„ისეთი მაღალი შედეგი მოვიდა, მეც რომ გამიკვირდება“ – წერს მაია ასათიანი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გუშინდელი „პროფილის“ შემდეგ. ჩვენ მის პროდიუსერს, ნიკა ხაჩიძეს დავუკავშირდით, რომელიც ამბობს, რომ კონკრეტული რიცხვის გამხელის უფლება არ აქვს, თუმცა „სხვა პროფილმა“ გაამართლა და სეზონის მეორე გამოშვებას ისეთი მაღალი რეიტინგი ჰქონდა, როგორიც არც ერთ გადაცემას არ ჰქონია დიდი ხანია.
მაია ასათიანი „ფეისბუქზე“ მილოცვებს იღებს. მათ შორის არის ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი, ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე, რომელიც წერს: „ეგრე რა. ეს სულ სხვაა. მიხარია და გილოცავ, მაიკო“. მილოცვას უერთდება მომღერალი ნოდიკო ტატიშვილიც. ხოლო მამა პეტრე კოლხი წერს, რომ მომავალი ხუთშაბათის გადაცემას კიდევ უფრო მაღალი რეიტინგი ექნება. როგორც ჩანს, თავად არის მაიას სტუმარი.
როგორც ცნობილია, მაია ასათიანმა „პროფილის“ ყვითელი თემები სხვა გადაცემებს დაუტოვა და თავად განსხვავებული ფორმატი აირჩია, რომელიც უფრო მეტად სოციალური თემების წინ წამოწევას და კონკრეტული ადამიანების ამბების ჩვენებას ემსახურება. გუშინაც სწორედ ასეთი გადაცემა ჰქონდა…
მაია ასათიანი საკუთარი გუნდის წევრებს მადლობას უხდის და აღნიშნავს: „უკვე ერთი თვეა, ყველა ღამეს ვათენებთ სამსახურში და დღე-ღამის 24 საათი არ გვყოფნის, მაგრამ ეს შედეგი, მგონი, ყველაფერზე მეტია და ბედნიერი ვარ, რომ ერთი გუნდი გვქვია. ეს მხოლოდ დასაწყისია…“