მაისში საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა, რუსების კი გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება. მარტი – მაისის ჯამური მონაცემებით, საქართველოში 163 637 რუსი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 368%-ია.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ მაისში საქართველოს საზღვარი რუსეთის 69 772-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. წლიური ზრდა 401%-ია. ამ მონაცემებით, რუსეთი პირველ პოზიციაზეა, შემდეგ მოდის თურქეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, უკრაინა და აზერბაიჯანი.
შსს-ს მონაცემებითვე, მარტი-მაისის პერიოდში საქართველოში უკრაინის 57 416 მოქალაქე შემოვიდა, რაც წლიურად 121%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მაისში, აპრილთან შედარებით, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა და 18 498 შეადგინა.
ცნობისთვის, მაისში საქართველოს საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა.