LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაიმუნის ყვავილის” გავრცელების შემთხვევაში, დაგვიცავს თუ არა ინფიცირებისგან ბავშვობაში გაკეთებული “ყვავილის” საწინააღმდეგო აცრა

842
Untitled design

“WHO მოელის, რომ უახლოეს პერიოდში უფრო მეტი შემთხვევა დადასტურდება, რადგან იმ ქვეყნებში, რომლებისთვისაც ვირუსი დამახასიათებელი არ იყო, ზედამხედველობა ფართოვდება” – ასეთია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი ბოლო, 21 მაისის პროგნოზი, რომელიც არა ახალ, თუმცა მოულოდნელად, საგანგაშოდ სწრაფად გავრცელებულ მაიმუნის ყვავილს უკავშირდება.

კოვიდპანდემიის შემდეგ, მსოფლიო მორიგი გამოწვევის წინაშე დგას – დაავადება, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ აფრიკის კონტინენტისთვის იყო დამახასიათებელი და მის შესახებ სხვა კონტინენტებზე, შესაძლოა, ბევრს არაფერი სმენოდა, საზღვრებს გასცდა და გავრცელება დაიწყო.

მსოფლიოში მაიმუნის ჩუტყვავილა ვრცელდება – ჯანდაცვის ექსპერტები იშვიათ ვირუსულ დაავადებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ განგაშისა და პანიკის საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად, როგორც მანვე თქვა, მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას.

პირველი პოზიტიური ინფორმაცია, რომელიც ვირუსის გავრცელებასთან ერთად გახდა ცნობილი, არის ის, რომ ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა, ასევე ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც.

ვაქცინების ეფექტიანობაზე “ფორტუნასთან” დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი საუბრობს, რომლის მოსაზრებებსაც ქვემოთ გაეცნობით.

მანამდე კი…

მსოფლიო ჯანდაცვის სპეციალისტების შეშფოთების მთავარი მიზეზი ინფექციის უჩვეულო გავრცელებაა – ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევები აფრიკაში მოგზაურობის ისტორიას არ უკავშირდება, შესაბამისად, უცნობია, საიდან დაიწყო ვირუსმა გავრცელება.

იმისათვის, რომ მაიმუნის ყვავილის გავრცელების სისწრაფე შევაფასოთ, წარმოგიდგენთ ჯანმოს განახლებული მონაცემების გრაფას, რომელიც დიდ ბრიტანეთში პირველი დადასტურებული შემთხვევიდან – 13 მაისიდან 21 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

დღეისათვის, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და ევროპის 9 ქვეყანაში, ჯამში, აღრიცხულია ვირუსის 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა. მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

 

პარალელურად, აფრიკის კონტინენტზე მაიმუნის ყვავილით ინფიცირების სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2021 წლის 15 დეკემბრიდან 22 წლის 1 მაისამდე, ვირუსი აფრიკის 4 ქვეყანაში გამოვლინდა:

  • კამერუნი – 25 შემთხვევა;
  • ნიგერია – 46 შემთხვევა;
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – 6 შემთხვევა;
  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 1 238 შემთხვევა.

 

 

რა არის მაიმუნის ყვავილი, როგორი მიმდინარეობა ახასიათებს და არის თუ არა ახალი საფრთხე პოსტკოვიდური მსოფლიოსთვის

 

მაიმუნის ყვავილის ისტორია 1970 წლიდან იწყება, ის 52 წლის წინ ადამიანს პირველად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაუდასტურდა.

ადამიანს უმეტესად მღრღნელებისგან და პრიმატებისგან გადაეცემა. ადამიანებს შორის კი ვრცელდება რესპირატორული გზით, ასევე ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხების შემდეგ.

დღეისათვის გამოვლენილია ვირუსის ორი შტამი: 

დასავლეთ აფრიკული შტამი – მას აქვს მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობა, ლეტალობის მაჩვენებელი კი 1 %-ის ფარგლებშია.

კონგოს აუზის შტამი – აქვს ადამიანიდან – ადამიანზე გადაცემის მაღალი უნარი, აქვს ავადობის შედარებით მაღალი მაჩვენებელი, ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელი კი 10%-ის ფარგლებშია. ზოგადად კი, მაიმუნის ყვავილის ლეტალობის საშუალო მაჩვენებელი 3-6 პროცენტის ფარგლებშია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილით დაინფიცირების მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია.

“ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით. სიმპტომები 5 დღის ფარგლებში იწყებს გამოვლენას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით: შეციებით, ცხელებით, თავისა და კუნთების ტკივილით, ზურგის ტკივილით, სისუსტით და ლიმფური კვანძების შეშუპებით.

სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, უპირატესად კიდურებზე. დამახასიათებელია გამონაყარი ხელისგულსა და ფეხის ძირებზე. დამახასიათებელი სიმპტომია გამონაყარის მტკივნეულობა, თუმცა ჩუტყვავილას გამონაყარისგან განსხვავებით, არ იწვევს ქავილს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯანდაცვის სპეციალისტების განცხადებით, დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებსა და დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში. 

ახლად დადასტურებული შემთხვევების მიხედვით, მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან მამაკაცები, რომელთაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან.

 

 

ატიპური გავრცელება და ვაქცინაცია – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მთავარ რისკებს ასახელებს

 

?  როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, ვირუსი უფრო მეტად საყურადღებოა, რადგან დადასტურებული შემთხვევების იდენტიფიცირება მოგზაურობის ისტორიის გარეშე ენდემურ ზონაში ატიპურია, შესაბამისად, აუცილებელია ყოვლისმომცველი ეპიდკვლევა და იზოლაციის მკაცრი წესების დაცვა.

ამასთან, სწრაფი გავრცელების პარალელურად, მეცნიერები ახალი, მუტირებული შტამების წარმოქმნის საფრთხესაც ასახელებენ.

?  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ვაქცინაა – მართალია, მედიკოსები გვარწმუნებენ, რომ ჩვეულებრივი ყვავილის საწინააღმდეგო აცრა ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილისგანაც, თუმცა ამ ეტაპზე, ყვავილზე რუტინული აცრა გლობალურად აღარ ხდება.

შესაბამისად, როგორც ჯანმოში აღნიშნავენ, ტრადიციული ყვავილისგან ჯვარედინი დამცავი იმუნიტეტი ხანდაზმულ და 40 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებში გხვდება, რადგან 1980-იანი წლების შემდეგ ამ ვაქცინით აღარ ცრიდნენ, იმის გამო რომ თავად დაავადება აღარ არსებობდა.

WHO-ს განმარტებითვე, აფრიკის საზღვრებს გარეთ, სხვა კონტინენტებზე მცხოვრებ ახალგაზრდებში მაიმუნის ყვავილის მიმართ იმუნიტეტი დაბალი იქნება, ვინაიდან ვირუსი იქ არასდროს ყოფილა.

 

 

“მსოფლიო ბევრად უფრო მზადყოფნაშია ახლა, ვიდრე იმყოფებოდა კოვიდპანდემიის დასაწყისში – ყვავილის ვაქცინა ეფექტიანია”

 

დგას თუ არა მსოფლიო ახალი პანდემიის საფრთხის წინაშე, არის თუ არა საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების მაღალი რისკი და მოსახლეობის რა ნაწილია აცრილი ყვავილზე ვაქცინით, რომელმაც ვირუსის გავრცელების შემთხვევაში საზოგადოება უნდა დაიცვას – “ფორტუნასთან” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი გლობალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში, ნათია სხვიტარიძე საუბრობს.

როგორც ნათია სხვიტარიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე, საქართველო რისკის ზონად არ განიხილება, მსოფლიო კი ამ მხრივ, იმაზე უკეთ არის მომზადებული, ვიდრე კოვიდპანდემიის საწყის ეტაპზე იყო, რადგან, მართალია უკვე 40 წელია ყვავილის ვაქცინით აღარავინ აცრილა, თუმცა ვაქცინის ფორმულა არსებობს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მიზნობრივი მაიმუნის ყვავილის ვაქცინა, ტრადიციული ყვავილის ვაქცინა საკმაოდ ეფექტიან, პრევენციულ საშუალებად მიჩნევა.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი იგივე ოჯახის წარმომადგენელია და ხელს უწყობს ჯვარედინი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.

ვაქცინა, დაახლოებით, 85%-ის ფარგლებში იცავს, რომ ან არ მოხდეს დაინფიცირება, ან დაინფიცირების შემთხვევაში მიმდინარეობა იყოს ძალიან მსუბუქი ან უსიმპტომო”, – ამბობს სხვიტარიძე.

 

 საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილია აცრილი ვაქცინით, რომელმაც “მაიმუნის ყვავილისგან” უნდა დაიცვას 

 

“ვინაიდან ყვავილი არის დაავადება, რომელიც აღმოფხვრილია დედამიწაზე. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ეს ინფექცია აღმოიფხვრა, დაახლოებით, 1980 წლის შემდეგ ყვავილის საწინააღმდეგო აცრა აღარ კეთდება. საუბარია არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მსოფლიოს მასშტაბით – შესაძლოა, იყოს განსხვავება 1 ან 2 წელი – მაგრამ ეს იყო გლობალური მიდგომა და ყვავილზე აცრა მსოფლიოში შეჩერებულია.

საქართველოში 1980 წლამდე დაბადებული ადამიანების უმეტესობა აცრილია, რადგან ამ ვაქცინის აცრა რუტინული კალენდრის ფარგლებში ხდებოდა.

რუტინული კალენდარი ახლაც გვაქვს, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებიც აცრაზე უარს ამბობენ, შესაბამისად მაშინაც იყო გამონაკლისები, ვინც არ იცრებოდა, მაგრამ, მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი იყო, აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ 41-42 წლის ასაკის და უფროსი თაობა – უმეტესობა აცრილია.

მოსახლეობის რა პროცენტია აცრილი, ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით. ვაქცინა ბავშვთა ასაკში კეთდებოდა, საჭირო იყო მხოლოდ ერთი აცრა და საკმაოდ მყარი იმუნიტეტი ყალიბდებოდა.

ყვავილს თუ შევადარებთ, მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია, ახასიათებს გრიპისმიერი მოვლენები და სპეციფიკური გამონაყარი.

ამ ეტაპზე, საქართველო რისკის ზონად არ განიხილება, იმ ქვეყნებსაც კი, სადაც შემთხვევები დაფიქსირებულია, ჯერჯერობით მკაცრი, განსაკუთრებული ზომებისთვის არ მიუმართავთ, არც მიმოსვლასთან, არც კარანტინთან დაკავშირებით”, – აღნიშნავს ნათია სხვიტარიძე.

 

“ვაქცინას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა – თუ აცრის საჭიროება დადგა, ასაკი პრობლემა არ იქნება”

 

როგორც ჩვენთან საუბარში ნათია სხვიტარიძე აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი გავრცელებას დაიწყებს, მასობრივი იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება, რადგან  ყვავილის ვაქცინას ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს.

“ცირკულირებს ისევ ის შტამები, რომლებიც მეცნიერებისთვის ცნობილი იყო. ნამდვილად არ არის საუბარი ახალ შტამზე, რომელიც ყურადღებას მიიქცევდა.

ყვავილის ვაქცინა არსებობს, მისი ფორმულა არსებობს, წარმოების მეთოდოლოგია შემუშავებულია, არც მოწოდება წარმოადგენს პრობლემას, მით უმეტეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც ახლა ვირუსი ფიქსირდება.

ვაქცინას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, მართალია რუტინულად, ბავშვთა ასაკში კეთდება, მაგრამ თუ საჭიროება დადგა, შესაძლებელია მოზრდილ ასაკშიც გაკეთდეს.

ასე რომ, მსოფლიო ბევრად უფრო მზადყოფნაშია ახლა, ვიდრე იმყოფებოდა კოვიდპანდემიის დასაწყისში”, – აცხადებს ნათია სხვიტარიძე.

 

 

mazda magti 5g