LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი მამის გარდაცვალებაზე, სუიციდის მცდელობაზე და ავტობიოგრაფიულ წიგნზე, რომელიც მალე გამოიცემა

1021
maiaaatiani20109

მაია ასათიანმა „პროფილის“ 27-ე სეზონი ახლახან გახსნა და გახდა გადაცემის ის რესპონდენტი, რომელმაც დაუფარავად ისაუბრა საკუთარ ძალიან პირადულ ამბებზე – მათ შორის იყო შვილის და მამის გარდაცვალება, დაცემა და ფეხზე წამოდგომა, სუიციდის მცდელობა…

მაია ასათიანისთვის ეს არის იყო მხოლოდ პირადი ამბების მოყოლა, გადაცემის ასე მომზადებას თავისი მიზეზი აქვს – მოტივაცია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ცხოვრებაში დიდი ან პატარა პრობლემები აქვთ.

სწორედ ამ მიზნით დაიწერა წიგნიც, რომელსაც მალე „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ დაბეჭდავს.

კითხვაზე, რა არის მთავარი ცხოვრებაში, რასაც ხშირად უსვამს ხოლმე საკუთარ რესპონდენტებს, მაია ასათიანი პასუხობს, რომ ეს სიყვარულია. Fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ტელესახე სიყვარულზეც საუბრობს, რომელმაც მის ცხოვრებაში ღრმა კვალი დატოვა…

მაია ასათიანი:

არ მინდა, ბანალური ვიყო, მაგრამ ყოველი მორიგი სეზონის დაწყება დიდ ნერვიულობას უკავშირდება. ეს არ არის 27-ე სეზონი, მას ვუყურებ, როგორც პირველს და მუდამ ასეა – დედაჩემი მეუბნება ხოლმე, პაზლივით ხარ, სხვადასხვა ნაწილისგან შედგებიო და ყოველ სეზონზე ვცდილობ, მაყურებელს სხვანაირი მე ვაჩვენო, მაგრამ ყველა მათგანი მე ვარ.

ყოველდღიურად ძალიან ბევრი წერილი მომდის ადამიანებისგან, რომელთაც თუნდაც მსუბუქი დეპრესია აქვთ და სახლიდან გასვლა არ უნდათ. წლების განმავლობაში მიყურებდა ჩემი ასაკის და უფროსი თაობა. ახლა კი აქტიურად მეკონტაქტება ახალგაზრდობა, 12-13 წლის გოგონები და ბიჭები. ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან და მახარებს ის, რომ ჩემი მაგალითით რაღაც სტიმულს ვაძლევ მათ.

ჩემი პირველი გადაცემა არ იყო ჩემზე. გადაცემა მოვამზადე იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრებაში წაბორძიკებულა და გზა დაუკარგავს. მათ მოვუყევი, როგორ დავდექი ფეხზე. ეს იყო რთული, ხელახლა დაბადების გზა, რომელსაც ახლაც გავდივარ.

ერთი ადამიანისთვის ძალიან ბევრი ტრაგედია მოხდა შენს ცხოვრებაში…

როცა ამ საშინელ სიცარიელეზე ვფიქრობდი, რაც ნუცას გარდაცვალებამ დამიტოვა, მეგონა, მოვკვდებოდი. ნუცას დაბადებისთანავე სულ მქონდა წინათგრძნობა, განცდა და ვცდილობდი ამ ფიქრების არიდებას, მეშინოდა მისი გარდაცვალების…

ახლა ვხვდები, რომ ადამიანის ძალა აუწონელია. უბრალოდ, გვერდით უნდა გყავდეს კარგი ადამიანები – დედა, დები, უახლოესი მეგობრები… მათ თავიანთი თავი გადადეს. არათუ ვერ გადავაადგილდებოდი, ვერ ვსუნთქავდი, ვერ ვლაპარაკობდი და არ ვარსებობდი,  40 დღეში კი ამ ადამიანებმა მოახდინეს სასწაული და მე ეთერში გავედი…სულ ჩამესმოდა ფრაზა, რომ ღმერთი გაძლევს იმდენ ტვირთს, რამდენის ტარებაც შეგიძლია. ვბრაზდებოდი ამაზე, მერე რა, რომ შემიძლია, ეს ძალიან მძიმე ტვირთია, მაგრამ ასე გამოვიდა, რომ ეს ტვირთი ავწიე.

ნუცას გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში მამა გარდამეცვალა. გადაცემაში ხშირად მისაუბრია ჩვენი ცარიელი მამა-შვილობის შესახებ. ისიც არ ვიცოდი, რომ მამა ცუდად იყო. საშინელება იყო, როცა ხმა მომაწვდინეს დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე. დავიწყე ფიქრი, ვინ გარდამეცვალა და განცდა არ მქონდა, რადგან არ მქონდა მოგონებები. ვიაზრებდი, რომ ჩემი გენეტიკური კოდის ნახევარი აღარ არის, ჩემი დნმ-ის ნაწილი გაქრა, მე კი მოგონებები არ მქონდა… საშინელი განცდა იყო, როცა დავიწყე ფიქრი, – რა ვქნა, წავიდე? არ ვიცოდი, სად მივსულიყავი და ბოლოს მივედი აბსოლუტურად უცხო ადამიანების გარემოცვაში. დავემშვიდობე, ბევრი ვიტირე, მეცვა შავები… ეს იყო ძალიან რთული.

შენ კიდევ ერთი შიში დაძლიე, სუიციდის თემას მინდა შევეხო, შენი ნებართვით, რადგან ამაზე გადაცემაშიც ისაუბრე…

ტრაგედიის შემდეგ ძალიან დამიდგა გვერდით დიზაინერი ნანა მელქაძე, რომელსაც წლების წინ 8 წლის ვაჟი გარდაეცვალა. ნანა მიკვალავდა გზას ამ ტრაგედიაში. მაშინ მითხრა საოცარი ფრაზა, რომელიც სულ მახსოვდა, – ძალიან გაგიჭირდება თარიღები და მოემზადე მათთან შესახვედრადო. დაბადების დღე, დღესასწაულები, გარდაცვალების დღე… დღემდე ეს არის უმძიმეს პერიოდები. ეს არ არის ერთი დღე, ეს არის მანამდე ერთი კვირა, შემდეგ ერთი თვე. თავიდან ძნელი იყო, მერე ვისწავლე მართვა… პირველი გარდაცვალების დღე რომ დადგა, ყველა წამი და წუთი თავიდან გავიარე…

სუიციდი არასდროს არის გამოსავალი. უბრალოდ, ნუცას გარდაცვალების შემდეგ, რაღაც მომენტში, ვერ დავინახე ჩემი მომავალი. მინდოდა სიკვდილი და მინდოდა ჩემს შვილთან ყოფნა… ეს ამიტომ გავაკეთე.

მეორე დღეს მიპოვა ჩემი შვილის ძიძამ… ძალიან უცნაური რამ მოხდა, ერთი საათით გვიან რომ მოსულიყო, დაგვიანებული იქნებოდა. მზია არის ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი, რომელიც ნუცას გარდაცვალების შემდეგ დარჩა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ტრაგედიის ყველა ნაბიჯი და საფეხური საკუთარ თავზე გადაატარა. პატარა რომ იყო, ნუცა დედიკო მაიას ეძახდა, მზიას კი დედას. მზიკო სულ ამბობს ხოლმე, შენ ბიოლოგიური დედა ხარ და მე შეძენილიო. დღეს ჩემთვის მზიკო ყველაფერია, დედა, და… ის მიცნობს სინამდვილეში როგორიც ვარ – თბილიც, ყურადღებიანიც, ხანდახან აფექტურიც და ჯუჯღუნაც. ჩემი ყველაზე დაფარული პირადი ამბების გამზიარებელი და მრჩეველიც მზიკოა. ახლა კი ჩემი მეორე დედაა, რადგან მეორე სიცოცხლე მაჩუქა. დილას მოვიდა ადრე, კარი გააღო და დავხვდი კომატოზურ მდგომარეობაში… წამიყვანეს საავადმყოფოში. მე არ მახსოვს, თურმე, ჩემი ძაღლები მესხდნენ გვერდით შეშინებულები და მლოკავდნენ. ღამე, გვიან მოვედი გონს. დედისთვის მქონდა დატოვებული წერილი. ვამბობდი, რომ ძალიან მინდოდა ჩემს შვილთან შეხვედრა და არ უნდა გავეკიცხე, რადგან კარგად ვიქნებოდი. ეს იყო კატასტროფული შეცდომა. ამას იმიტომ ვყვები, რომ ადამიანებს აქვთ დაცემის პერიოდი… მეორე დღიდანვე ასე შევხედე ამ ამბავს და მაქვს ახალი ცხოვრება. ამ აზრთან ოდნავ მიახლოებასაც კი არა, კატეგორიულად ვუკრძალავ ყველას. ის სხვა ცხოვრებაა… ყველა ადამიანს მოსვლია ეს აზრი, ვისაც მსგავსი ტრაგედია გაუვლია. ეს აზრი არათუ უნდა დაბლოკონ, არამედ უნდა გადაისროლონ სხვაგან… შემრცხვა, რომ დედაჩემზე არ ვიფიქრე. ძალიან ეგოისტურად მოვიქეცი.

არ გისაყვედურა?

სიმართლე გითხრათ, აღარ მახსოვს, რა მითხრა. არ ვიყავი კარგად, საავადმყოფოში ვიწექი და გამომწერეს, როდესაც შხამი გამოვიდა ორგანიზმიდან. მაშინ არ მინდოდა, რომ ადამიანებს გაეგოთ ეს ამბავი. სუსტი ვიყავი, ახლა ძლიერი ვარ.

ახალ ცხოვრებაზე ვისაუბროთ, რა ხდება იქ? ბევრად კარგად გამოიყურები, ვიდრე წინა ცხოვრებაში და ეს ბევრისთვის გასაკვირი აღმოჩნდა.

ასეა. 6-7 წლის წინანდელ ფოტოებს რომ ვუყურებ, სხვა ადამიანი ვარ. ბავშვობაში სულ მომწონდა ქერა გოგონები და მინდოდა, ასეთი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ მომიხდებოდა. არაცნობიერს თუ ჩავუღრმავდებით, ალბათ, მინდოდა, გარეგნულადაც შევცვლილიყავი. რადიკალურად გავავლე წითელი ხაზი იმ წარსულთან და გარეგნულადაც შევცვალე ჩემი თავი, შევცვალე მიდგომები და უფრო მარტივად ვუყურებ ცხოვრებას, საერთოდ არ მიმაქვს გულთან ის, რაც ადრე მიმქონდა. მოვიდა საოცარი სიმშვიდე და ეს გარეგნობასაც დაეტყო. რეჟიმში მყავს საკუთარი თავი. არ მაქვს თავისუფალი არც ერთი წამი. ახლა ცოტა ბევრს ვმუშაობ და ბოლო ორი კვირაა, არ მივარჯიშია, თორემ ყოველდღე ძალიან აქტიურად ვარ სპორტით დაკავებული. 43 წლის ქალის კვალობაზე არ გამოვიყურები ცუდად, შესაბამისად, ამიტომ გავბედე, რომ მაყურებელს ვჩვენებოდი თამამად, საცურაო კოსტიუმში, არ მინდოდა, ეს ყოფილიყო ვულგარული და გამაღიზიანებელი. ამას ძალით არ ვაკეთებ. როცა ნუცა ცოცხალი იყო, მისი გადაწყვეტილება იყო, რომ ჯანსაღად გვეკვება. რაც შიგნით გაქვს, ის გაქვს გარეთო, მეუბნებოდა. არ მივირთმევ არაჯანსაღ საკვებს, გაზიან სასმელს, მსუბუქად ვიკვებები, ვერიდები ტკბილეულს. ბევრი იტყვის, რატომ, როცა ამხელა ტრაგედიას ატარებო. სანამ ცოცხალი ვარ, უნდა ვიყო ცოცხალი. როცა ჩემი დრო დადგება და ღმერთი წამიყვანს ჩემს შვილთან, მაშინ დავყრი ფარ-ხმალს. შინაგანმა სიმშვიდემ, ვარჯიშმა, რეჟიმმა ფიზიკური სიძლიერეც მომიტანა.

ყველაზე მეტად მიჭირს საღამო, როცა ცარიელ სახლში უნდა მივიდე. სახლში როცა მივდივარ, მაშინვე დგება ღამე, რომელი საათიც არ უნდა იყოს. ხანდახან 9-ზე ლოგინში ვარ. აუცილებლად ვკითხულობ, ვწყდები რეალურ სამყაროს და ხშირად ათზე უკვე მძინავს, იმიტომ, რომ დღე ადრე დამთავრდეს. როცა ეს რეჟიმი გაქვს, ბუნებრივია, გარეგნობაზეც აისახება.

ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ჭორი მოვისმინეთ, რომ შენს ცხოვრებაში იყო ვიღაც…

წლების განმავლობაში არ ვსაუბრობდი პირად ცხოვრებაზე, რადგან საზოგადოება ნეგატიურად რეაგირებს, როცა უქმრო ქალს აქვს პირადი ცხოვრება. ახლა ძალიან არაადეკვატურად მეჩვენება ეს, 21-ე საუკუნეში, როცა ქალს არ ჰყავს ქმარი, აქვს პირადი და ამის გამო ბოდიში უნდა იხადოს, სირცხვილია. იმ წლებში, როცა ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ, რომ ჩემთვის ტალახი არ ესროლათ, ვმალავდი, მეზარებოდა ახსნა-განმარტებები. ყოველი მეორე ქუჩაში მაჩერებს და თვლის საჭიროდ, მირჩიოს, რომ ბავშვი უნდა გავაჩინო. ჩემი ოჯახის წევრებსაც თვეში ერთხელ მაინც ამას ეკითხებიან. იგივე ადამიანები მწვავედ რეაგირებენ, როდესაც იგებენ, რომ პირადი ცხოვრება მაქვს და ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია.

ცხოვრებაში შეუძლებელია რეალიზება და რამის მიღწევა, თუკი პირადი ცხოვრება არ გაქვს. ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, ჩემს ცხოვრებაში დიდი სიყვარული რომ არ ყოფილიყო. ნუცას სულ ვეუბნებოდი და მას თინეიჯერობისას არ სჯეროდა, რომ რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს დიდი სიყვარული და მე ეს მაქვს-მეთქი. არ ვიცი, კიდევ შემიყვარდება თუ არა ასე, მაგრამ 9 წელი ვიყავით ერთად და ვიყავით ძალიან ბედნიერები. არ ვსაუბრობ ნუცას მამაზე. იმ ადამიანთან ერთად მაქვს გადაღებული ჩემი ცხოვრების მთავარი რეპორტაჟები. პროფესიული ხაზით შევიცანი და მერე მოვიდა სიყვარული ჩემთან, თუმცა მისთვის ჟურნალისტი მაია ასათიანი ყოველთვის მეორე საფეხურზე იყო. სიყვარულის გარდა, ბევრი საერთო გვქონდა, მაგრამ ძალიან განვსხვდებოდით ერთმანეთისგან. ჩვენი სიყვარული და ვნება წლებთან ერთად უფრო ღრმავდებოდა. 9 წლის შემდეგ, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი თავი საქართველოში ამოწურა. ჩვენ არ დავშორებულვართ, ის სხვა ქვეყანაში წავიდა და შემდეგ მანძილმა და დრომ დაგვაშორა. ახლა ჩემი უახლოესი ადამიანია, რომელიც სადღაც შორს არის, მაგრამ რომანი დამთავრდა და არც არასდროს განახლდება. არ გავა თვე ან კვირა, რომ ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ. მის შესახებ წიგნშიც ვყვები. მისი ამერიკულ პასპორტში ის სახელია, რასაც მე ვეძახდი. ძალიან ჩვენიანი იყო. ნუცას ძალიან უყვარდა, ნუცა ძალიან უყვარდა… ოჯახი ვიყავით.

მას შემდეგ გქონია ასეთი დიდი სიყვარული?

შვიდი წელი გავიდა. ასეთი სიმძაფრის ურთიერთობა და ასეთი შეგრძნება მეტი აღარ მქონია. რა თქმა უნდა, მქონდა ურთიერთობები, მაგრამ არა ასეთი. თვითონ ხუმრობს ხოლმე, ალბათ, ყველა კაცში მე მეძებო, მეც ვეხუმრები, რომ ალბათ, ისიც ყველა ქალში მე მეძებს.

ორსულობაზე რომ საუბრობდი გადაცემაში, აღნიშნე, რომ იყო ჭორი, რომ იყავი ფეხმძიმედ და ადრესატიც ცნობილია, შენი პროდიუსერი, ნიკა ხაჩიძე…

ყველა სეზონის დაწყების წინ ჩემ შესახებ მამალი ყვითელი ჭორია ხოლმე. წელს ეს ჭორი იყო, რომ გარდავიცვალე. ყველაზე აქტუალური კი არის ჩემი ორსულობის ამბავი. ყველაზე მეტი ფოტო, რომელიც ინტერნეტსივრცეში მიდევს, არის ჩემს უახლოეს მეგობართან და ასეთი ახლო მამაკაცი მეგობარი არ მყავს, ჩემი გადაცემის პროდიუსერთან, ნიკა ხაჩიძესთან ერთად. თანდათან ამან ისეთი მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ ნიკას ულოცავდნენ, ლამის ბავშვის სახელიც იცოდნენ, სრულიად სერიოზულად მიიჩნევდნენ, რომ ჩვენ წყვილი ვართ. საერთო სამეგობრო წრე გვყავს, ხშირად ვართ ერთად, მათ შორის დასასვენებლად, მეგობრებთან ერთად. უკვე იმ ასაკში ვართ, მეც და ნიკაც, იმდენად სხვაგან ვართ, რომ აღარც ვუარყოფთ. ცხრა თვეც გავიდა და წლებიც, აქამდე ბავშვიც დაიბადებოდა და შვილიშვილებიც გვეყოლებოდა. ჩემი ბუბულიკო რომ ლეკვებს გააჩენს, ნიკას ერთ ლეკვს დავპირდი. სახელიც ვიცით, რომ უნდა დაერქვას კიტა ხაჩიძე… ჩემი ინტერნეტბავშვის მამაა ნიკა ხაჩიძე, თუმცა თუ სერიოზულად ვიტყვით, ჩემი ტელებავშვის მამა ნამდვილად ნიკაა, ამ ბავშვს „პროფილი“ ჰქვია.

რაც შეეხება ორსულობას, მყარად მაქვს გადაწყვეტილი, რომ შვილს აღარ გავაჩენ. ჩემნაირი ქალის მომავალს საზოგადოება სხვანაირად ვერ ხედავს. ითვლება, რომ ქალს მაშინ აქვს მომავალი, როცა მას შვილი ჰყავს. მე აღარ მინდა შვილი, იმიტომ, რომ მეშინია. არ ვარ დედობისთვის მზად.  მე ვხედავ ჩემს მომავალს შვილის გარეშე.

ოჯახის შექმნაზე ფიქრობ?

ბოლო პერიოდში მქონია შემოთავაზება დაოჯახებაზე… მაგრამ არ გამოჩნდა ადამიანი, ვისთან ერთადაც დაბერება, პასუხისმგებლობის გადანაწილება, ცხოვრების გაზიარება მე მომინდებოდა. ვფიქრობ, უნდა მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ, ბევრი პლუსითა და მინუსით, შენი ცხოვრების მთავარი ვნებით. ყველაზე მეტად რა არ მიყვარს, გეტყვით გულახდილად და ვემშვიდობები ადამიანს მაშინ, როცა მეუბნება, მე მიყვარხარ შენ და არა შენი ეკრანული გამოსახულება. ვერ ვუხსნი, რომ ეს ჩემთვის ზღვარია. ისიც ვარ, ის ჩემი ცხოვრებაა. არ შემიძლია, ვეურთიერთო ადამიანს, რომელიც ჩემს ეკრანულ სახეს ვერ იღებს. მგონია, რომ დაოჯახების გადაწყვეტილებას ან არ მივიღებ, ან ძნელად მივიღებ. სულაც არ მივიჩნევ, რომ ქალისთვის აუცილებელია გათხოვება, რომ თავი კარგად იგრძნოს. შერონ სტოუნს აქვს ნათქვამი, ჩვენ თავად ვიქეცით იმ მამაკაცებად, ვისზეც ახალგაზრდობაში გვინდოდა გათხოვებაო. მეც ასე ვფიქრობ.

ახლა მარტო ხარ?

ერთი თვეა, რაც მარტო ვარ…დიდი ხანია, არ მყვარებია. არც კი ვიცი, ნუცას მერე მაქვს რესურსი, რომ შემიყვარდეს? ან როგორი ადამიანი უნდა იყოს?..

მარტო ყოფნა დიდხანს შეგიძლია?

აბსოლუტურად ყველაფერი შემიძლია. ასე გამოვაწრთე ჩემი თავი, თუმცა გათენება რომ გიხარია, მზის ამოსვლა, პირველი დილა მშვიდობისა, ეს კარგია ძალიან, სხვანაირი ადრენალინია. არ მიყვარს მარტო ყოფნა. ბანალური ურთიერთობებიც არ მიყვარს.

განვლილი ცხოვრების ამბავს წიგნში ჰყვები, რომელიც მალე იხილავს მზის სინათლეს…

წიგნის დაწერის იდეა ლაშა ბუღაძესთან საუბრის შემდეგ გამიჩნდა. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთად აღმოვჩნდით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. საუზმეზე ლაშას მოვუყევი ჩემი ცხოვრების ერთი ეპიზოდი. მეგობრებთან ერთად ვისხედით. უცებ ლაშას ჰქონდა პაუზა, შემდეგ კი მითხრა, მაია, ეს წიგნის დასაწყისიაო. შემომხედა და თქვა, შენ წიგნი უნდა დაწეროო. რამდენიმე დღე ვფიქრობდი ამაზე, შემდეგ დავიწყე ამისთვის მზადება, წავიკითხე რამდენიმე ბიოგრაფიული პროზა. არ მაქვს პრეტენზია, რომ ეს არის მწერლობა, ეს არის ტელეჟურნალისტის ცხოვრების ამბავი.

ჩემს წიგნს ჰქვია „სიცოცხლე 25-ჯერ წამში“. ეს არის დოკუმენტური პროზა. როცა წერა დავიწყე, ამას ვუყურებდი, როგორც თერაპიას. თუ არაფერი გამოვიდოდა, შვება იქნებოდა ჩემთვის, რადგან ყურადღებას გადავიტანდი. პირველი რამდენიმე თავი რომ დავწერე, მივხვდი, რომ საინტერესო გამოდიოდა. გადავუგზავნე თინა მამულაშვილს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან“ და მითხრა, რომ წერა უკვე მათთვის გამეგრძელებინა.

სამოტივაციო წიგნია. ჩემი ცხოვრების ამბავია, ბავშვობიდან დაწყებული ამ დრომდე. როგორ გავხდი მაია ასათიანი. არის ძალიან პირადული, ინტიმური, რთული ამბები. ყველაზე მეტად გამიჭირდა ბოლო თავის დაწერა და დიდხანს ვემზადებოდი. ეს თავი ნუცას გარდაცვალებას ეძღვნება. უნდა აღმეწერა დოკუმენტური სიზუსტით. რომ დავწერე, მივხვდი, რომ ეს ამბავიც, ნუცას სიკვდილის ამბავი, გავუშვი, მაგრამ ჩემი ამბავი გადარჩენაზეა. ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, მიხვდება, რომ შეიძლება, ბავშვობიდან მოყოლებული ბევრი იტანჯო, მაგრამ ბევრსაც მიაღწიო.

წესით, წიგნი ახალ წლამდე უნდა გამოვიდეს, ალბათ, გვიან შემოდგომაზე.

რა გამოხმაურებებს ელოდები?

იქნება სნობური გამოხმაურებები, როგორ გაბედა, რომ დაწერა, თავი ვინ ჰგონია, იქნება გაბრაზებული გამოხმაურებაც, ძალიან არ მინდა, მაგრამ იქნება ყვითელი პრესის ყვითელი სათაურები ამოგლეჯილი ფრაზებით, ძირითადად პირადზე და ეს მეტკინება ძალიან, მაგრამ მკითხველი წაიკითხავს და თავის აზრს მეტყვის. ეს ამბავი მათთვისაა, იმიტომ, რომ მეც მათსავით ვიწვალე და გადავრჩი. ტალახს ველოდები, მაგრამ ეს აღარ მიკვირს. ამისთვის რომ შემეხედა, აქამდე ვერ მოვიდოდი… კიდევ ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებ.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g