LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაილს ელექტრიკ ბენდმა” ჯაზის მოყვარულებს დაუვიწყარი საღამო აჩუქა!

115

16 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, “ბლექ სი ჯაზფესტივალის” ფარგლებში, მეორე კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე წარდგა ბრწყინვალე მუსიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფი “მაილს ელექტრიკ ბენდ”. ის, როგორც თავადაც მიხვდებოდით, ლეგენდარული მაილს დევისის პატივსაცემადაა შექმნილი და მიზნად ისახავს, ახალ თაობას უკეთ გააცნოს მისი მუსიკა.

“მაილს ელექტრიკ ბენდი” 11 მსოფლიო დონის არტისტს აერთიანებს. მათ შორის არიან პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს “გრემის” მფლობელები ან ნომინანტები. რაც შეეხება პროგრამას, ჯაზური ინოვაციებისთვის, როგორც ჩარჩო, აღებულია მაილს დევისის მუსიკა, კერძოდ, მისი ელექტრონული პერიოდის კომპოზიციები.

პირველად “მაილს ელექტრიკ ბენდი”, რამდენიმე წლის წინ, ჩიკაგოში, მაილს დევისის სახელობის ფესტივალზე წარდგა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართველი მსმენელისთვის, რომელიც ჯაზფესტივალზე ამ სფეროს საინტერესო სიახლეების გასაცნობად დადის, გუშინდელი საღამო ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.
კონცერტამდე დაინტერესებულ მაყურებელს შეეძლო, ენახა დონ ჩიდლის მიერ მაილს დევისის შესახებ გადაღებული ფილმი, სადაც მთავარ როლს თავად რეჟისორი თამაშობს. მისი პრემიერა ბათუმის “აპოლოს” კინოთეატრში შედგა…

რაც შეეხება თავად კონცერტს, მაილს დევისის კომპოზიციების ამგვარი აღქმა და ინტერპრეტაცია ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო.

ქართველმა მაყურებელმა მუსიკოსებს ბისზე უხმო და მათ ერთი კომპოზიცია კიდევ შეასრულეს.
დღეს კი, 17 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ლორენ ჰილი გამართავს კონცერტს.

ნინო მურღულია

mazda magti 5g