობა ვერ უმჯობესდება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მართალი, წვრილმანი კორუფციის შემცირების მხრივ ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა  გადაუჭრელი რჩება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებები და მასთან ბრძოლის კუთხით, ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი სისტემური ნაბიჯები.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა”მთავარ გამოწვევებს ასახელებს:

●  ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში. სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით პარლამენტის სისუსტე საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას. ოპოზიციის იგნორირება და გარიყვა პოლიტიკური პროცესიდან;

●  არაფორმალური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია;

●  ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთხვევების არაეფექტური გამოძიება და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში;

●  პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში და სასამართლოს სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დომინირება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სასამართლოში კორუფციის რისკებს;

●  პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის არაეფექტიანი სისტემა; პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება უკანონო გზებით;

●  მთავრობის და პროსამთავრობო მედიის თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე;

●  ხელისუფლების ზეწოლა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაზე, მათ შორის ტელევიზიების მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ მათ ოჯახის წევრებზე. ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა და თავდასხმები მათზე, განსაკუთრებით წინა და პოსტსაარჩევნო საპროტესტო აქციების გაშუქებისას;

●  ელიტური კორუფციის პრევენციისა და გამოძიების ქმედითი სისტემის (მათ შორის, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების) არარსებობა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იგივე პრობლემები გამოიკვეთა „საქართველოს ეროვნული ანტირკორუფციული სისტემის შეფასებაში“, რომელიც 2020 წლის ივნისში გამოქვეყნდა. კვლევის შედეგების საფუძველზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ,“ დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე.

აქვე, ორგანიზაცია მთავარ რეკომენდაციებსაც ასახელებს:

●  პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელება და ძალაუფლების კონცენტრაციის პრობლემის აღმოფხვრა, მათ შორის საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის ქმედითი მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნის გზით;

●  საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენისა და სახელმწიფოს მიტაცების სხვა გამოვლინებების აღმოფხვრა;

●  სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა;

●  თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის სისტემის დახვეწა და პოლიტიკური კორუფციის შემთხვევების გამოვლენა;

●  დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ქმედითი რეაგირება კორუფციის, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე;

●  ხელისუფლების მიერ მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა.

კორუფციის აღქმის ინდექსი 1995 წლიდან ქვეყნდება და ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა.

2020 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (88 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი – სომალისა და სამხრეთ სუდანში (12 ქულა).

magti 5g