LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია სიდამონიძე: „საქართველო უნდა იყოს ნიშური ტურიზმის მიმართულების, სადაც უფრო მაღალმხარჯველიანი, სპეციფიკური ინტერესების მქონე ადამიანები მოგზაურობენ“

573
მაია სიდამონიძე

ტურიზმის ეროვნული ჯილდო – Welcome to Georgia, რომელიც ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს გამორჩეული წარმომადგენლების გამაერთიანებელ ბიზნეს პლატფორმას წარმოადგენს, წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. აღნიშნული პლატფორმის მიერ ბოლო ათწლეულში გამოვლინდა 1000-ზე მეტი ნომინანტი სხვადასხვა კატეგორიაში და 300-ზე მეტი გამარჯვებული ტურიზმის სხვადასხვა სექტორიდან.

მაია სიდამონიძე, Welcome to Georgia-ს ახალი ხელმძღვანელი:

– უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ Welcome to Georgia-ს მსგავსი პლატფორმები მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ყველა ინდუსტრიისთვის, ტურიზმის სფეროსთვის კი განსაკუთრებით, რადგან ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია ქვეყანაში, წლების განმავლობაში საექსპორტო შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა და ეს ის ბიზნესია, რომელიც მთლიანად ადამიანებზე დგას. ამ ბიზნესის წარმომადგენლები მთელი წლის განმავლობაში ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ ქვეყნის სახელი მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ღირსეულად და მიმზიდველად იყოს პოზიციონირებული, ანუ ისინი არა მხოლოდ საკუთარ, ეროვნულ საქმესაც ემსახურებიან, შესაბამისად, წელიწადში ერთხელ მაინც მათი დაფასება, აღიარება, მათი წარმატების აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია.

– საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უნდა ველოდოთ თუ არა სიახლეებს წლევანდელ დაჯილდოებაზე?

– საიუბილეო თარიღიდან გამომდინარე ბევრი სიახლის განხორციელება გადავწყვიტეთ. ერთი მხრივ, ეს არის რებრენდინგი, მეორე მხრივ კი, აბსოლუტურად განახლებული ნომინაციები, რომლებიც ინდუსტრიის ყველა სექტორს მოიცავს და პასუხობს საბაზრო ტენდენციებს, სხვადასხვა სექტორის მოთხოვნებს. მაგალითად, ნომინაციები განვავრცეთ გასტრონომიის მიმართულებით, ღვინის ტურიზმის წარმომადგენლებისთვის, სასტუმროებისთვის. განსაკუთრებულად გამოვყოფდი ნომინაციას „ადგილობრივი ავთენტური გამოცდილება“.

– როგორ წარიმართება ნომინირების პროცესი?

– ნომინაციებში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. სარეგისტრაციო ფორმა შესავსებია უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლის მიერ და ხდება ონლაინ რეჟიმში ჩვენს ვებგვერდზე, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე მრავლისმომცველი ინფორმაციითა სავსე. განაცხადი მარტივი შესავსებია, საკონტაქტო ინფორმაციის შეტანის შემდეგ ჩვენ ვუკავშირდებით აპლიკანტებს იმ მასალის გამოთხოვის მიზნით, რომელიც ჟიურისთვისაა მნიშვნელოვანი.

– შეფასების მეთოდოლოგიამაც თუ განიცადა ცვლილება და ვინ იქნება ჟიური?

– დიახ, განვაახლეთ შეფასების პროცესიც – ის აღარ იქნება ერთჯერადი, ჟიურის ბორდით განპირობებული, არამედ იქნება მრავალეტაპიანი. პირველ ეტაპს წარმოადგენენ დარგობრივი კომიტეტები (ტურიზმის ყველა სექტორისთვის ცალ-ცალკე), რომლებიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებით იქნებიან დაკომპლექტებულები. მათ, ვისაც ინტერესთა ირიბი ან პირდაპირი კონფლიქტი ექნება კონკრეტულ ობიექტებთან, მაგალითად, ჟიურის წევრებს, ისინი იმ კონკრეტულ შეფასებაში იქნებიან აცილებულები და მათ ნაცვლად სხვა პირებს მოვიწვევთ. ჟიურის წევრების ვინაობას, ჯერჯერობით, არ ვახმოვანებთ. ცნობილს გავხდით, როგორც კი შეფასების პროცესი დასრულდება. წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ასე სჯობს. თუმცა შეფასების პროცესი ამით არ მთავრდება. შემდეგი ეტაპი არის ინდუსტრიული შეფასება, რომელშიც სხვადასხვა ასოციაცია იქნება ჩართული. მას მოჰყვება იდუმალი სტუმრის შეფასება და ის უფრო რესტორნებსა და სასტუმროებს შეეხება, ბოლოს კი ფავორიტ ობიექტებს ხმას ონლაინ რეჟიმში საზოგადოება მისცემს.

– როდის გაიმართება დაჯილდოება?

– ღონისძიება 25 სექტემბერსაა დაგეგმილი, შეცვლილი იქნება ღონისძიების ფორმატიც. ზოგადად, გვინდა, რომ პლატფორმა Welcome to Georgia ორიენტირებული იყოს არა მხოლოდ წელიწადში ერთხელ გამარჯვებულების გამოვლენაზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში ისეთი აქტივობების ჩატარებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, სხვადასხვა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. გვინდა შევქმნათ ცოდნის ჰაბი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ტრენინგები, მასტერკლასები და მრავალი სხვა ისეთი ღონისძიება, რომელიც ტურიზმის სფეროში ადამიანების უნარების გაძლიერებას მოემსახურება. დაჯილდოების ღონისძიების ფორმატიც გვინდა, რომ ასეთ იყოს – გამარჯვებულები საზეიმო ვითარებაში საღამოს გამოვლინდებიან, დღის განმავლობაში კი ჩატარდება კონფერენცია პანელური დისკუსიებით ინდუსტრიის ტენდენციების მიმოხილვისთვის.

– ტურიზმის სექტორის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებზეც ვისაუბროთ, რომლებიც ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ წარმოქმნილი არასტაბილური ვითარებითაა განპირობებული.

– უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ კოვიდ პანდემიამდე ტურიზმის ინდუსტრია სტაბილურად კარგად ვითარდებოდა. პანდემიის გამო კოლაფსი პირველმა ჩვენმა სფერომ განიცადა, პანდემიის შემდეგ კი, სამწუხაროდ, ინდუსტრიამ თვითრეაბილიტაცია ვერ შეძლო, რადგან სულ დაძაბული ვითარებაა ან რეგიონში, ქვეყანაში თუ გლობალურად. არასტაბილური ვითარება პირდაპირ აისახება ტურისტულ ბიზნესზე – შეიძლება რაღაც თვეები იყოს ძალიან კარგი, შემდეგ კი იწყება დაღმავლობის პერიოდი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესს ძალიან გაეზარდა ხარჯები, შემოსავლები კი შეუმცირდა, რადგან შეიცვალა სამიზნე ბაზრებიც და სეგმენტებიც. ფაქტობრივად, აღარ ტარდება ბევრი ბიზნეს შეხვედრა, კონფერენციები. ეს კორპორაციული ჯგუფები საკმაოდ მაღალმხარჯველიანი სეგმენტი იყო განსაკუთრებით თბილისისა და ბათუმის დიდი სასტუმროებისთვის. აღარ გვსტუმრობენ ევროპული ტურისტული ჯგუფები, რომლებიც მანამდე ერთი წლით ადრე ჯავშნიდნენ საქართველოში ვიზიტს და ტურისტულმა კომპანიებმაც და სასტუმროებმაც წინასწარ ვიცოდით, რა ნაკადზე იყო მოლოდინი. ევროპული ბაზარი დღეს ჩანაცვლებულია აზიური და რეგიონის ბაზრით, რაც ტრაგიკული არ არის, როცა არ გვაქვს არჩევანი, რა თქმა უნდა, ჩანაცვლების სტრატეგიაზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ამ ბაზრებიდან შემოსულ სეგმენტს დიდად არ აინტერესებს ჩვენი კულტურა, ჩვენი ღირსშესანიშნაობები, ისინი, ძირითადად, ორიენტირებულნი არიან დაბალ ფასებზე, ჭამა-სმაზე და მასობრივი ტურიზმის პროდუქტებზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ საქართველო უნდა იყოს ნიშური ტურიზმის მიმართულების, სადაც უფრო მაღალმხარჯველიანი, სპეციფიკური ინტერესების მქონე ადამიანები მოგზაურობენ. ამ მიზანს ახლა ცოტა აცდენილები ვართ.

– რადგან ტურიზმის ინდუსტრიას თვითრეაბილიტაცია უჭირს, როგორი ტიპის მხარდაჭერაა საჭირო, რომ მან აღმასვლა განაგრძოს?

– კარგი იქნება, თუ მცირე და საშუალო  ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდება, ხარჯების შემცირება განსაკუთრებით რეგიონებში ოპერირებად ობიექტებს წაადგებათ. მნიშვნელოვანია, დავაბრუნოთ, და ამას სერიოზული პოლიტიკური ნება სჭირდება, ევროპული ბაზრები, ბიზნეს კონფერენციები და კორპორაციული სეგმენტი. ჩინეთი, მაგალითად, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველუნარიანი ბაზარია გამყვან ტურიზმში, მაგრამ ჩვენთან ეს სეგმენტი ჩამოვა თუ არა, არ ვიცით. ამიტომ, მარკეტინგულ კამპანიებს როცა ვგეგმავთ, აუცილებელია ისეთ სეგმენტებზე მოხდეს ტარგეტირება, რომ საქართველოში უფრო მახალმხარჯველიანი ადამიანები ჩამოვიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g