პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეები ორბელიანების სასახლეში შეხვდნენ. შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ხავიერ კოლომინას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანთა უკანონო გატაცებებს, ჯანდაცვის სერვისებსა და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას, მშობლიური ენაზე სწავლების აკრძალვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკითხებს ეხება.
პრეზიდენტის განცხადებით, მაღალი დონის ვიზიტები და ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები საქართველო – ნატოს მჭიდრო ურთიერთობებზე მეტყველებს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნატოს მომავალი სამიტის მნიშვნელობაზე საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესში.
“მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ამ მიმართულებით ალიანსთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებზე. ხავიერ კოლომინას განცხადებით, ალიანსისათვის მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობა. პრეზიდენტის თქმით, რეგიონული სტაბილურობისათვის და შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობით სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელება.
ხავიერ კოლომინა მიესალმა საქართველოს ხელისუფლების აქტიურ ჩართულობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.
შეხვედრისას ისაუბრეს აშშ – საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დადებულ ახალი მემორანდუმზე და ხავიერ კოლომინამ აღნიშნული შეთანხმების დადება საქართველოსთვის მნიშვნელოვან წარმატებად შეაფასა.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ხავიერ კოლომინამ პოსტზე ჯეიმს აპატურაი ჩაანაცვლა და ის საქართველოს დღეს ვიზიტით პირველად ეწვია.
დღესვე, კოლომინა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მისი ვიზიტის პირველი ლოკაცია სწორედ სოფელი ოძისი იყო, ის ოკუპაციის შედეგებს ადგილზე გაეცნო.