LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაროელი რობოტი და ჭკვიანი უნიფორმა – ქართველი მოსწავლეების გამოგონება მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად

349
00

სკოლის იმ მოსწავლეებს, ვინც საბუნებისმეტყველო საგნებით, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგებით არიან დაინტერესებულნი, კარგად მოეხსენებათ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შესახებ, რომელიც საქართველოში ათასწლეულის გამოწვევების ფონდის მიერ 2014 წლიდან აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. კონკურსში უკვე 3000-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და მათი უმრავლესობა საკუთარ მომავალს STEM (Science, technology, engineering, mathematics) პროფესიებს უკავშირებს.

ინოვაციური იდეების დღის სინათლეზე გამოტანით საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა 2023 წელსაც არაერთმა ახალგაზრდამ სცადა. კონკურსს 12 ფინალისტი გუნდი ჰყავდა თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან, რომლებმაც პროექტები კოსმოსის, ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო დარგებში წარმოადგინეს.

2023 წლის კონკურსის პირველი ადგილი გუნდმა TerraTech მოიპოვა და 2024 წლის ზაფხულში, აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება. მოსწავლეებმა მაღალტექნოლოგიური, ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად შექმნეს.

გუნდი TerraTech ხუთი ერთგული მეგობრისგან შედგება: გიგი გამსახურდია, დავით რუსია, საბა ხაბურზანია, თამარ გამგებელი და ლუკა კუკავა. გიგი და ლუკა ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის, დათო ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“, საბა სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის, თამარი კი თბილისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

გიგისთან და დავითთან ურთიერთობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მომიწია, თუმცა ამ ფორმატს ბიჭებისთვის ხელი არ შეუშლია, გულწრფელად ესაუბრათ საკუთარი პროექტისა და სამომავლო გეგმების შესახებ:

– ჩვენი ისტორია ორი წლის წინ დაიწყო, როცა ერთმანეთი საერთო მენტორის, უტა კილასონიას მეშვეობით გავიცანით. მან გაგვიღვივა სიყვარული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართ და გაგვიკვალა გზა უდიდესი წარმატების მისაღწევად. გუნდის წევრების შეხვედრა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი ოდესმე ჩვენს ცხოვრებაში მომხდარა. მან ჩვენი ბავშვობის ოცნების ასახდენად – NASA-ში მოხვედრისკენ გვიბიძგა.

 – რას ნიშნავს თქვენი გუნდის სახელწოდება და როგორ დაიბადა მაღაროელი რობოტისა და ჭკვიანი უნიფორმის შექმნის იდეა?

– TerraTech ლათინურიდან ითარგმნება, როგორც მიწის ტექნოლოგიები და ის ზუსტად უკავშირდება იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებასაც ვცდილობთ. თუმცა თავდაპირველად ჩვენთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენდა ნამდვილი პრობლემის პოვნა. საგულდაგულო კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ სტატისტიკა იმის შესახებ, რომ პროფესიებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებლით სამთო მრეწველობის დარგი მესამე ადგილს იკავებს. ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველწლიურად 25 000-ზე მეტი მაღაროელი იღუპება ისეთი მიზეზების გამო, როგორებიცაა: არაპროგნოზირებადი/საშიში სამუშაო გარემო, ქანების დაშლის შედეგად გამოწვეული მტვერი, ტოქსიკური აირები, საშიში ნივთიერებების გაჟონვა/აფეთქება, ნიადაგის ჩამოშლა, წყლის მოულოდნელი მოვარდნა, ექსტრემალური ტემპერატურები, დაბალი განათება და უმძიმესი ფიზიკური სამუშაოები. მაგრამ მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს სფერო ავირჩიეთ, საქართველოში არსებული ტრაგედიები და გაფიცვები იყო, რომლებმაც ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა და უდიდესი სტიმული მოგვცა იდეა რეალობად გვექცია. ჩვენი პროექტის მიზანი ინდუსტრიის პრობლემების მოგვარება და შერბილებაა. ჩვენი ინტერესი არამხოლოდ ღირებული რესურსების ძიებითაა განპირობებული, არამედ იმითაც, რომ გავუფრთხილდეთ ყველაზე ძვირფასს – ჩვენი მაღაროელების სიცოცხლეს.

– და როგორ იქცა იდეა რეალობად, როგორ მუშაობდით მის განვითარებაზე?

– დაახლოებით შვიდი თვე მოვანდომეთ იდეისთვის პროექტის სახის მიცემას. ამ დროის განმავლობაში შევისწავლეთ 3D მოდელირება, რობოტის მართვის სისტემა (ROS), მექანიკური ინჟინერიის საფუძვლები, პროგრამირება. აღსანიშნავია, რომ კონკურსის განმავლობაში პროექტზე აბსოლუტურად დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი ძალებით ვმუშაობდით და შევეცადეთ, ზუსტად გადმოგვეცა STEM განათლების მთავარი არსი.

მოგეხსენებათ, გუნდის წევრები სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ, აქედან გამომდინარე შეკრება დიდ სირთულეს წარმოადგენდა, მაგრამ ამის მიუხედავად ავირჩიეთ ტერიტორიულად ხელმისაწვდომი ადგილი ყველასთვის – ზუგდიდის ტექნოპარკის სივრცე. აქვე გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ზუგდიდის ტექნოპარკს იმისთვის, რომ საშუალება მოგვცა ამ პროექტზე ყველანაირი რესურსის გამოყენებით გვემუშავა. შეიძლება ითქვას, რომ ზუგდიდის ტექნოპარკში საცხოვრებლად გადავედით, ღამეებს ვათენებდით, რათა პროექტი დროულად დაგვესრულებინა.

– დეტალურად რომ აგვიხსნათ თქვენი გამოგონების არსი.

– ჩვენი პროექტის სრული სახელწოდებაა „სრულმასშტაბიანი რობოტი მაღაროელი, ჭკვიანი უნიფორმა და ყოვლისმომცველი სამონიტორინგო და სავენტილაციო სისტემა“ და ის უზრუნველყოფს მაღაროელების უსაფრთხოებას, შრომის გამარტივებასა და ჭკვიანი/მაღალტექნოლოგიური გარემოს შექმნას.

რობოტი მაღაროში სახიფათო გარემოს ანეიტრალებს და კავშირს ამყარებს სამონიტორინგო სისტემასთან. მოსალოდნელი საშიშროების დაფიქსირებით მას, ფაქტობრივად, მაღაროელის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

რობოტის ძირითადი ფუნქციებია:

  • მავნე აირებისა და მტვრის დაფიქსირება და ფილტრაცია
  • ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გადამისამართება
  • მაღაროს 3D რუკის შექმნა
  • ჭკვიანი სავენტილაციო და სამონიტორინგო სისტემასთან კავშირი
  • მძიმე ობიექტების გადაზიდვა
  • თვითდატენვა
  • პირველი დახმარების გაწევა

აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოს რობოტი დამოუკიდებლად ასრულებს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მისი მართვა დისტანციურადაცაა შესაძლებელი.

ჭკვიანი უნიფორმა მაღაროელების შესახებ ისეთ მონაცემებს აგროვებს, როგორებიცაა: წნევა, პულსი, ტემპერატურა და სხვა. ასევე, აგროვებს ინფორმაციას მათთან ახლომდებარე აირებზე და გარემოზე. საშიშროების შემთხვევაში ის ხმოვან სიგნალს გამოსცემს თვით მაღაროელისთვის, ასევე, ატყობინებს სამონიტორინგო სისტემას. უნიფორმის საშუალებით შესაძლებელია თითოეული მაღაროელის ადგილმდებარეობის დადგენა, რაც საშიშროების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის შანსებს ზრდის. ყველა ზემოჩამოთვლილი მონაცემი ავტომატურად ისახება სამონიტორინგო სისტემაზე. უნიფორმის ერთ-ერთი უნიკალური ფუნქციაა სიარულისას ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც მაღაროს ელექტროენერგიის მოხმარებას ზოგავს, აქედან გამომდინარე, უნიფორმას საკუთარი თავის უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგება შეუძლია, რაც მაღაროელებს სამუშაოს შეუმსუბუქებს.

ჭკვიანი სავენტილაციო სისტემა სენსორებისა და რეალურ დროში ანალიტიკის გამოყენებით არეგულირებს ჰაერის ნაკადს, უზრუნველყოფს ჰაერის ოპტიმალურ ხარისხს და ამცირებს საფრთხეებს. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ის მაღაროს მრავალფეროვან გარემოსთან ადაპტირდება, ამცირებს ენერგიის მოხმარებას და გარემოზე ზემოქმედებას. გარდა ამისა, ითვალისწინებს იმ მაღალ ხარჯებს, რომლებიც ჩვეულებრივი ვენტილაციის გამოყენებასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ სავენტილაციო სისტემის მართვა შესაძლებელია დისტანციურად, ადამიანის საფრთხეში ჩაგდების გარეშე, ის აძლიერებს ოპერაციულ ზედამხედველობას.

სამონიტორინგო სისტემის მთავარი მიზანი მაღაროში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ეს ინოვაციური გადაწყვეტა ტრადიციულ მონიტორინგს სცილდება და ის რეალურ დროში გთავაზობთ მაღაროში მყოფთა სიას მათი უნიფორმიდან მოწოდებული სასიცოცხლო მაჩვენებლებით (პულსი, წნევა, ტემპერატურა, მაღაროელების გარშემო ჰაერის ხარისხი). სამონიტორინგო სისტემის საშუალებით შესაძლებელია მაღაროს მთლიანი სავენტილაციო სისტემის მართვა, ის ავტომატურად უზრუნველყოფს მაღაროში ჰაერის ხარისხის მონიტორინგს და, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი ხელით მართვაც. სისტემას ასევე გააჩნია რუკა, სადაც ნაჩვენებია თითოეული მაღაროელის მდებარეობა, დავალებული სამუშაო და სავენტილაციო წერტილების ძირითადი ადგილები. კრიტიკულ სიტუაციებში ყოველ წამს აქვს მნიშვნელობა და ეს ყოვლისმომცველი სამონიტორინგო სისტემა ქმნის ერთგვარ სიმბიოზს სხვა კომპონენტებთან ერთად, ის წარმოადგენს სიცოცხლის გადარჩენის ძალას, რომელიც ხაზს უსვამს ერთიანი, მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებას ქართულ და უცხოურ სამთო ინდუსტრიაში.

ჩვენი პროექტის მასშტაბის მიუხედავად, ის მაინც პროტოტიპად რჩება. მისი განვითარება დიდ რესურსსა და დროს მოითხოვს, რათა შესაძლებელი იყოს მისი სრულყოფილად გამოყენება.

– როგორ შეაფასებდით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მონაწილეობას, რა შეგძინათ მან?

– კონკურსი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა, რომელმაც განსაკუთრებული გამოცდილება, უნარები და კავშირები შეგვძინა. მაგრამ, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ კონკურსმა მოგვცა, ჩვენი გუნდი იყო. ამ კონკურსის გარეშე, ალბათ, ასე ვერ გავიცნობდით ერთმანეთს და ვერ მივაღწევდით ამ უდიდეს წარმატებას.

 – როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი გუნდის წარმატება მაღალი კონკურენციის პირობებში და რას ნიშნავს თქვენთვის მთავარი პრიზი – NASA-ს  კოსმოსური ცენტრის საზაფხულო ბანაკში გამგზავრება?

– სიმართლე გითხრათ, ამ კონკურსში მონაწილეობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მისწრაფება იყო. წარმატება კი დაუღალავმა შრომამ, მონდომებამ და ბავშვურმა ოცნებამ განაპირობა. ყველგან აღვნიშნავთ, რომ თუ ადამიანი საქმეში მთელ სულსა და გულს ჩადებს, ყველაფერს მიაღწევს. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უპირატესობა ის იყო, რომ თავიდანვე გავინაწილეთ ვალდებულებები, არ ვიყავით დამოკიდებულები არავისზე და დავამტკიცეთ, რომ არაფერი იყო შეუძლებელი. ბევრი დაშვებული შეცდომის მიუხედავად, საბოლოოდ ყველა სირთულე დავძლიეთ და წარმატებასაც მივაღწიეთ. ჩვენ ვართ ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ პრაქტიკული განათლება და პრაქტიკით სწავლა ყოველთვის უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე მხოლოდ თეორიული მასალის ცოდნა.

რაც შეეხება მთავარ პრიზს, ნასაში გამგზავრება ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ბავშვობის ოცნება იყო. ეს პრიზი უდიდეს მოტივაციას გვაძლევდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ პირველ ადგილზე გვეფიქრა და გაგვეკეთებინა ყველაფერი, რაც შეგვეძლო.

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი გუნდის სამომავლო საქმიანობა, აპირებთ თუ არა ისევ ერთად მუშაობას ახალ იდეებზე?

– გუნდის თითოეული წევრი განვითარებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით აგრძელებს, მეტიც, გუნდიდან სამი წევრი – გიგი, დათო და საბა უკვე მოვხვდით გერმანიის უნივერსიტეტში რობოტექნიკის და ჭკვიანი სისტემების მართვის ფაკულტეტზე, თუმცა სწავლის გაგრძელებისთვის საჭიროა 12 000 ევრო თითოეულისთვის. ღია ვართ ნებისმიერ სპონსორთან სათანამშრომლოდ, რათა მიღებული ცოდნის საქართველოში გამოყენება შევძლოთ. ჩვენს განათლებაში ინვესტიცია საქართველოს ტექნოლოგიურ განვითარებაზე ზრუნვას ნიშნავს.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჩვენი ისტორიის, გამოცდილების და ცოდნის გაზიარებას ჩვენს YouTube არხზე ვგეგმავთ. ჩვენი მაღაროელი რობოტისა და ჭკვიანი უნიფორმის პროექტის შესახებ ახალი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდსაც.